სიახლეები

სანდრო კობახიძე: ისინი დალაგებულნი, ჩვენ – ჯერ დასალაგებლები

გაუზიარე

განვლო კიდევ ორმა სანაკრებო მატჩმა და, სამწუხაროდ, ორივეში დავმარცხდით. ორი განსხვავებული თამაში იყო: უკრაინასთან თუ ბრძოლაში წავაგეთ და საერთო ჯამში მეტოქეზე მეტი საგოლე შანსიც გვქონდა, პოლონეთთან ვერაფერი სასიკეთო – 0:4. გასაგებია, რომ 89-ე წუთამდე მინიმალური სხვაობით ვაგებდით, მაგრამ პირველ ტაიმში მასპინძლებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ და გიორგი ლორიამ რამდენჯერმე გადაგვარჩინა. 

ჩვენ სანდრო კობახიძეს გავესაუბრეთ, რომელიც ახლა თბილისშია. რესპონდენტი შემთხვევით არ შეგვირჩევია: კობახიძემ უკრაინასთან და პოლონეთთან არა ფლანგელ შემტევად, არამედ ცენტრალურ ნახევარმცველად ითამაშა. გარდა ამისა, სანდრო უკრაინასთან მატჩში გამოირჩა იმით, რომ ყველაზე დიდი დისტანცია დაფარა ორივე გუნდიდან, ქართველთაგან საუკეთესო იყო აჩქარებებისა და სპრინტების რაოდენობითაც. 

სტატისტიკა სტატისტიკად, მაგრამ ვერაფერი სანუგეშოა, როცა ასე წააგებ, – გვითხრა სანდრო კობახიძემ – უკრაინასთან და პოლონეთთან თამაშების შედარება მართლაც არამართებულია, სხვადასხვაგვარად უნდა შევაფასოთ. ჩემი აზრით, უკრაინა პოლონეთზე არანაკლებ ძლიერია, მაგრამ მატჩს ეტყობოდა, რომ ამხანაგური იყო და ორივე გუნდი არა მხოლოდ შედეგზე, სხვადასხვა კომპონენტების დახვეწაზეც ფიქრობდა. უკრაინასთან კარგად ვითამაშეთ და ბევრიც არაფრი დაგვაკლდა ფრემდე. აი, პოლონეთთან კი ვერაფერი გავაწყვეთ.  

პოლონელები გაცილებით მეტს მოძრაობდნენ და ბურთს რომ მიიღებდით, მაშინვე გიზღუდავდნენ სივრცეს. თქვენ კი ამას ვერ ახერხებდით. ჩანდა განსხვავება ფიზიკურ ორთაბრძოლებშიც. დაღლილები ხომ არ იყავით უკრაინასთან მატჩის შემდეგ?

შესაძლოა, ეგ მომენტიცაა. გარკვეულწილად დაღლილობა ყველას ეტყობოდა, რადგან სეზონი ახალი დამთავრებულია. უფრო მგონია, რომ მარცხის მიზეზი სხვაა: პოლონეთის ნაკრები დალაგებულია, ჩვენ კი დრო გვჭირდება დასალაგებლად. ბევრი იტყვის, ეს დრო რით ვერ გავიდაო, მაგრამ ჩვენც ამას ვცდილობთ, რომ შევეგუოთ იმ ახალ სტილს, რასაც ნაკრების მწვრთნელი კახა ცხადაძე ითხოვს. პირადად მე მომწონს, რა მიმართულებითაც მიდის ნაკრები. არ მინდა ადრინდელ სტილთან შედარება, რადგან დასკვნის გამოტანა ნაადრევია, მაგრამ ცხადია _ როცა სრულიად ახალ თამაშს ირჩევ და ქმნი, დროც საჭიროა შესაგუებლად. როცა დავლაგდებით, შედეგიც სხვანაირი იქნება. 

ორივე მატჩში ნახევარდაცვის ცენტრში ითამაშე. ალბათ, გაგიჭირდა კიდეც, მით უმეტეს, ისეთ ნაკრებებთან, რომლებიც ფიზიკურად მშვენივრად არიან მომზადებულნი. 

რომ გითხრათ, ცენტრალურ ნახევარმცველად თამაშზე ვგიჟდები-მეთქი, არ ვიქნები მართალი. მთელი ცხოვრება ფლანგელი შემტევი ვარ და, ბუნებრივია, გადაწყობა მთლად იოლი არ ყოფილა. თუმცა ეს ნაკრებია, ამ მხრივ კი კლუბი და ნაკრები განსხვავდებიან. ცხადაძემ ჩათვალა, რომ ცენტრში ვიყავი საჭირო. მთლიანობაში, უკმაყოფილო ვარ ჩემი თამაშით - ეს პოლონეთთან შეხვედრას ეხება. მეტი უნდა გამეკეთებინა.

პოლონეთთან ბოლომდე არ გითამაშია, ბაჩანა ცხადაძემ შეგცვალა...

უბრალოდ, მწვრთნელმა ჩათვალა საჭიროდ, რომ თავდამსხმელი შემოეყვანა. დაღლილობაზე ვერ დავიჩივლებ, ფიზიკურადაც არ მიჭირს და ეს იმიტომ, რომ ვოლინში პრაქტიკა მუდმივად მქონდა. 

ცხადაძემ პოლონეთთან მატჩის შემდეგ რა გითხრათ? გქონდათ საფუძვლიანი საუბარი? 

არა. ყველანი საშინლად განაწყენებულები ვიყავით. გადაწყდა, რომ, როცა თბილისში შევიკრიბებით, მაშინ დავილაპარაკებთ. 

კლუბზეც: ხომ არ არის სიახლეები შენს შესაძლო ტრანსფერზე ან განათხოვრებაზე?

არა მგონია, დნიპროში დავბრუნდე. წავალ იქ, სადაც სათამაშო პრაქტიკის მეტი პერსპექტივა მექნება.

შესაძლოა, ვოლინში იჯარის ვადა გაგიგრძელონ?

არც ეგ არის გამორიცხული. ახლა მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა თუ შემიძლია. ჯერ სიახლე არაფერია. 

ილია ნანობაშვილი