სიახლეები

ინტერი ქართველებით თავიდან ივსება - სვანაძემ ბაქოში კასრაძეც წაიყვანა

გაუზიარე

აზერბაინჯანული ინტერი, რომელიც სეზონის დამთავრებისთანავე მწვრთნელმა კახა ცხადაძემ, მცველებმა, ლაშა სალუქვაძემ, ალეკო ამისულაშვილმა და, რაც მთავარია, სპონსორმა, ერთ-ერთმა მსხვილმა აზერბაიჯანულმა ბანკმა დატოვა, უქართველებოდ მაინც არ დარჩა... ისევ ქართველი ზის ინტერის მწვრთნელის სკამზეც _ კახა ცხადაძე ზაურ სვანაძემ შეცვალა, ის მანამდე ცხადაძის თანაშემწე გახლდათ. აზერბაიჯანელები ინტერის მწვრთნელად გიორგი ჩიხრაძის კანდიდატურასაც განიხილავდნენ, რომელიც წინა სეზონში სიმურგს თავკაცობდა, მაგრამ მან საქართველოს ნაკრებში მუშაობა არჩია და ახლა ცხადაძის თანაშემწეა... 

გუშინ კი გადაწყდა, რომ ინტერის ღირსებას მომავლი სეზონიდან დაიცავს მცველი ლაშა კასრაძე. იქამდე ბაქოელებს ახალ კონტრაქტზე მეკარე გიორგი ლომაია შეუთანხმდა, ხოლო უფრო ადრე ამ კლუბს გორის დილას ყოფილი ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი “დაუმეგობრდა”. ინტერთან კონტრაქტი აქვს თავდამსხმელ ბაჩანა ცხადაძეს, მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია, ის კლუბში დარჩება თუ არა. მოკლედ, სვანაძე, კასრაძე, კვეკვესკირი, ლომაია _ ეს ის ქართველები არიან, რომლებიც მომავალ სეზონს ნამდვილად ინტერში ჩაატარებენ, დიდი ალბათობით კი, მათთან იქნება ბაჩანა ცხადაძეც. 

ლაშა კასრაძე ვიტ ჯორჯიას აღზრდილია. მან პროფესიონალი ფეხბურთელის  კარიერა საქართველოს ჩემპიონატში დაიწყო, 2014 წელს კი აზერბაიჯანს, კერძოდ, აზალს მიაშურა. აზალში ის საუკეთესოდ ითვლებოდა და უფრო შეძლებული კლუბების ინტერესის სფეროშიც მოექცა. მას დაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში და ფლანგზეც.

შეგახსენებთ, ბაქოს ინტერი აქამდე აზერბაიჯანში ყველაზე ქართული და ერთ-ერთი წარმატებული გუნდი იყო. ამჟამად საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, კახა ცხადაძის ინტერში მუშაობის პერიოდში ბაქოელებმა 2010 წელს ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს, ხოლო 2011 წელს “თანამეგობრობის თასს” დაეუფლნენ (სხვათა შორის, ამ თასის გათამაშების მეოთხედფინალში ინტერმა სომხური მიკა 4:0 დაამარცხა). ცხადაძე ინტერის ისტორიში ყველაზე წარმატებულ მწვრთნელად ითვლება, ბაქოელებს კი ეიმედებათ, რომ მათი კლუბი მომავალშიც ისევე ითამაშებს, როგორც კახა ცხადაძის თავკაცობისას. 

მოკლედ, წარმატებებს ვუსურვებთ ზაურ სვანაძეს და მის შეგირდებს... 

ლუკა თალაკვაძე