სიახლეები

ჭიაბრიშვილმა 14 წლის ფეხბურთელი ათამაშა

გაუზიარე

გუშინ საბურთალომ პირველ ლიგაში ბოლო ტურის მატჩი გამართა და სტუ-ს 2:0 სძლია. როგორც იცით, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს უკვე განაღდებული ჰქონდა უმაღლესის საგზური და ამდენად, ბოლოსწინაადგილოსან სტუ-სთან ბევრი ახალბედა ათამაშა. მათ შორის, ორნი 2000 წელს დაბადებულები... თანაც, საბურთალოს ბევრი ფეხბურთელი ხომ ასაკობრივ ნაკრებშია წასული. 

წარმოიდგინეთ, საბურთალოს ძირითად გუნდში 14 წლის ბავშვმა ითამაშა, თანაც, სრულად ჩაატარა მატჩი. საუბარია ცენტრალურ ნახევარმცველ ვანო ოქროპირიძეზე, რომელიც წლეულს აგვისტოში ხდება 15 წლისა. ის ტრადიციულად საბურთალოს 2000 წელს დაბადებულთა გუნდში თამაშობს, ზოგჯერ ჭაბუკთა ლიგაში იწვევენ, აი, პირველი ლიგა კი... 

სხვათა შორის, ოქროპირიძემ საკმაოდ კარგადაც ითამაშა, არაერთ ეპიზოდში ტექნიკით გამოირჩა და მე-7 წუთზე საგოლე პასიც გააკეთა: მის ჩაწოდებულს ანდრო სოფრომაძემ ლამაზი თავური მიაყოლა - 1:0.  

მეორე გოლი კი 56-ე წუთზე გავიდა და ასევე ლამაზი: დავით ჯიქიამ ოდნავ წინ გამოსული მეკარე დაინახა და ტექნიკურად გადაუგდო ბურთი თავზე. 

გასატანი სტუმრებსაც ჰქონდათ, თუმცა ერთხელ ხარიხას მოარტყეს ბურთი (ეს პირველ ტაიმში), სხვა ეპიზოდებში კი საშემსრულებლო ოსტატობა აკლდებოდათ. 

თამაშის დასრულებამდე 17 წუთი რჩებოდა, როცა ჭიაბრიშვილმა 2000 წელს დაბადებული კიდევ ერთი ბავშვი შემოიყვანა: მეკარე თორნიკე მეგრელიშვილი. რამდენჯერმე მასაც მოუწია თამაშში ჩართვა, ერთხელ კი სახიფათოდ დარტყმული ხელებში შეიმაგრა. 

საბურთალო ახალგაზრდული შემადგენლობით გამოირჩევა, ჭიაბრიშვილმა თითქმის მთლიანად 17-19 წლის ფეხბურთელებით გადაიყვანა გუნდი უმაღლესში. არცთუ იშვიათად უწევდა თამაში 1999 წელს დაბადებულ შიხაშვილს, თუმცა 14 წლის ფეხბურთელზე დაყრდნობა, თანაც 90 წუთით, მართლაც გამოსარჩევი ფაქტია. 

საბურთალომ მეორე ადგილზე გასულ ლოკომოტივს 19 ქულით გაუსწრო, სეზონის 36 მატჩიდან მხოლოდ რვაში ვერ მოიგო - 28 გამარჯვება, 3 ფრე, 5 მარცხი. 

19 მაისი. 17 საათი. „ბენდელას“ სტადიონი

საბურთალო-სტუ 2:0

1:0 სოფრომაძე (7), 2:0 ჯიქია (56)

ილია ნანობაშვილი