სიახლეები

საოცარი შემოტრიალება - საქართველომ პოლონეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

გაუზიარე
16 ივნისი. თბილისი. „მიხეილ მესხი“. 100 მაყურებელი

საქართველო - პოლონეთი 5:2

0:1 რიჩკოვსკი (5),  0:2 რიჩკოვსკი (23 პენ), 1:2 გოშთელიანი (39), 2:2 კიკნაძე (44), 3:2 გოშთელიანი (60), 4:2 კიკნაძე (65), 5:2 კიკნაძე (75)

საქართველო: ჩოჩიშვილი, კამლაძე (გადრანი 75), მამუჩიშვილი, ნადარაია, კომახიძე (ღვინაშვილი 83), გვარაძე (ნემსაძე 83), ალთუნაშვილი (პაპუაშვილი 85), ბაშალეიშვილი (ბლიაძე 54), კიკნაძე, გოშთელიანი, მიქელთაძე (გაბრიჩიძე 69)

სათადარიგო: ქურდაძე

მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

პოლონეთი: ფრატლაკი, ბორეკი (ვიეჩი 75), ვოლჩაკი, კვასნიევსკი, პურსუკი, ბარტკოვიაკი (ვეიფასი 67), იაგიელო (გრუსჩილი 80), რისკოვსკი, კენძია, პიოტროვსკი

სათადარიგოები: დაბრივსკი, პიესჩინაკი

მწვრთნელი: რაფას იანასი

მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა გუშინ ერთგვარი საფეხბურთო წარმოდგენა დადგა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეკრებილი არცთუ მრავალრიცხოვანი ქომაგი კარგი თამაშით ფრიად ნასიამოვნები დატოვა. პოლონელი თანატოლების სამბურთიანი სხვაობით ძლევა სახუმარო ამბავი არაა. საქმე მხოლოდ ანგარიშში არ გახლავთ, არც იმაში, ჩვენზე გაცილებით დიდი ქვეყნის გუნდი რომ დავამარცხეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ უფრო ისაა, რომ ჩვენმა გუნდმა სტუმრები ყველა სათამაშო კომპონენტში დაჩაგრა და ძალიან სანახაობრივ შეხვედრაში გაიმარჯვა. არანაკლებ საგულისხმოა ისიც, რომ ქართველმა ჭაბუკებმა მოიგეს მატჩში, რომელშიც უკვე 23-ე წუთისათვის 0:2-ს აგებდნენ. ორბურთიანი სხვაობის ,,ამოქაჩვა” მართლაც სასიამოვნო სიურპრიზი იყო, რადგან ნებისყოფის ამგვარი გამოვლინებით ქართული გუნდები ნამდვილად ვერ დაიტრაბახებენ.

პირველი თამაშის შემდეგ ჩვენებს ტრავმირებული მარჯვენა მცველი თვარაძე აკლდათ, რომელიც გუშინ ყავარჯნებით იყო მოსული სტადიონზე. ასევე არ უთამაშია გიორგი ბერიძეს. თავიდან ყველაფერი ისე წარიმართა, ვფიქრობდით, პირველი შეხვედრის მსგავსად, გამარჯვება ამჯერადაც პოლონელებს დარჩებოდათ. ჯერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთისთვის ბრძოლაში ყველას რიჩკოვსკიმ აჯობა და ანგარიში გახსნა, რამდენიმე წუთში კი მან უკვე დუბლი მიითვალა, როდესაც ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი. პენალტი კი მას შემდეგ დაინიშნა, რაც მის მიერვე დარტყმული ბურთი საჯარიმოში მამუჩიშვილს ხელზე მოხვდა.

ამის შემდეგ კი მოედანზე მხოლოდ საქართველოს ნაკრები თამაშობდა, ვასილ მაისურაძის ფეხბურთელებმა ყველა კომპონენტში დაჩაგრეს მეტოქე და ანგარიშის გათანაბრება პირველივე ტაიმში შეძლეს. ჯერ კიკნაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გოლად აქცია გურამ გოშთელიანმა, შემდეგ კი თავად კიკნაძემ გაიტანა. ლოკომოტივის ერთ-ერთი ლიდერი მეკარესთან პირისპირ დარჩა და თავისი შანსი მშვენივრად გამოიყენა.

მეორე ტაიმში ჩვენები სრულად აკონტროლებდნენ სიტუაციას და დიდი სხვაობით გამარჯვება სრულად ასახავს ძალთა თანაფარდობას და მოედანზე განვითარებულ მოვლენებს. ჯერ იყო და, გოშთელიანმა ულამაზესი გოლით დააწინაურა თავისიანები, ნაკრების კაპიტანმა საჯარიმოში მიიღო ბურთი, ძირს დაუშვებლად დაამუშავა და ზუსტი დარტყმით სტუმართა მეკარე უშანსოდ დატოვა. ამის შემდეგ კვლავ გაილაღა გუშინდელი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელმა გიორგი კიკნაძემ _ მან კვლავ გოლით დაასრულა მეკარესთან პირისპირ გასვლა _ 4:2. მატჩის საბოლოო ანგარიში კი კიკნაძემ ალთუნაშვილის კარგად წამოწყებული შეტევის დაგვირგვინებით დააფიქსირა. აქვე უნდა ვთქვათ სანდრო ალთუნაშვილზე, რომელიც გუშინ ძალიან სასარგებლო იყო. ის უნარიანად უძღვებოდა ჩვენების შეტევებს, არც გადაცემებს აგვიანებდა და როცა საჭირო იყო, თავის თავზეც იღებდა თამაშს.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრების თამაშმა ჩაგვისახა იმის იმედი, რომ ამ თაობას კარგი პერსპექტივა აქვს და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა ამ გუნდის მაქსიმუმი არ უნდა იყოს.

პაატა ძნელაძე