სიახლეები

პოლონეთში გია გურული გაიხსენეს: "ასეთი ლეგიონერი რომ გვყავდეს"

გაუზიარე

პოლონეთის ყველაზე პოპულარულ სპორტული გამოცემა (სპორტ) გკს კატოვიცეს ყოფილ ლეგიონერს, ქართველ ფორვარდ გია გურულს თბილი სიტყვებით იხსენიებს. გურული 1990-1992 წლებში თამაშობდა გკს კატოვიცეში და მხოლოდ ჩემპიონატის მატჩები რომ ავიღოთ, 36 თამაშში 11 გოლი გაიტანა, თუმცა საგოლე პასებსაც ხშირად აკეთებდა.   

"გკს კატოვიცეს ერთადერთი ლეგიონერი, რომლის სანახავადაც ხალხი პერსონალურად  დადიოდა სტადიონზე, გია გურული გახლდათ. ეს თითქმის 25 წლის წინანდელი ამბავია. გურული თბილისის დინამოდან შეიძინეს. ის სწრაფი, აგრესიული თავდამსხმელი იყო. ყოველთვის იყო იმის განცდა, რომ როცა ის ბურთს მიიღებდა, რაღაც ორიგინალური უნდა გაეკეთებინა. ამიტომაც უყვარდათ გულშემატკივრებს. 

ვისურვებდით, რომ გურულის დონის ლეგიონერები კიდევ გამოჩენილიყვნენ ჩვენს ჩემპიონატში. თუმცა პოლონური კლუბების სატრანსფერო პოლიტიკას რომ ვუყურებთ, მგონი, ზედმეტად ბევრს ვითხოვთ" - წერს პოლონური გამოცემა. 

გურულის გარდა, გკს კატოვიცეში თამაშობდნენ ზაზა რევიშვილი და გია ჯიშკარიანიც. გია გურული კატოვიცედან ფრანგულ ლე ავრში გადავიდა და იქაც კარგი თამაშები ჩაატარა. ის ახლა 51 წლისაა, ხობის კოლხეთს წვრთნის. 

სხვათა შორის, კატოვიცეში ისე აფასებენ, რომ შარშან, როცა 50 წლის გახდა, კლუბის ტელევიზიის წარმომადგენლები საქართველოში ესტუმრნენ და დაბადების დღე მიულოცეს, პლუს, ტელერეპორტაჟიც გააკეთეს.       

ილია ნანობაშვილი