სიახლეები

ყოველმხრივ გამორჩეული

გაუზიარე

18 ივნისი დავით ყიფიანის დაბადების დღეა. ქართული ფეხბურთის ლეგენდა დღეს 64 წლის შესრულდებოდა. სტატისტიკა გვეუბნება, რომ ყიფიანი საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რამდენჯერმე ვერცხლ-ბრინჯაო, ერთხელ ჩემპიონობა, ორჯერ თასი, ერთხელაც ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოუპოვებია. ევროპის ნაკრებშიც უთამაშია. ეს სტატისტიკაა, ციფრები მეტყველია, მაგრამ მაინც მშრალი.

გულშემატკივარს კი დიდი ფეხბურთელები ჯილდოების გამო არ უყვართ. ვარსკვლავები თამაშით და არა ჯილდოების რაოდენობით იპყრობენ ქომაგთა გულებს. ყიფიანი თავისი ზღაპრული ტექნიკითა და უსაზღვრო ფანტაზიით, ინტელიგენტობით გიზიდავდა. ევროპულ ფეხბურთს იშვიათად ჰყოლია მისი დარი არისტოკრატული მოთამაშე. ყიფო სულ სხვა იყო, ყველასგან სრულიად გამორჩეული თავისი დიაპაზონითა და მასშტაბით. ესპანელ ჟურნალისტს ივან კასტელოს დავესესხოთ: ,,ყიფიანი კავკასიის ზიდანი იყო, ულვაშიანი ფეხბურთელი საქართველოდან, სტალინის სამშობლოდან, სადაც ამაყი ხალხი ცხოვრობს. უდიადესმა ფეხბურთელმა ლამაზი და ტრაგიკული ცხოვრება განვლო, რომელიც 49 წლის ასაკში დასრულდა”. ეს ესპანელი მიმომხილველის სიტყვებია, ესპანეთში კი არასოდეს უჩიოდნენ დიდი ფეხბურთელების სიმცირეს და ეჭვი არაა, მათი ფასიც კარგად იცოდნენ.

ჭეშმარიტად დიდი ფეხბურთელი მაშინ ხარ, როცა მარტო შენი თანამემამულეები როდი გაფასებენ. ჩვენს ათიანს თაყვანისმცემლები არ აკლდა როგორც საბჭოეთში, ისე შორეულ საზღვარგარეთში. თავის დროზე ცნობილმა ჟურნალისტმა იური როსტმა ყიფიანის ფეხბურთიდან ნაადრევ წასვლას ვრცელი და გულისამაჩუყებელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.

მოედნის გარეთაც გამორჩეული იყო თავისი განათლებითა და ინტელექტით. 1976 წელს უელსში, კარდიფ სიტისთან გასვლითი შეხვედრის შემდეგ, მასპინძელთა ერთ-ერთ დირექტორს მატჩისშემდგომ ვახშამზე ყიფიანისთვის ასფუნტიანი ბანკნოტი გაუწოდებია საჩუქრად. ქართველ ფეხბურთელს კალამი მოუმარჯვებია, საკუთარი ავტოგრაფი წაუწერია და საერთო ხარხარში უკან გაუწოდებია მასპინძლისთვის. 

მრავალმხრივ საინტერესო და ხასგასმულად გამორჩეული ინტელექტით, არტისტიზმითა და  ინდივიდუალობით – ასეთი იყო დავით ყიფიანი...