სიახლეები

აფფ-ს კვლავ მურად ანჯაფარიძე უხელმძღვანელებს

გაუზიარე
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მეხუთე კონფერენცია ჩატარდა. გადაწყდა რომ, ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, მურად ანჯაფარიძე დევნილობაში მყოფ აფხაზურ ფეხბურთს მომდევნო ციკლშიც უხელმძღვანელებს. კონფერენციის დელეგატების მიერ მისი და ზოგადად ფედერაციის გაწეული სამუშაო დადებითად შეფასდა. 

ბატონო მურად, გილოცავთ პრეზიდენტად კიდევ ერთხელ არჩევას...

გმადლობთ. როგორც იცით, ჩავატარეთ ყრილობა, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, ჩვენი ვეტერანი ფეხბურთელები, აფხაზეთის სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელები. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ დელეგატები. ჩემის მხრივ, მეც წარვდექი საანგარიშო მოხსენებით. საერთო ჯამში, ჩვენი ფედერაციის მუშაობა დადებითად შეფასდა. ღია კენჭისყრის შედეგად, დელეგატებმა კიდევ ერთხელ გამომიცხადეს ნდობა. ავირჩიეთ აღმასკომის 10 წევრი და შევქმენით სადისციპლინო და სააპელაციო კომისიები.

აფხაზეთის მთავრობა, როგორც აქამდე, ალბათ ახლაც ითანამშრომლებს თქვენთან...

ცხადია, ჩვენ ყოველთვის ვთანამშრომლობდით. რისი შესაძლობლობაც ჰქონდათ, გვეხმარებოდნენ, ფეხბურთი უყურადღებოდ არასდროს დაუტოვებიათ. მჯერა, მომავალშიც ასე იქნება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც თქვენს გვერდითაა...

რა თქმა უნდა და მადლობის მეტი რა მეთქმის. რა პროექტებიც წარვადგინე, შესაძლებლობების ფარგლებში, უკან არასდროს დაუხევიათ. სფფ-მ რამდენჯერმე გაგვიზარდა ბიუჯეტი და ყველანაირად ჩვენს გვერდითაა. 

გია გვაზავა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აფფ-ს აღმასკომის წევრია. ბატონი გია ფეხბურთის დიდი ქომაგია და მცირე კომენტარს არ დაგვზარდა.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად კიდევ ერთხელ აირჩიეთ მურად ანჯაფარიძე...

მიმაჩნია, რომ ძალიან ღირსეულ ადამიანს კვლავ გამოვუცხადეთ ნდობა. მურად ანჯაფარიძე თავისი საქმიანობით, განვლილი ცხოვრებით, გამოცდილებითა და საქმისადმი დამოკიდებულებით, ნამდვილად საუკეთესო კანდიდატურა გახლდათ. წარმატებებს ვუსურვებ მურადს და მჯერა, კიდევ არაერთ კარგ საქმეს გააკეთებს.

როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, თუ ითანამშრომლებთ ფედერაციასთან და როგორ, რა ფორმით?

სამწუხაროდ, დიდი რესურსი, როგორც უმაღლეს საბჭოს, ისე მინისტრთა კაბინეტს არ გაგვაჩნია, მაგრამ ჩვენ აქამდეც გვერდით ვედექით ფედერაციას და კვლავაც ვითანამშრომლებთ. მე ადრე, 6-7 წლის განმავლობაში ვიყავი სოხუმის ცხუმის პრეზიდენტი და ძალიან მეამაყება, თუნდაც ის ფაქტი, რომ იმ პერიოდში ის ბიჭები, ვინც გუნდში გვყავდა, უბრალოდ, ქუჩას მოვწყვიტეთ. ვიცი, რას ნიშნავს ქართველებისთვის ფეხბურთი და ჩვენი საქმე, ჩვენი ვალია ვიყოთ კულტურისა და სპორტის გვერდით.

გიორგი ვაშაკიძე