სიახლეები

ბესიკ შეროზია: ზუგდიდი თავის სათქმელს იტყვის

გაუზიარე
ზუგდიდმა ბოლო თამაშებში აშკარად მოუკლო, თუმცა გუნდის მთავარი მწვრთნელი ბესიკ შეროზია დარწმუნებულია, რომ კლუბი მომდევნო სეზონში გაცილებით კარგ შედეგს აჩვენებს.

აპრილში ზუგდიდს საყვედური არ ეთქმოდა, მაგრამ მერე სამ შეხვედრაში დამარცხდა _ გურიასთან 0:5, დინამოსთან 0:7, სიონთან 1:2...

პირველ რიგში, ეს იმის ბრალია, რომ ფეხბურთელებს მოტივაცია შეუსუსტდათ. ჩვენი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო, რაც წარმატებით შევასრულეთ, ამიტომაც ბოლო შეხვედრებში, ეტყობა, სათანადოდ ვერ განეწყვნენ ფეხბურთელები და ცუდი შედეგიც მივიღეთ. არადა, მაისშიც ისე რომ გვეთამაშა, როგორც აპრილში, სატურნირო ცხრილში გაცილებით უკეთეს პოზიციაზე ვიქნებოდით.

იმის გათვალისწინებით, რომ, როცა გუნდი ჩაიბარეთ, ზუგდიდი ბოლო ადგილზე იყო, გაწეული სამუშაოთი მაინც კმაყოფილი იქნებით.

მთავარ მწვრთნელად მეათე ტურში დავინიშნე, იმ დროისთვის მხოლოდ ოთხი ქულა გვქონდა და ჩვენი ერთადერთი მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო. ეს კი შევძელით, მაგრამ ცხადია, რომ ზუგდიდის მაქსიმუმი ეს არ არის. აქ უამბიციობას არავინ უჩივის, ამიტომაც მომდევნო სეზონში გაცილებით ამბიციური გეგმები გვექნება. დარწმუნებული ვარ, ზუგდიდი თავის სათქმელს იტყვის.

გუნდს ყველაზე ცოტა _ 21 გოლი აქვს გატანილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ თავდასხმაში პრობლემებია.

მართალია, თავდასხმაში აუცილებლად გვჭირდება გაძლიერება, ისევე, როგორც დაცვაში და საამისოდ ფეხბურთელები უკვე შევარჩიე, თუმცა ჩემპიონატის დასრულებამდე მათი გვარების დასახელება სწორი არ იქნება.

პრობლემა, ალბათ, იმანაც შეგიმნათ, რომ ირაკლი ქობალია დაშავდა და სეზონის ბოლომდე ვეღარ გეხმარებოდათ.

ქობალია მეორე წრეში დაგვიბრუნდა და პირველივე შეხვედრაში შუქურასთან გამარჯვების გოლი გაიტანა. მომდევნო მატჩი მეტალურგთან გვქონდა და თამაში ახალი დაწყებული იყო, როცა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო. ჯერაც უცნობია, როდის დაუბრუნდება მოედანს.

ზუგდიდში არაერთი ინფრასტრუქტურული სიახლე იგეგმება _ უნდა აშენდეს თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, საფუძვლიანი რეკონსტრუქცია უნდა ჩაუტარდეს რუხის ბაზას... განმუხურის სტადიონზეც მიმდინარეობს სამუშაოები.

ისეთ საფეხბურთო ქალაქს, როგორიც ზუგდიდია, ეს ყველაფერი არნახულად გამოაცოცხლებს და მთლიანად ქართული ფეხბურთისთვისაც მნიშვნელოვანია ეს პროექტები. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ქალაქის მერიის, საკრებულოსა და მთლიანად ადგილობრივი ხელისუფლების გვერდში დგომა, მათ მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

თქვით, ზუგდიდი მომდევნო სეზონში ამბიციური მიზნებისთვის იბრძოლებსო. მაინც რას მიიჩნევთ ზუგდიდის მაქსიმუმად.

ყოველ შემთხვევაში, იმას არავის ვათქმევინებთ, ზუგდიდი გავარდნის კანდიდატიაო. სულ მცირე, სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში უნდა დავმკვიდრდეთ და, თუ უფრო მაღალ ადგილებზე გასვლის შანსი გაჩნდება, უარს არც ამაზე ვიტყვით.

პაატა ძნელაძე