სიახლეები

უეფას ვიზიტი გრძელდება

გაუზიარე

როგორც იცით, სუპერთასთან დაკავშირებით თბილისში ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოდან დიდი სტუმრიანობაა. უეფას დელეგაცია და სუპერთასის მონაწილეების, ბარსელონასა და სევილიას წარმომადგენლები ქართული მხარის გაწეული სამუშაოთი კმაყოფილები დარჩენენ. გავესაუბრეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის „სუპერთასი 2015“-ის მოსამზადებელი ჯგუფის კოორდინატორს თამარ ასათიანს : "საკმაოდ ნაყოფიერი ვიზიტი იყო. გუშინ შედგა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა. განიხილეს უსაფრთხოების საკითხი, ასევე, იყო შეხვედრა აკრედიტებულ ზონებთან და მატჩის ბილეთებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება სტიუარდების საკითხზე, თუ რა პროგრამით, რა კრიტერიუმებით ხდება მათი შერჩევა. ამ საკითხის თაობაზე მალე უეფას ამომწურავ ინფორმაციას გადავუგზავნით. დელეგაციის ნაწილმა გუშინ უკვე დატოვა თბილისი, ნაწილი დღეს, გამთენიისას მიემგზავრება. დელეგაციის ხელმძღვანელები, დანიელ რიბეირო და ჯონათან ატკინსონი კი დღეს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან მორიგ შეხვედრას გამართავენ და ხვალ ისინიც გაემგზავრებიან."

შეგახსენებთ, უეფას სუპერთასის თბილისურ მატჩში, რომელიც 11 აგვისტოს დინამო არენაზე გაიმართება, ბარსელონა და სევილია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. თბილისში ყოფნისას კატალონიელები "თბილისი მერიოტში" დაბინავდებიან, ხოლო ანდალუზიელები „ჰოლიდეი ინში“.

პაატა ძნელაძე