სიახლეები

სფფ-ის აკადემია: გამოცდილება სტუმრებისთვის

გაუზიარე

17-18 ივნისს თბილისში ტარდება უეფას მიერ ორგანიზებული გამორჩეული ჭაბუკების საფეხბურთო განვიტარების პროგრამის ვორქშოფი, რომელშიც მონაწილეობენ ამ პროექტში უკვე ჩართული ქვეყნები - საქართველო, მაკედონია, სომხეთი და ასევე ბელარუსი, რომელიც სექტემბერში გახდება ამ პროექტის მეოთხე მონაწილე, მანამდე კი ბელარუსები სტუმრის სტატუსით შემოიფარგლენ და აკვირდებიან, თუ რა სამუშაოებია უკვე შესრულებული საქართველოში და კონკრეტულად რისი გაკეტება მოუწევთ მათ. ცხადია, თბილისშია უეფას მხრიდან ამ პროექტის კურატორი, ფრანგი სპეციალისტი ჟან ფრანსუა დომერგი, რომელიც თავის გუნდთან ერთად ჩამოვიდ ა. სულ თბილისს 25 სტუმარი ეწვია და ისინი ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე ცხოვრობენ, სადაც მათთვის ცხოვრებისა და დასვენების საუკეთესო პირობებია შექმნილი.

მნიშვნელოვანია, რომ ამ ღონისძიებას თბილისი მასპინძლობს, რადგან, ტრადიციულად, ვორკშოფი შვეიცარიაში იმართება, ამჯერად კი, ბატონი დომერგის სურვილი იყო, რომ ამ   აკადემიების წარმომადგენლები თბილისში შეკრებილიყვნენ და ენახათ,  თუ რამხელა პროგრესი აქვს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიას და რომ ამ მხრივ, მუშაობა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს.

გავესაუბრეთ აკადემიის მენეჯერს გიორგი ხაჩიძეს: „განვიხილავთ ჩატარებულ სამუშაოებს, თუ რა გაკეთდა სწორად და სად იყო ხარვეზები, გავითვალისწინებთ ერთმანეთის გამოცდილებას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ მხრივ სწორ გზას რომ ადგას, იქიდანაც ჩანს, რომ თბილისს ერგო ვორკშოფის ჩატარების პატივი. თბილისში არიან რუმინეთის წარმომადგენლებიც, რომლებიც ყველაფერს ადგილზე დააკვირდებიან და შესაძლოა,   მათაც გაუჩნდეთ ამ პროექტის წევრობის სურვილი. ჩატარდება პრაქტიკული ვარჯიშები, რომელშიც, ბუნებრივია, ბატონი დომერგი მიიღებს მონაწილებას - ანალოგიური ვარჯიშებისას, ფრანგი სპეციალისტი ყოველთვის აქტიურადაა ჩართული სამუშაო პროცესში".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია დროებითაა დაბინავებული ნაკრების ბაზაზე, რუსთავში კი საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს ბორის პაიჭაძის სახელობის საფეხბურთო აკადემიის კომპლექსის მშენებლობა, რომელიც აგვისტოში უნდა დასრულდეს. აკადემიის აღსაზრდელებმა ახალი სასწავლო წელი სწორედ იქ უნდა დაიწყონ. კომპლექსი მოიცავს სამ ბუნებრივ და სამ ხელოვნურსაფარიან მოედანს, ჩოგბურთის კორტებს, კალათბურთის დარბაზს, აუზს, ტრენაჟორების დარბაზს და სამედიცინო კაბინეტს.

პაატა ძნელაძე