სიახლეები

ზურაბ ხიზანიშვილი: თაობა მოდის

გაუზიარე
ზურაბ ხიზანიშვილის სამტრედიაში მისვლა იღბლიანი გამოდგა ამ კლუბისთვის _  ერთი რომ, 26 მაისს სამტრედიელები პირველად ითამაშებენ თასის ფინალში და მეორე _ თუ გაიმარჯვეს, 1995 წლის შემდეგ კვლავ იასპარეზებენ ევროტურნირზე.

სანამ თასის ფინალზე ვისაუბრებთ, მანამდე გკითხავ ჩემპიონატზე, რომლის დასრულებამდე ერთი ტურიღაა დარჩენილი და სამტრედია მე-6 ადგილზეა. ალბათ, მეტის მოლოდინი გქონდათ.

მოლოდინი, რა თქმა უნდა, მეტის გვქონდა, მაგრამ მეორე წრეში ნათელი გახდა, რომ ჩემპიონობისთვის ვერ ვიბრძოლებდით და ძირითადი აქცენტი თასზე გადავიტანეთ. ისე არ გაიგოთ, თითქოს ჩემპიონატის შეხვედრებს სერიოზულად არ ვეკიდებოდით, უბრალოდ, ვხვდებოდით, რომ თასზე უფრო მეტი შანსი გვქონდა და ფსიქოლოგიურად ამ ტურნირზე გადავერთეთ, რამაც შედეგიც მოგვიტანა _ ფინალში ვართ.

სხვა რა მიზეზია, რომ სამტრედია ჩემპიონატს სამეულის მიღმა ასრულებს.

იცით, რომ ამ ფორმაციის სამტრედია პირველ სეზონს ატარებს უმაღლეს ლიგაში და მწვრთნელებსაც მეტი დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ გუნდი თავისი ხედვების შესაბამისად მომართონ, გარდა ამისა, გარკვეულწილად იყო შეთამაშების პრობლემაც.

მომდევნო ჩემპიონატში ეს პრობლემები, წესით, აღარ უნდა გქონდეთ.   

შემადგენლობის შენარჩუნების შემთხვევაში სამტრედიას ნამდვილად აქვს საიმისო რესურსი, რომ ჩემპიონობისთვის იბრძოლოს. გუნდს გამოცდილებაც მოემატა, ნიჭიერი ფეხბურთელებიც მრავლად ჰყავს და სამწვრთნელო შტაბიც პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული.

შენს თამაშზე რას იტყვი? აშკარაა, რომ ტურიდან ტურამდე უმატებდი, მაინც რა დრო დაგჭირდება იმისთვის, რომ ოპტიმალური ფორმა აღიდგინო.

სამწუხაროდ, ვერც ზამთარში და ვერც ზაფხულში სრულყოფილი შეკრება ვერ გავიარე და, რა თქმა უნდა, საუკეთესო ფორმისგან შორს ვიყავი. ამას ისიც დაემატა, რომ დინამოში ყოფნისას მუხლმა ისე შემაწუხა, რომ ვფიქრობდი, კარიერა ხომ არ დავასრულო-მეთქი, მაგრამ სამტრედიამ შემომთავაზა, გუნდს თურქეთში გავყოლოდი და იქ მიმიეღო გადაწყვეტილება. ღვთის წყალობით, მუხლის ტკივილმა გამიარა და უკვე შემიძლია სრული დატვირთვით ვარჯიში და თამაში. იმედი მაქვს, ჯერ კიდევ შევძლებ, გამოვადგე ქართულ ფეხბურთს. 

ალბათ, მოტივაციას ისიც გიძლიერებს, რომ შენი მისვლის შემდეგ სამტრედიაში ალექსანდრე იაშვილიც ჩაირიცხა.

იაშვილის დონის ფეხბურთელის საქართველოში დაბრუნება არა მარტო სამტრედიას, არამედ მთლიანად საქართველოს ჩემპიონატს წაადგება. კაცს უმაღლესი რანგის ლიგაში დიდხანს და წარმატებით უთამაშია და არ არსებობს, სამტრედიას ნებისმიერ ვარჯიშსა თუ თამაშზე ბოლომდე არ დაიხარჯოს. ამასთან, მისგან ახალგაზრდა ფეხბურთელებს ძალიან ბევრის სწავლა შეუძლიათ და, ბუნებრივია, ჩემთვისაც სასიამოვნოა მასთან ერთად თამაში.

თასის ფინალში თქვენი მეტოქე თბილისის დინამოა, რომელიც საქართველოში რიგითი გუნდი არასოდეს იქნება...

დინამო ყოველთვის დინამოდ დარჩება და მას მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებ. რაც შეეხება ფინალს, სამტრედია პირველად გავიდა ფინალში, რაც უკვე წარმატებაა, თუმცა ამით დაკმაყოფილებას ნამდვილად არ ვაპირებთ, ვეცდებით, პირველი ტიტული მოვიპოვოთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები, რომლებიც მუდამ გვერდში გვიდგანან. გაითვალისწინეთ ისიც, რომ სამტრედია ევროტურნირზე მხოლოდ თასის მოგების შემთხვევაში გავა.

სამტრედიაში დარჩენას თუ აპირებ?

კლუბს მალე სეზონის მატჩი ელის და, ბუნებრივია, ყველანი ფინალზე ვართ გადართულები. ფინალის შემდეგ კი ყველაფერს საქმიანად განვსჯით.

საინტერესოა, ზურაბ ხიზანიშვილი საქართველოს ჩემპიონატში რომელ ახალგაზრდა ფეხბურთელებს გამოარჩევს?

სამტრედიაში თამაშობს გიორგი თევზაძე, რომელიც ძალიან ნიჭიერია. ერთ შეხვედრაში ისეთი ლამაზი გოლი გაიტანა, ასეთ გოლს შემთხვევით ვერ გაიტან. არაერთი ნიჭიერი მოთამაშეა დინამოში, ძალიან მომწონს მათე ცინცაძე, რომელიც ისე თამაშობს და ისეა თავის თავში დაჯერებული, თითქოს ოცი წლის კი არ იყოს, არამედ დიდი გამოცდილების მქონე მოთამაშე, რაც ძალიან კარგია. ასევე გამოვარჩევ ოთარ კაკაბაძეს, გიორგი პაპუნაშვილს, ლაშა პარუნაშვილს. ნიკა ჭანტურიასა და ლაშა დვალის სახით კი საქართველოს ნაკრებს მართლაც საიმედო დაცვის ცენტრი ეზრდება.

პაატა ძნელაძე