სიახლეები

სოლომონ კვირკველია: შეკრებისთვის მზად ვარ

გაუზიარე

როგორც იცით, სოლომონ კვირკველიას განვლილი ორი სანაკრებო მატჩი გაუცდა: 9 ივნისს უკრაინასთან და 13 ივნისს პოლონეთთან. კვირკველიას არყოფნის მიზეზიც დასახელდა – ტრავმა, რომელიც რუსული პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში უფასთან (1:1) მიიღო. 

„სახლში, ოჯახთან ერთად დავისვენე. საქართველოს ნაკრებში თამაში ძალიან მინდოდა, მაგრამ უფასთან მიღებული ტრავმის გამო ვერ შევძელი. ნაკრების სამედიცინო შტაბმა მითხრა, რომ ათი დღე დასვენება მომიწევდა. დღეს კი ექიმებმა მაცნობეს, რომ ყველაფერი ნორმალურადაა. მადლობა ღმერთს, რომ ასეა.

შეკრების დასაწყებად მზად ვარ. რუბინში საკმაოდ ძლიერი სამწვრთნელო შტაბია და მათ კარგად იციან, როდის როგორი ვარჯიშები დაგვჭირდება. ვფიქრობ, მომდევნო სეზონი ჩვენთვის კარგი იქნება, ანუ ყველაფერი უკეთესობისკენ წავა“ - უთხრა სოლომონმა რუბინის ოფიციალურ საიტს. 

29 მატჩი, 1 გოლი – ასეთია რუბინის მცველის სტატისტიკა რუსული პრემიერლიგის გასულ სეზონში. მას მხოლოდ ერთი მატჩი გაუცდა პრემიერლიგაში დისკვალიფიკაციის გამო. 

ილია ნანობაშვილი