სიახლეები

ხვალიდან დილას ერთი დინამოღა გაედევნება

გაუზიარე

არის მცირე შანსი იმისა, რომ სათაურში გამოტანილი სიტყვები არ გამართლდეს, მაგრამ რაკი დილა კოლხეთთან საშინაო მატჩში უპირობო ფავორიტია, სრული უფლება გვაქვს, რომ სწორედ ასეთი ვარაუდი გამოვთქვათ.
ქობულეთში ტურისა და მთლიანად, ჩემპიონატის ერთ-ერთი გადამწყყვეტი მატჩია, რომელიც საჩემპონო შანსებს ან ბათუმის დინამოს დააკარგვინებს, ანაც – თბილისისას. თუ გორელებმა ფოთელებს აჯობეს, ერთპიროვნულ ლიდერობას შეინარჩუნებენ და საჩემპიონო დავაში ერთ მდევარს გარანტირებულად ჩამოიცილებს.
შიდაქართლელთათვის იდეალური ამბავი კი ის იქნება, თავად გაიმარჯვონ, `ჩელე არენაზე~ კი ფრე დაფიქსირდეს. ამ შემთხვევაში წინასწარ შეგვეძლება, დილას პირველი ქართული ოქრო მივულოცოთ.

ვიტ ჯორჯია-შუქურა
8 მაისი 17:00
მცხეთა. "მცხეთა პარკი"
პირველ წრეში: 0:2
დისკვალიფიკაცია: ჩელებაძე (შუქურა)
მსაჯი: ლაშა სილაგავა
უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად არანაკლებ მწვავე ბრძოლაა გაჩაღებული. ზესტაფონის მოხსნამ ვიტ ჯორჯიას უძლიერესთა შორის დარჩენის შანსი ერთიორად გაუზარდა. საკმარისია, ვეტერინარებმა სიონს ან მეტალურგს გაუსწრონ და პლეი ოფში ითამაშებენ, ხოლო თუ ორივე ჩამოიტოვეს, საწადელს ყოველგვარი გადათამაშების გარეშე მიაღწევენ. ყოველივე აქედან გამომდინარე, ზედმეტიც კია იმის ახსნა, თუ რაოდენ ფასეული იქნება დღევანდელი გამარჯვება თენგიზ კობიაშვილის გუნდისთვის.

მერანი-მეტალურგი
8 მაისი 17:00
მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
პირველ წრეში: 2:1
მსაჯი: დავით სანოძე
რომ არა სოლიდური საპირველწრეო მონაგარი, მეტალურგს დიდი ხნის წინ ექნებოდა უმაღლესში დარჩენის იმედი გადაწურული, მაგრამ ნახსენები მიზეზის გამო, ჯერ კიდევ საპლეიოფო ზონაშია. არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ამ ტურის შემდეგ ქვემოქართლელები ცხრილის ფსკერამდე ჩავლენ.

ტორპედო-სიონი
9 მაისი 17:00
ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
პირველ წრეში: 0:1
მსაჯი: ხვიჩა გაგნიძე
ტორპედომ ევროპის ლიგაზე გასვლის შანსი დაკარგა, მაგრამ ამის მიუხედავად, "ქართულ კლასიკოში" დინამო თბილისს შეუპოვრად ებრძოლა. იმედია, ქუთაისელები დღესაც ბოლომდე დაიხარჯებიან და სიონთანაც ხარისხიანად ითამაშებენ. ბოლნისელთათთვის კი თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს. ქუთაისში გამარჯვება მეტად ძნელად განსახორციელებელი ამოცანაა, მაგრამ ლადო ბურდულსა და მის ფეხბურთელებს ფრეზე ფიქრის ფუფუნებაც კი არ აქვთ.

ზუგდიდი-ჩიხურა
9 მაისი 17:00
ზუგდიდი. "ბაიას" ბაზა
პირველ წრეში: 0:1
დისკვალიფიკაცია: ლ. ღონღაძე, მაჩაიძე (ორივე – ზუგდიდი)
მსაჯი: გიორგი დოგრაშვილი
ზუგდიდი თითქმის სამშვიდობოზეა და თუკი სადღეისო მონაგარს ხვალ სამი ქულა შეჰმატა, დაბეჯითებით ვიტყვით, რომ გუნდი, რომელმაც პირველი წრე უკანასკნელ ადგილზე დაასრულა, არ გავარდება. ჩიხურასთვის სეზონი, ფაქტობრივად, დასრულებულია. საჩხერელებმა უპირველესი მიზანი – ევროსარბიელზე გასვლა ვერ განახორციელეს.

დინამო ბთ-დინამო თბ
9 მაისი 17:00
ქობულეთი. "ჩელე არენა"
პირველ წრეში: 1:0
მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი
დინამო თბილისი "ზამთრის ჩემპიონი" გახდა, მაგრამ სეზონის მეორე ნახევარში შედეგიანობას უკლო, მესამე ადგილამდე დაქვეითდა და თუ ხვალაც ხელი მოეცარა, ექსჩემპიონის წოდებაც მიენიჭება. 
ერთი სიტყვით, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდისთვის ხვალ ერთგვარი ღირსების მატჩია. ცხადია, შეხვედრას არანაკლები ფასი აქვს ბათუმელებისთვის. სეზონის დაწყებამდე ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, აჭარული კლუბი უმაღლეს მწვერვალებს თუ შეუტევდა, მაგრამ ფაქტია, ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე ბათუმელები საჩემპიონო შანსს ინარჩუნებენ. აღსანიშნავია, რომ ზღვისპირელებმა ლიდერ დილას ორივე მატჩი მოუგეს, ასევე გაიმარჯვეს "დინამო არენაზე".
წესით, ორივე გუნდმა უნდა გარისკოს და გამარჯვებას შეეცადოს, რაც კარგ სანახაობას უნდა მოასწავებდეს.
ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვნელობის მატჩი ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდება, კარგი კი ის არის, რომ თამაშის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს.

დილა-კოლხეთი
9 მაისი 17:00
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
პირველ წრეში: 1:0
მსაჯი: აბდულა ბასლეჰლო
კოლხეთს ექვსმატჩიანი დაუმარცხებელი სერია მოუგროვდა და ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ გორიც წაუგებლად დატოვოს. მატჩის ფავორიტი კი, ცხადია, დილაა. ყოველი დარჩენილი შეხვედრა გორელთათვის ფინალის ტოლფასია. დილას თავკაც უჩა სოსიაშვილის განკარგულებაში გრძელი სათადარიგოთა სკამია, გორელებს ყველა წამყვანი ფეხბურთელი მწყობრში ჰყავთ, 

გურია-სამტრედია
9 მაისი 17:00
ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
პირველ წრეში: 1:3
დისკვალიფიკაცია: კილაძე, შალამბერიძე (ორივე – გურია), ხიზანიშვილი (სამტრედია)
მსაჯი: ჯენერი ხორავა
სამტრედიასთვის ჩემპიონატში დარჩენილი ყველა მატჩი თასის ფინალისთვის სამზადისს ემსახურება. ზაზა ზამთარაძის გუნდმა მეოთხე ადგილზე გასვლის შანსი, ფაქტობრივად, დაკარგა, ასე რომ, ევროპის ლიგაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავა, 26 მაისს გასამართ ფინალში დინამო თბილისს თუ დაამარცხებს.

ცხინვალი-ზესტაფონი*
3:0 (ტექნიკური)


1. დილა         26 16 6 4 44-20 54
2. დინამო ბთ 26 16 3 7 34-22 51
3. დინამო თბ 26 15 5 6 44-26 50
4. ცხინვალი 26 14 3 9 36-34 45
5. სამტრედია 26 12 6 8 34-23 42
6. ჩიხურა         26 11 6 9 34-30 39
7. გურია         26 9 8 8 30-35 35
8. შუქურა         26 9 7 10 32-35 34
9. ტორპედო 26 8 10 8 34-30 34
10. კოლხეთი 26 8 9 9 27-28 33
11. მერანი         26 8 8 10 23-25 32
12. ზუგდიდი 26 7 8 11 19-34 29
13. ზესტაფონი 26 6 8 12 40-49 26
14. მეტალურგი 26 6 6 14 22-35 24
15. სიონი         26 6 5 15 25-42 23
16. ვიტ ჯორჯია26 6 4 16 26-36 22

* ცხინვალი-ზესტაფონის მატჩის შედეგს ცხრილში ტურის დასრულების შემდეგ ავსახავთ

ბომბარდირები
მოდებაძე (დილა) 13
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 11
დვალი (ზესტაფონი) 10
კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (სიონი) 9

ლევან ჯანეზაშვილი