სიახლეები

ირაკლი სირბილაძე: მოვა დრო, ყველაფერს ვიტყვი

გაუზიარე

ირაკლი სირბილაძე 32 წლისაა, თუმცა ფინეთში კვლავაც დაფასებული ფეხბურთელია. წლეულს ის ტურკუს ინტერიდან კუპს-ში გადავიდა და იქაც შედეგიანია. სამი წლის წინ სირბილაძე ფინეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და იმ პერიოდში თემურ ქეცბაიაც იძახებდა ეროვნულ ნაკრებში - ხშირად არა, მაგრამ რამდენიმე თამაშში მისცა შანსი.

ირაკლის ფინეთში დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით:

როგორ მოხდა, რომ ფინეთში უკეთ ათამაშდი, ვიდრე საქართველოში? 10 წლის წინ თბილისის ლოკომოტივში შედეგიანი იყავი, მაგრამ შემდეგ თითქოს არ ჩანდი, სანამ ფინეთში არ წახვედი.

ფინეთში რომ ჩამოვედი, ასმაგად მოტივირებული ვიყავი და მინდოდა, იმ ადამიანებისთვის დამემტკიცებინა ჩემი ძალა, რომლებიც იძახდნენ, სირბილაძე რა ფეხბურთელიაო... ლაპარაკობდნენ ჩემს ზურგსუკან. ამას განსაკუთრებით ვგრძნობდი ლოკომოტივში, როცა მწვრთნელს ეუბნებოდნენ, ეგ რა ფეხბურთელია, რისთვის მოიყვანე და ათამაშებო. კარგად მახსოვს, ბავშვობიდან მოყოლებული რას მიკეთებდნენ.

???

ზოგს ძალიან აღიზიანებდა, რომ კარგად ვთამაშობდი. ბევრი ბავშვის მშობლისგან მესმოდა და ვგრძნობდი, როგორ არ უნდოდათ, რომ მე გამოვჩენილიყავი, რათა თავიანთი შვილები დაწინაურებულიყვნენ. ისეთი ფეხბურთელების მამები ლაპარაკობდნენ, ბურთს რომ ვერ აჩერებდნენ.

ასაკის მომატებას ხომ არ გრძნობ?

საერთოდაც არა. მთავარია, ფორმაში იყო და მოსამზადებელი ეტაპი გაიარო, კარგად ივარჯიშო. ჯანმრთელობა ხელს თუ გიწყობს, ასაკის მატება ვერაფერს დაგაკლებს.

ვიცით, რომ რეჟიმის დამცველი ხარ და რამ შეგიშალა ხელი, რომ უკეთ წარმოგეჩინა თავი კარიერაში?

ბევრმა ადამიანმა შემიშალა ხელი და ამას აუცილებლად ვიტყვი, როცა დრო მოვა. აქვე, იმ პიროვნებებზე ვიტყვი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში: ზაურ სვანაძეს, ნოდარ აკობიას, თემურ ჩხაიძეს, სერგო გაბელაიას, ვაჟა ტოგონიძეს, ავთო ბერიძეს. მათი მადლიერი ვიქნები და ყოველთვის ვიტყვი, რომ თუ რამისთვის მიმიღწევია, მათი დიდი დამსახურებაა.

როგორ ფიქრობ, რატომ მიდიან ფინელი ფეხბურთელები უკეთეს კლუბებში, ვიდრე ჩვენები?

ფინეთში პირობებია იმისთვის, რომ კარგად მოემზადო და შენი შესაძლებლობები ბოლომდე წარმოაჩინო. თანაც, ევროკავშირელები რომ არ ვართ, ესეც ხელისშემშლელია ჩვენთვის, ფინელებისთვის კი პრობლემა არაა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს ფაქტორებიც არაა: ფინეთშიც იზრდებიან კარგი ფეხბურთელები.

ნაკრებში მოხვედრის იმედი? ფიქრობ, რომ კიდევ მოგეცემა შანსი?

ამაზე ვერაფერს გეტყვით. იმედი ყოველთვის მაქვს და დანარჩენს დრო გვაჩვენებს. რაც უნდა მოხდეს, მაინც წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრების მწვღთნელებსა და ფეხბურთელებს. დამიძახებენ თუ არა, ყოველთვის გამიხარდება ჩვენების კარგი თამაში და შედეგი.

ილია ნანობაშვილი