სიახლეები

ქართული სეზონი 27-ში მესხზე დაიხურება

გაუზიარე

გუშინ დამთავრდა საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშება და ის ორი მეორე ადგილოსანიც გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი უმაღლესი ლიგის მეთექვსმეტეადგილოსანს სწორედ უმაღლესი ლიგის საგზურისთვის გაეჯიბრება.

პირველი ლიგის ა ჯგუფში მეორე ადგილი თბილისის ლოკომოტივმა დაიკავა, რომელმაც ზუგდიდის ლაზიკას ორი ქულით აჯობა. ბ ჯგუფში კი მეორე ადგილი ბორჯომს ერგო, რომელმაც ქედის ბეთლემთან და გაგრასთან ჭიდილში მოიპოვა პლეი ოფში თამაშის უფლება. ლოკომოტივს ვასილ მაისურაძე თავკაცობს, ბორჯომს კი კობა თედიაშვილი. 

ეს მწვრთნელები 23 მაისს „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ლოკომოტივი და ბორჯომი ერთმატჩიან დუელში გაარკვევენ იმ გუნდის ვინაობას, რომელიც 27 მაისს იმავე სტადიონზე უმაღლესი ლიგის მე-14 გუნდს შეხვდება. 

სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე, მე-14 ადგილის ყველაზე დიდი შანსი ვიტ-ჯორჯიას აქვს, რომელიც დღეისათვის რუსთავის მეტალურგს ერთი ქულით უსწრებს და ბოლო ტურში უკვე უმოტივაციო გორის დილას ეთამაშება. მეტალურგი კი შინ ასევე უმიზნოდ დარჩენილ ქუთაისის ტორპედოს მიიღებს. თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა რუსთაველებისკენ იქნება, რადგანაც ურთიერთშეხვედრაში ვიტ ჯორჯია ერთხელ დაამარცხეს, ხოლო მეორედ ფრე ითამაშეს.

მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე ორივე საფლეიოფო შეხვედრა 16.30 საათზე დაიწყება.   
შეგახსენებთ, რომ უმაღლესი ლიგას უკვე დაემშვიდობა ზესტაფონი, მეორე გავარდნილისა და შესაბამისად, 14-ადგილოსანის ვინაობა კი მეტალურგისა და ვიტ ჯორჯიას დავაში გაირკვევა. პირველი ლიგიდან უმაღლესში კი უკვე დაწინაურდნენ თბილისის საბურთალო და თერჯოლის საპოვნელა. საბურთალო უმაღლესი ლიგის დებიუტანტი იქნება, ხოლო ვიტ ჯორჯია გავარდნის შემთხვევაში პირველ ლიგაში პირველად ჩაქვეითდება. 

მოკლედ, საქართველოში სეზონი 27 მაისს დამთავრდება, 29 მაისს კი იქვე,  მიხეილ მესხზე, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდი დიწყება, სადაც საქართველოს მეტოქეები ესპანელი, პორტუგალიელი და თურქი ჭაბუკები იქნებიან. 

სეზონის ბოლოზე ვთქვით და ისიც გავიხსენოთ, რომ „მიხეილ მესხის“ სტადიონზე 26 მაისს საქართველოს თასის ფინალიც გაიმართება. გუშინდელი წილისყრის შემდეგ გაირკვა, რომ დინამო თბილისსა და სამტრედიას შორის მასპინძლის სტატუსით ისეც ფაქტობრივი მასპინძლები _ დინამოელები ითამაშებენ.

ლუკა თალაკვაძე