სიახლეები

ქართველები ბაქოს მალე დაშორდებიან

გაუზიარე

"კარიერაში სერიოზული ტრავმა არ მიმიღია და წლეულს უკვე სამჯერ დავშავდი. იანვრის შემდეგ ზედიზედ ხუთჯერაც არ მითამაშია, ამიტომ არც საქართველოს ნაკრებში მომავალ გამოსვლაზე ვიტყვი წინასწარ არაფერს და არც კლუბში თამაშზე" _ საქართველოს ნაკრებში მობრუნებული აზერბაიჯანული ინტერის მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი წლეულს ტრავმებმა მართლაც გააწამა. იანვარში მან მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც თითქმის მთელი თვე გაუცდა, მერე იყო და, კოჭის ტკივილი ზედ გერმანიასთან შესარჩევი მატჩის წინ დაიამა, დაბოლოს, ხსენებული გერმანია, როცა შეხვედრას დასაწყისშივე გამოეთიშა. გერმანიის მერე ალეკო ამისულაშვილმა პირველად ერთი კვირის წინ, აზერბაიჯანის ჩემპიონატში ითამაშა, გუშინ კი ჩვენ გვესაუბრა...

გერმანიასთან მატჩამდე მარცხენა კოჭის ტრავმა ახალმოშუშებული მქონდა და უნებურად ვფრთხილობდი. ვარჯიშებზე და რამდენიმე დღით ადრე მალტასთან ამხანაგური მატჩისას მთელი ძალა მარჯვენა ფეხზე გადამქონდა, ვცდილობდი, დაშავებული კოჭი არ გამემიზეზებინა და გერმანიასთან მთელი ძალით მეთამაშა. სამწუხაროდ, არ გამოვიდა, მატჩის დაწყებისთანავე ბარძაყის კუნთმა მიმტყუნა. თავიდან ვიფიქრე, კუნთი გაწყეტილია, მეთქი, მაგრამ საბედნიეროდ, გადავრჩი. მოგვიანებით ჩატარებულმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ კუნთი დაჭიმული იყო. გაწყვეტილი რომ ყოფილიყო, ჩემთვის სეზონი იქვე დამთავრდებოდა და სექტემბრამდე ვეღარ ვითამაშებდი. არადა, იმ ეპიზოდში როცა დავშავდი, ბარძაყიდან ისეთი ხმა წამოვიდა, აღარც ვფიქრობდი, რომ კუნთი მხოლოდ დაჭიმული შეიძლებოდა ყოფილიყო.

ახლა არაფერი გაწუხებს?

საბედნიეროდ, არაფერი. უკვე ჯანზე ვარ და ინტერის შემადგენლობაში ერთი მატჩი უკვე ჩავატარე. მთელი დატვირთვით ვვარჯიშობ და მომდევნო შეხვედრისთვის ვემზადები.

ინტერი კი აზერბაიჯანის ჩემპიონატში უმოტივაციოდ დარჩა. გუნდი ვეღარც ჩემპიონი გახდება და ვერც მეორე ადგილიდან დაქვეითდება...

მართალია, მაგრამ ჩემპიონობის თეორიული შანსი მაინც შეგვრჩა. ყარაბაღს 8 ქულით კი ჩამოვრჩებით, მაგრამ ერთი თამაშით ნაკლები გვაქვს ჩატარებული, თანაც - ერთმანეთში სათამაშო. ურთიერთშეხვედრა თუ მოვუგეთ და, გარდა ამისა, ყარაბაღმა ერთი სხვა მატჩიც დათმო, ჩემპიონობის კარგი შანსი მოგვეცემა. აი, მესამეადგილოსანი ნეფთჩი კი ინტერს ნამდვილად ვეღარ შეწვდება.

ითქვა, რომ ამ სეზონის შემდეგ ინტერი, შესაძლოა, ქართველებმა დატოვონო, მართალია?

გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, თუმცა კლუბში გარკვეული პრობლემები რომ შეიქმნა, ეს უკვე ყველამ იცის. ინტერი პრეზიდენტმა დატოვა, შესაბამისად, კლუბს აღარც ის ბანკი დააფინანსებს, რომელიც ფულს აქამდე გამოდიოდა. ახლა ცდილობენ, ინტერი სხვა ბანკის პატრონაჟის ქვეშ მოაქციონ, თუმცა რა გამოვა ამ საქმისგან, ვერ გეტყვი.

მწვრთნელი კახა ცხადაძე სეზონის ბოლოს ინტერს ნადვილად დატოვებს. თქვენთან, ინტერის ქართველ ფეხბურთელებთან წასვლა-დარჩენის თემაზე არ ულაპარაკია?

ჩვენ _ მე, ლაშა სალუქვაძესა და გიორგი ლომაიას - ინტერთან კონტრაქტი სეზონის დამთავრებისთანავე გვეწურება და დიდი ალბათობით, ბაქოს დავტოვებთ კიდეც. ბაჩანა ცხადაძეს კი კონტრაქტით ერთი სეზონი კიდევ დარჩა ინტერში სათამაშო.

შეიძლება, რომ კახა ცხადაძემ ინტერი დატოვოს და მისი ვაჟი იქ დარჩეს?

არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. ისე, ინტერში თუ ძველებური ატმოსფერო და პირობები აღარ იქნება, ვეჭვობ, ბაჩანა კონტრაქტის ბოლომდე დარჩეს.

შენს სავარაუდო ახალ კლუბზე ჯერ, ალბათ, არაფერი იცი...

ისე, ჯერ არც ისაა გადაყვეტილი, ინტერს დავტოვებ თუ არა. აქაურობას დიდი ალბათობით დავემშვიდობები, მაგრამ როგორც უნდა იყოს, დღესდღობით ინტერის ფეხბურთელი ვარ. ახალ კლუბებთან მუშაობას კი აგენტი, სავარაუდოდ, ივნისიდან შეუდგება.

მოდი, ორი სიტყვა საქართველოს ნაკრებზეც გვითხარი. როგორც უნდა იყოს, ეროვნულ გუნდს დაახლოებით ორი წელიწადის მერე დაუბრუნდი...

ადრე კარგი თამაშებიც ჰქონდა ნაკრებს, რამდენიმე ამბავი გასახსენებლადაც ღირს, მაგრამ იყო ცუდი მომენტებიც, რაზეც ლაპარაკი აღარ მსურს. ახლა ნაკრების დღევანდელობაზე და მომავალზე უნდა ვიფიქროთ. უწინდელისგან განსხვავებით, დღეს ნაკრების მწვრთნელი ფეხბურთელებს ბურთის კონტროლს და შეტევას გვთხოვს და იმედი მაქვს, მის დავალებას მომდევნო მატჩებში კარგად შევასრულებთ, რაც წარმატებასაც მოგვიტანს.

უახლოეს სანაკრებო მატჩებში, ცხადია, უნდა გელოდოთ...

მოდი, წინასწარ ნუ მალაპარაკებ. კარიერაში ტრავმა არ მქონია და ყველაფერი წლეულს ერთბაშად ამინაზღაურდა. იმედია, ჯანმრთელად ვიქნები და უკრაინასთან და პოლონეთთანაც მთელი ძალით ვითამაშებ.

კობა ინასარიძე