სიახლეები

ყველაფერი გამოცდილებამ გადაწყვიტა

გაუზიარე

ლიახვი-ცხუმი 2:0

17 ივნისი. მცხეთა. „მცხეთა პარკი“. 800 მაყურებელი

1:0 რომელაშვილი (4), 2:0 შათირიშვილი (50)

ლიახვი: ჩუჩალოვი, ა. სირბილაძე (ჯელიევი 90), ჩერჩესოვი, მ. ჯიქია, რომელაშვილი, ცარიელაშვილი, ტლაშაძე, ნ. ნოზაძე (გიორგობიანი 75), შათირიშვილი, სადაღაშვილი (იჩქითი 80)

სათადარიგოები: სევასტიანენკო, ზვიადაური, მღებრიშვილი, კოჩიევი

მწვრთნელი: სერგო გაბელაია

ცხუმი: ჩალიგავა, კიკვაძე, მოგელაძე, ჭუმბურიძე, ვ. ონიანი, გ. გოცირიძე, ნ. დოლიძე, ციხელაშვილი (ნ. უგრეხელიძე 55), ღერკენაშვილი, თ. მაჭავარიანი, ნარსია (წულაია 76)

სათადარიგოები: მელაძე, ომანაძე, პოზოიანი, ცეცხლაძე, წიწაკიშვილი

მწვრთნელი: ირაკლი ვასაძე

გაძევება: ჩერჩესოვი (60), კიკვაძე (60)

მსაჯი: ჯენერი ხორავა

ქართული სეზონი ჯერაც არ დასრულებულა – გუშინ მცხეთაში მეორე ლიგიდან პირველში გადასასვლელი პლეი ოფი დაიწყო, რომლის ფორმატსაც კიდევ ერთხელ გაგახსენებთ: მეორე ლიგის სამივე ზონის გამარჯვებული ერთ წრედ ითამაშებს და ორი საუკეთესო შედეგის მქონე გაისად პირველ ლიგაში გამოვა. ცენტრალური ზონის გამარჯვებულ ცხინვალის ლიახვისა და აღმოსავლეთ ზონის ჩემპიონ სოხუმის ცხუმის გარდა, პლეი ოფში დასავლეთ ზონის პირველადგილოსანი ხონის იმერეთიც ითამაშებს.

გუშინ საქმეში ლიახვი და ცხუმი ვიხილეთ. სანამ უშუალოდ თამაშს შევეხებოდეთ, გეტყვით, რომ „მცხეთა პარკზე“ ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო იყო. სტადიონის ტრიბუნაზე რამდენიმე ასეული გულშემატკივარი შეიკრიბა, რაც მცხეთის არენისთვის იშვიათი ამბავია. ცხადია, დამსწრეთა დიდი ნაწილი ფეხბურთელთა ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან შედგებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში ტრიბუნაზე ემოციები დუღდა.

სავსე იყო საპატიო სტუმართა ლოჟაც, სადაც კლუბების ხელმძღვანელთა გარდა, აფხაზეთის მთავრობის მაღალჩინოსნებიც ისხდნენ. იქვე იყო „მცხეთა პარკის“ ბინადარ ვიტ ჯორჯიას პრეზიდენტი გურამ რუხაძეც. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, რომელიც პლეი ოფის ორგანიზატორია, მატჩზე რამდენიმე ათეული სტიუარდი მიავლინა, რომლებიც ორგანიზებულად მუშაობდნენ. 

მატჩს წუთიერი დუმილი უძღოდა, რომელიც თბილისური კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა. თამაშში კი პირველი მნიშვნელოვანი ამბავი უმალვე მოხდა – ლიახველმა ბესიკ რომელაშვილმა თავისიანები თავური დარტყმით დააწინაურა.

ამის შემდეგ ცხინვალური გუნდის წევრებმა აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გადაიტანეს, თუმცა მწვავე კონტრშეტევები გამოსდიოდათ. ცხუმი კი, მართალია, ბურთს ფლობდა, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნა ძალიან უჭირდა – განსაკუთრებით თვალშისაცემი დამაგვირგვინებელ ფაზაში დაშვებული წუნი იყო.

შესვენებამდე ცხუმს რეალური საგოლე შანსი, ფაქტობრივად, არ მისცემია, სამაგიეროდ, ლიახვს შეეძლო ანგარიშის გაზრდა, მაგრამ სოხუმელები კარის ხარიხამ იხსნა.

მთლიანობაში, ცხუმის მდგომარეობა უიმედო არ ჩანდა და გუნდის გულშემატკივრები, რომლებიც ტრიბუნაზე უმრავლესობაში იყვნენ, იმედოვნებდნენ, რომ შესვენების შემდეგ თამაშში გარდატეხა მოხდებოდა. თუმცა მეორე ტაიმი პირველის მსგავსად დაიწყო – ლიახვმა ისევ გაიტანა, ამჯერად ჯარიმიდან და ცხუმი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. თემურ შათირიშვილს მართლაც მოხდენილი საგოლე დარტყმა გამოუვიდა.

ცხინვალელები რომ ამ უპირატესობის ხელიდან გამშვებები არ იყვნენ, ეს მალევე გამოჩნდა. ცხუმი ბევრს ეცადა, მაგრამ მნიშვნელოვან უპირატესობას ვერაფრით დაეუფლა. შეხვედრის ბოლოსკენ ანგარიშის შემცირება შეეძლო შეცვლაზე შესულ ნიკო უგრეხელიძეს, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ალექსანდრ ჩუჩალოვს ვერ აჯობა.

მთლიანობაში, მატჩის ბედი გამოცდილებამ გადაწყვიტა. ცხუმი მთლიანად ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული, მაშინ, როცა ლიახვის შემადგენლობაში უმაღლეს ლიგაში გამოცდილი არაერთი ფეხბურთელი თამაშობს. მათ მხარს უბამენ არცთუ ურიგოდ მოთამაშე ეროვნებით ოსი ლეგიონერები. არც გამოცდილი მწვრთნელის, სერგო გაბელაიას ფაქტორია დასავიწყებელი.

ლიახვი თითქმის პირველლიგელია. სასწაული უნდა მოხდეს, ცხინვალურმა კლუბმა მინიტურნირში მინიმუმ მეორე ადგილი მაინც რომ ვერ დაიკავოს. ცხუმს აღზევების შანსი ჯერ არ დაუკარგავს, მაგრამ იმერეთთან შეხვედრაში გუშინდელზე არანაკლებად უნდა გაუჭირდეს.

20 ივნისს, 17:30-ზე „მცხეთა პარკზე“ ერთმანეთს ლიახვი და იმერეთი დაუპირისპირდებიან, 23 ივნისს კი ამავე დროს ცხუმი-იმერეთის მატჩი გაიმართება.

ლევან ჯანეზაშვილი