სიახლეები

უცხოური პრესა: შალკესა და შტუტგარტს მჭედლიძე აინტერესებთ

გაუზიარე

გერმანულ და იტალიურ პრესაში საინტერესო ინფორმაციები გაჩნდა: გელზენკირხენის შალკე თავდასხმის გაძლიერებას აპირებს და ორი ფეხბურთელის გადაყვანას აპირებს. ესენი არიან ხორვატი დიუჟე კოპი და ქართველი ლევან მჭედლიძე. 

ეს ფეხბურთელები და ასევე ამერიკელი ბობი ვუდი კიდევ ერთი გერმანული კლუბის – შტუტგარტის სამიზნეზე არიან. 

მჭედლიძეს ემპოლისთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს. მართალია, ლევანს ხშირი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა სერია ა-ში, მაგრამ არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდიც მიეთვლება. გავიხსენოთ ჯენოას კარში გატანილი გოლი აკრობატული დარტყმით და კიდევ, შეცვლაზე შესვლისას უცებ თავის გამოჩენები, ასევე, ბოლო ტურში „სან სიროზე“ ინტერთან შესრულებული დუბლი. 

რაც შეეხება კოპს, ისიც, ლევანის მსგავსად, 25 წლისაა და წლეულს, იანვარში ზაგრების დინამოდან განათხოვრებით გადავიდა იტალიურ კალიარიში. 

დღესდღეობით მჭედლიძე ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ევროპის ტოპ-ოთხეულის ჩემპიონატში თამაშობს, თუმცა სად ემპოლი და სად შალკე, ან თუნდაც შტუტგარტი. მართალია, შტუტგარტი დღესდღეობით შალკეს დონის გუნდი არაა და ბუნდესლიგიდან გავარდნას ძლივს გადაურჩა, მაგრამ სახელი და ტიტულები არ აკლია.   

იტალიური თუტტომერცატო უფრო შორს მიდის და წერს, რომ შალკემ წინასწარი კონტრაქტები გაამზადა მჭედლიძისთვის და კოპისთვის. უკვე კარგია, რომ ორ გერმანულ კლუბს აინტერესებს ქართველი ფორვარდი, თუმცა ჯერ ნუ ვიჩქარებთ – დანარჩენი დროთა განმავლობაში გამოჩნდება...

ილია ნანობაშვილი