სიახლეები

დინამო არენა მშვენდება, დიდი ფეხბურთი ახლოვდება, ბილეთები 22 ივნისიდან გაყიდება

გაუზიარე

უეფას დელეგაციის თბილისში სტუმრობა გრძელდება. გუშინ სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც 11 აგვისტოს თბილისში ჩასატარებელი ევროპის სუპერთასის მატჩის შესახებ ახალი ამბები შევიტყვეთ.

უეფას წარმომადგენლებთან ერთად, თბილისში საკუთარი დელეგაციები მატჩის მონაწილეებმა, ბარსელონამ და სევილიამაც მოავლინეს.

პრესკონფერენციაზე კი მედიის წინაშე წარსდგნენ:
ზვიად სიჭინავა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი;
რევაზ არველაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი;
დავით ნარმანია, თბილისის მერი;
მიხაელ ჰესელშვერდტი, უეფას საკლუბო შეჯიბრებების კომიტეტის თავმჯდომარე;
რამონ პუიოლი, ბარსელონას განვითარების დირექტორი;
ხოსე მარია კრუსი, სევილიას აღმასრულებელი დირექტორი


ზვიად სიჭინავა:
- მოხარული ვარ, რომ აქ ბრძანდებიან როგორც უეფას, ასევე ბარსელონასა და სევილიას წარმომადგენლები. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ თბილისმა ამ ორ დიდ კლუბს, მათ ფანებსა და ყველა სტუმარს საკადრისად უმასპინძლოს. ჩვენთვის  დიდი პატივია და მჯერა, სამაგალითო მასპინძლები ვიქნებით.
რევაზ არველაძე:
- უეფას სუპერთასის მატჩისთვის სამზადისი გრაფიკის მიხედვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს. ვმასპინძლობთ უეფასა და თამაშის მონაწილე კლუბების დელეგაციებს, რათა მათ ჩვენი სამზადისის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ.

დავით ნარმანია:
- მივესალმები თბილისში ჩამოსულ სტუმრებს. ჩემთვის, როგორც თბილისის მერისთვის და ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია ის მოვლენა, რასაც აგვისტოში ვუმასპინძლებთ. ბევრი ქალაქის მერი ინატრებდა ამ ღონისძიებას, ამიტომაც ბედნიერი ვარ, თბილისში ევროპის სუპერთასი ჩემი მერობის დროს რომ ტარდება. უკვე დიდი ხანია, შეიქმნა სპეციალური სახელმწიფო კომისია, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად სრული ძალისხმევით მუშაობს ამ ღონისძიების მაღალ დონეზე ჩასატარებლად. გპირდებით, საამისოდ ძალებს არ დავიშურებთ, ბარსელონასა და სევილიასგან კი ბრწყინვალე სანახაობას ველით და მჯერა, ამას მივიღებთ კიდეც.

რამონ პუიოლი:
- საღამო მშვიდობისა, ბოდიში, რომ ქართული არ ვიცი (ეს სიტყვები მან ქართულ ენაზე წარმოთქვა, ავტ.). მოხარული ვარ, რომ ბარსელონა თბილისში ჩამოვა და თქვენს შესანიშნავ სტადიონზე ითამაშებს. ეს შეხვედრა ქართული ფეხბურთის განვითარებასაც წაადგება.

ხოსე მარია კრუსი:
- ბოდიშს ვიხდი, რომ ბატონი პუიოლის მსგავსად, ქართულად ვერ მოგესალმეთ. უპირველესად, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო. გული მტკივა მსხვერპლზე და გისურვებთ, დროულად გამოსულიყავით ამ შოკიდან. 
ბედნიერი ვარ, ამ ულამაზეს ქალაქში რომ ვიმყოფები. მიხარია, რომ სევილია სწორედ აქ შეხვდება ბარსელონას, ევროპის ბოლო ათწლეულის საუკეთესო კლუბს. ვნახე სტადიონი და ძალიან მოვიხიბლე. მართალია, რეკონსტრუქციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 11 აგვისტოსთვის ყველაფერი რიგზე იქნება. ასევე ზუსტად ვიცი, რომ ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო გარანტირებული იქნება.

ქართული ფეხბურთის შესახებ კი თბილისის დინამოს მეშვეობით მაქვს ინფორმაცია. 1975 წელს სევილია და დინამო შეხვდნენ ერთმანეთს და ეს მატჩი საკუთარი თვალით ვნახე. მინახავს ვიტალი დარასელიას თამაშიც – 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ესპანეთში ჩატარდა. სამწუხაროდ, დარასელია ტრაგიკულად დაიღუპა, ასევე ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან სევილიას ვარსკვლავი ანტონიო პუერტა და ამ ორ კლუბს სწორედ ეს ტრაგედიები აერთიანებს... 

მიხაელ ჰესელშვერდტი:
- დიდი ხანია არ არის, რაც უეფამ ევროპის სუპერთასთან დაკავშირებით მიდგომები შეცვალა და გადავწყვიტეთ, ამ ტურნირმა მთელი ევროპის მასშტაბით იმოგზაუროს. თბილისში ერთმანეთს ორი გამორჩეული კლუბი შეხვდება. ბარსელონამ ბოლო ათ წელიწადში ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ისევე როგორც სევილიამ – ევროპის ლიგა.
ვიცით, როგორი პასუხისმგებლობითა და ენერგიით მუშაობენ საქართველოს მთავრობა და ფეხბურთის ფედერაცია. ჩვენი მხრივ, მათ ყველანაირად გვერდში ვუდგავართ საიმისოდ, რომ მატჩი უნაკლოდ იყოს ორგანიზებული.

შემდეგ შეკითხვების დროც დადგა.

- რა ჯდება სტადიონის რეკონსტრუქცია?

დავით ნარმანია: ქალაქის ბიუჯეტიდან "დინამო არენის" რეკონსტრუქციისთვის 14 მილიონი ლარი იხარჯება, ცენტრალური ბიუჯეტიდან კი 6 მილიონი გადმოირიცხა. ამრიგად, სულ პროექტისთვის 20 მილიონი ლარია განკუთვნილი. 
სამუშაოები ბოლო სტადიაზეა, ახლა ინდივიდუალური სკამების მონტაჟი მიმდინარეობს, ყველა სხვა საქმე კი, ფაქტობრივად, დამთავრებულია. დამონტაჟდა ტურნიკეტები, ახალი განათება, გახმოვანების სისტემა. ჩატარდა კონსტრუქციის გამაგრებითი სამუშაოები, დამონტაჟდა ალტერნატიული ელექტროკვების სისტემა...

აკრედიტაციების გაცემის პროცედურა როგორი იქნება?

ზვიად სიჭინავა:
ამ საკითხზე უეფასთან გავდივართ კონსულტაციებს და 22 ივნისის შემდეგ ყველა დეტალი ცნობილი იქნება. 

რა ზომებს მიმართავთ უსაფრთხოების საკითხის გადასაჭრელად?

ზვიად სიჭინავა:
ამ თემაზეც აქტიურად ვთანამშრომლობთ უეფასთან, რომელიც სტიუარდების მომზადებაში აქტიურ დახმარებას გვიწევს. ვამზადებთ 400-ზე მეტ სტიუარდს, 11 აგვისტოს მატჩზე დაგვეხმარებიან სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული გამოცდილი სტიუარდებიც. ერთი სიტყვით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გერმანიის ნაკრების ვარჯიშზე მომხდარი ფაქტი არ განმეორდეს ან მსგავსი რამ არ მოხდეს. 

თქვენი კლუბის რამდენ გულშემატკივარს ელოდებით თბილისში?

რამონ პუიოლი: სამწუხაროდ, ამ კითხვაზე ახლა ვერ გიპასუხებთ. 

ხოსე მარია კრუსი: როგორც წესი, სევილიას ევროპის სუპერთასზე დაახლოებით ორი ათასი გულშემატკივარი დაჰყვება ხოლმე, მაგრამ იმის გამო, რომ სევილიადან თბილისამდე 6 ათასი კილომეტრია, ალბათ ჩვენი ქალაქიდან ამაზე ნაკლები რაოდენობის სტუმარს უნდა ელოდოთ. 

თუ კლუბებმა ბილეთების კვოტა სრულად ვერ აითვსეს, რა ბედი ეწება დარჩენილ ბილეთებს?

ზვიად სიჭინავა: ჯერ იმას გეტყვით, რომ საიტ www.biletebi.ge-ს 31 ათასი ბილეთის ექსკლუზიურად გაყიდვის უფლება აქვს – ქართველ გულშემატკივარზე. ბარსელონასა და სევილიას ქომაგებზე კი 2700-2700 ბილეთია გამოყოფილი. აქედან გაუყიდავი ბილეთები ჩვენს განკარგულებაში გადმოვა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უფლება ექნება, ისინი კორპორატიულად და არალიმიტირებულად გაყიდოს. 

***

ზვიად სიჭინავას პრეს-კონფერენციის დაწყებამდეც გავესაუბრეთ და სფფ-ის პრეზიდენტმა ევროპის სუპერთასთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა.

"ევროპის სუპერთასი უკვე თბილისშია და იგი გუშინდელ პრესკონფერენციაზეც იყო წარმოდგენილი, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თასები კი აქ თვის ბოლოს გამოიგზავნება და ეს სამი ტიტული საქართველოს მოივლის. ზუსტი მარშრუტი ჯერ უცნობია, მაგრამ უკვე გარკვეულია, რომ თასები საქართველოს 13 რეგიონს მოივლის. მოგზაურობა სიმბოლურად ქართული ფეხბურთის აკვანში – ფოთში – დაიწყება და დედაქალაქში დასრულდება", - გვითხრა ზვიად სიჭინავამ.

11 აგვისტოს მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა კი ვებგვერდ www.biletebi.ge-ზე 22 ივნისს, დილის 9 საათიდან დაიწყება და თითო ადამიანს მხოლოდ 4 ბილეთის შეძენის უფება ექნება. ბილეთების ფასი 15, 30 და 70 ლარი იქნება. 

ლევან ჯანეზაშვილი