სიახლეები

გია გეგუჩაძე სახლში დაბრუნდა

გაუზიარე

დინამო თბილისის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გუშინდელ კრებაზე სამსახურიდან დაითხოვა გუნდის მთელი სამწვრთნელო შტაბი _ მთავარი მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი, მისი თანაშემწეები _ სულიკო დავითაშვილი და ირაკლი ჩიტაური, მეკარეების მწვრთნელები _ ზურაბ ქვაჩახია და გელა ჭანტურია, ფიზმომზადების მწვრთნელები _ ბონდო გოცირიძე და იასმინ მუიჯა. ფიფიას ამ რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი გუნდის არადამაკმაყოფილებელი შედეგებია, მისი მოთმინების ფიალა კი კვირა საღამოს მაშინ აივსო, როცა დინამომ ვერც ლანჩხუთის გურია დაამარცხა სტუმრად და ჩემპიონატში მესამე ადგილიც სათუო გაიხადა. ჩემპიონობისთვის ბრძოლას კი დინამოელები ერთი კვირის წინ დაემშვიდობნენ. 

კახა გოგიჩაიშვილი და მისი შტაბი დინამოში 2014 წლის ზაფხულიდან მუშაობდა, გუშინდლიდან კი...    
დინამოში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ცნობები რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, გუშინ კი ყველაფერი ოფიციალურად დადასტურდა: დინამოს ახალი მწვრთნელი გია გეგუჩაძე იქნება, ვისაც გურამ ასპინძელაშვილი და დავით ჯანელიძე დაეხმარებიან. სხვა დამხმარეთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, დინამოში მუშაობას ისევ გააგრძელებს გელა ჭანტურია, ვინც უკვე კარგა ხანია, კლუბში მუშაობს. 

დიახ, ვადასტურებ, რომ დინამოში ვიწყებ მუშაობას. სხვას ჯერ ვერაფერს გეტყვით. ოთხშაბათისთვის კლუბის პრესკონფერენცია იგეგმება და თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მაშინ გიპასუხებთ, _ ჯერჯერობით ასეთი მცირე კომენტარით შემოიფარგლა დინამოს ახალი მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე, ვინც, შეიძლება ითქვას, რომ სახლში დაბრუნდა _ მან ხომ სამწვრთნელო კარიერა დინამოში დაიწყო და პირველ წარმატებასაც ამ კლუბში მიაღწია. 

გია გეგუჩაძე პროფესიულ სამწვრთნელო ასპარეზზე 1999 წელს გამოჩნდა, ის დინამოში ჰოლანდიელი იოჰან ბოსკამის თანაშემწე იყო. დინამოდან წასვლის შემდეგ ბოსკამპმა გეგუჩაძე ერთი პერიოდი ჰოლანდიური კლუბების საქმიანობის გასაცნობადაც  მიიწვია. 2004 წელს გეგუჩაძე დინამოს უკვე მთავარი მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა, მან გუნდის თავკაცის პოსტზე ხორვატი ივო შუშაკი შეცვალა და ქართული ფეხბურთისთვის დღემდე მიუღწეველსაც მიაღწია _ გუნდი უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე ათამაშა. ჯგუფურ ეტაპამდე დინამოელებმა ბელორუსული ბატე, ჩეხური სლავია და პოლონური ვისლა დაამარცხეს. 

გია გეგუჩაძე დინამოს 2005 წლის ბოლოს დაშორდა. 2009-ში ზესტაფონი ჩააბარეს და ამ კლუბს 2011 წელს პირველად მოაპოვებინა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. სხვათა შორის, 2011 წლის ოქროს მედალი თავად გია გეგუჩაძისთვისაც პირველი იყო. მის აქტივშია ასევე 2004 წელს დინამოსთან ერთად მოპოვებული საქართველოს თასი. მის კარიერაში იყო ასევე ქუთაისის ტორპედო და 2013 წელს ერთი სეზონით ისევ ზესატაფონი. 

გია გეგუჩაძე შემტევი, ტექნიკური, მრავალფეროვანი ფეხბურთის მიმდევარია, მისი გუნდები ყოველთვის თვალსასეირო ფეხბურთს თამაშობენ. ის მკაცრი მწვრთნელია და ჟურნალისტებთან დელიკატური ურთიერთობით გამოირჩევა, რაც მისი საქმიანობის კიდევ ერთი დასაფასებელი ნიშანია. 
დინამოში გია გეგუჩაძის ხელმეორე დებიუტი 22 მაისს `დინამო არენაზე~ საჩხერეს ჩიხურასთან მატჩისას შედგება. ახალ სამსახურში გია გეგუჩაძის პირველი დიდი გამოცდა კი 26 მაისს საქართველოს თასის ფინალი იქნება, სადაც დინამოს მეტოქე სამტრედია იქნება.  

კობა ინასარიძე