სიახლეები

ჩისკო: ვოცნებობ, დინამოსთან ერთად ტიტულები მწვრთნელის რანგშიც მოვიგო

გაუზიარე
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ყველაზე ძლიერი და შედეგიანი ლეგიონერი, ესპანელი ჩისკო მუნიოსი დინამოდან გასული წლის დეკემბერში ტრიუმფით წავიდა. 34 წლის ფებხურთელი პროფესიონალიზმის განსახიერებაა, რაც საქართველოში გატარებული სამწლიან პერიოდში არაერთხელ დაამტკიცა. 127 მატჩში გატანილი 78 გოლი და არაერთი ტიტული, რომელიც ჩისკომ დინამოსთან ერთად მოიგო, სამუდამოდ დარჩება დინამოს გულშემატკივრის მეხსიერებაში. ესპანელი ლეგიონერი დინამოდან წასვლის შემდეგ სეგუნდა დივიზონის კლუბ ხიმნასტიკში თამაშობს. საინტერესოა, როგორ აგრძელებს კარიერას და რას ფიქრობს დინამოს დღევანდელ მდგომარეობაზე. თბილისური კლუბის ყოფილ კაპიტანს ესპანეთში ბარსელონასა და ბაიერნის დაპირისპირების შემდეგ დავუკავშირდი და ვიდრე უშუალოდ ინტერვიუზე გადავიდოდით, სწორედ ამ მატჩის შეფასება ვთხოვე.

ბაიერნი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ვფიქრობ, ამ ეტაპზე ბარსელონა უფრო ძლიერია. ბარსას ჰყავს ფეხბურთელი, რომლის მსგავსი სხვა არცერთ გუნდში არ თამაშობს, რა თქმა უნდა, მესის ვგულისხმობ, ის მსოფლიოში საუკეთესოა და ეს მიუნხენელებთან მატჩშიც დაამტკიცა. ორი გოლი და საგოლე პასი - ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში ასეთი მოქმედება მხოლოდ გამორჩეულ ფებხურთელებს შეუძლიათ.

ამ გადმოსახედიდან როგორ ფიქრობ, დინამოდან წასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო?

ეს პერსონალური გადაწყვეტილება იყო და ამაზე დიდხანს ვფიქრობდი. მინდოდა, კარიერა დამესრულებინა და მწრთნელის ლიცენზია ამეღო. მომავალში მწვრთნელობას ვაპირებ და მინდა, ცოდნა აქედანვე გავიღრმავო. შესაძლოა, მომავალში ისეც მოხდეს, რომ დინამოში კვლავ დავბრუნდე, ოღონდ ამჯერად მწვრთნელის რანგში.

გენატრება დინამო და საქართველო?

გულწრფელად ვიტყვი, დინამო ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია, სადაც ოდესმე მითამაშია. ეს კლუბი დიდი ევროპული ოჯახის ნაწილია. მენატრებიან ჩემი ყოფილი თანაგუნდელები, მთლიანად დინამოს შემადგენლობა და ყველა თამანშრომელი. დინამოში მომუშავე ადამიანებმა ყველანაირი პირობა შემიქმნეს, რომ თავი სახლში მეგრძნო. ფეხბურთს მიღმა ქართველების სითბო და სტადიონზე "გლადიატორების" გულშემატკივრობა ძალიან მომენატრა.

გაქვს კონტაქტი დინამოს ფებხურთელებთან? რომელ მათგანთან მეგობრობ გამორჩეულად?

ვერავის ვერ გამოვყოფ, ყველასგან თანაბრად დიდ სითბოს და ყურადღებას ვგრძნობდი. დღესაც ასეა, ბიჭებთან ხშირი კონტაქტი მაქვს, თბილისში ბევრი კარგი მეგობარი დავტოვე.

ადევნებ თვალს დინამოს შედეგებს? კლუბს არცთუ კარგი პრიოდი აქვს. ეროვნულ ჩემპიონატში ამჟამად დილა ლიდერობს.

დინამო საკმაოდ ახალგაზრდული გუნდია. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვცდილობ, დინამოს შედეგებს გავეცნო და მოვლენებს თვალი მივადევნო. ბოლო ტურში ტორპედოსთან გამარჯვების შემდეგ ბიჭებს მივულოცე კიდეც. ვფიქრობ, დინამო მოახერხებს და ლიდერობას დაიბრუნებს, სხვაგვარად არც შეიძლება, რადგან ეს კლუბი საქართველოში საუკეთესოა.

ზამთარში შენი და რამდენიმე ფეხბურთელის წასვლის შემდეგ, დინამო ძალიან ახალგაზრდული გუნდი გახდა. როგორ ფიქრობ, რა შანსი აქვს ამ ფორმაციის დინამოს ევროსარბიელზე?

ვფიქრობ, დინამოს წინაშე რთული ამოცანაა. ზაფხულში ევროტურნირებზე წარმატების მიღწევა ალბათ ძნელი იქნება, თუმცა დინამოს შეუძლია წარმატებით თამაში და ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ფეხბურთში სენსაციები ხშირია და დინამოს დონის კლუბები წარმატებას არცთუ იშვიათად აღწევენ.

გასულ წლებში დინამოს და საქართველოს ჩემპიონატის უცვლელი ბომბარდირი იყავი. შენი წასვლის შემდეგ დინამოში ამ მისიას გიორგი პაპუნაშვილი ასრულებს. როგორ დაახასიათებ და შენი აზრით, რამდენად აქვს მას პოტენციალი, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს?

გიორგისთან ერთად ორი წლის განმავლობაში მომიწია თამაშმა. მიხარია, რომ მიმდინარე სეზონში ასეთი შედეგიანია. პაპუნაშვილი გამორჩეული ფეხბურთელია და ვფიქრობ, დინამოს და საქართველოს ნაკრების მთავარი იმედი სწორედ ის უნდა იყოს.

დინამოდან წასვლის შემდეგ თქვი, კარიერას ვასრულებო, ესპანეთში ჩასვლის შემდეგ კი სეგუნდა ბ დივიზიონის მესამე ზონაში მოთამაშე ხიმნასტიკში ჩაირიცხე. ხიმნასტიკი ამ ეტაპზე პირველ ადგილზეა, თუმცა სეგუნდა დივიზიონში გადასასვლელად პლეი ოფის მატჩები გელით...

საქართველოში სწორედ ეს განწყობა მქონდა, ფეხბურთის თამაშს აღარ ვაპირებდი, თუმცა ესპანეთში ჩასვლის შემდეგ გადაწყვეტილება შევცვალე. ვფიქრობ, კარგ გუნდში მოვხვდი, ჩვენს ზონაში პრიველ ადგილზე ვართ და სეგუნდა დივიზონში ჩვენი გადასვლის საკითხი პლეი ოფის მატჩებით გაირკვევა. ხიმნასტიკი კარგი გუნდია და ვფიქრობ, ამ მისიის შესრულება არ გაგვიჭირდება.

ხიმნასტიკის ძირითად შემადგენლობაში არცთუ ხშირად ხვდები. ტრავმა გაწუხებს თუ სხვა მიზეზით არ თამაშობ?

უკანასკნელ მატჩში ვითამაშე და მართალია, დავმარცხდით, თუმცა, ჩვენი ერთადერთი გოლი მე გავიტანე. ისე კი, ტრავმამ შემიშალა ხელი, ზურგი მაწუხებდა და ამ მიზეზით ბევრი მატჩი გამიცდა. ასაკი მემატება და ისეთი ახალგაზრდა აღარ ვარ, ყველა მატჩში რომ ვითამაშო.

რამდენიმე თვის წინ ესპანეთში, 2010/2011 წლების სეზონში სარაგოსასა და ლევანტეს მატჩზე საქმე აღძრეს. ესპანეთის პროკურატურაში ფიქრობდნენ, რომ ეს მატჩი გარიგებული იყო. ამ მატჩის ერთ-ერთი მონაწილე შენც იყავი. შეგიძლია გვითხრა, რა ხდება დღეს ამ საქმესთან დაკავშირებით?

ეს სისულელეა, რადგან საქმე ეხება 5 წლის წინანდელ მატჩს, რომელშიც პირადად მე და ჩემს თანაგუნდელებს არანაირი ბრალი არ მიგვიძღვის. კარგად მახსოვს ეს თამაში, მაგრამ რასაც ჩვენი მისამართით ამბობდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ამ საქმის დეტალებს მეც არ ვიცნობ, რადგან მასში უამრავი ადამიანის გვარი ფიგურირებს.

2014 წლის 11 დეკემბერს საქართველოს სუპერთასის მატჩში ბოლო წუთებზე გატანილი გოლი საკმაოდ ემოციურად აღნიშნე. დინამომ სუპერთასი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ შენი გატანილი გოლით მოიგო. გაიხსენე ის ეპიზოდი, რას ფიქრობდი მაშინ?

ჩემს ცხოვრებაში ეს მომენტი ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეულია. იმ მომენტში ვიტირე, რადგან გოლი ბოლო წუთზე გავიტანე და გუნდს თასის მოგებაში დავეხმარე. თანაც ეს ჩემი უკანასკნელი მატჩი იყო დინამოს შემადგენლობაში. ეს მომენტი და თამაში ერთი დიდი ფილმის ლამაზი დასასრული იყო, რომელიც სამუდამოდ მემახსოვრება.

როცა დინამოში თამაშობდი, ზესტაფონის და დინამოს დაპირისპირება ყოველთვის გამორჩეული იყო, რადგან ეს კლუბი ჩემპიონობისთვის ყოველთვის იბრძოდა. თუ შეიტყვე იმის შესახებ, რომ ზესტაფონი ფინანსური კრიზისის გამო საქართველოს ჩემპიონატიდან მოიხსნა?

ეს ამბავი გავიგე და ძალიან მეწყინა. დინამოში თამაშის დროს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი სწორედ ზესტაფონი იყო და მიუხედავად იმისა, რომ მასთან თამაში ადვილი არ ყოფილა, ის მატჩები ყოველთვის კარგად მახსენდება. ასეთი კლუბის ჩემპიონატიდან გამოთიშვა ჩემპიონატისთვის და ქართული ფეხბურთისთვის ძალიან ცუდია.

რას იტყვი დინამოს ახალი ესპანელი ლეგიონერის, ონვუს შესახებ? იცნობ მას?

სამწუხაროდ, მას პირადად არ ვიცნობ, ამიტომ ონვუზე ბევრი არაფრის თქმა შემიძლია. ვიცი, რომ ოსასუნაში თამაშობდა. წარმატებებს ვუსურვებ დინამოში.

შენი აზრით, დინამოდან რომელიმე ფებხურთელს აქვს პოტენციალი, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ითამაშოს?

კონკრეტულ ფეხბურთელებს არ დავასახელებ, რადგან ისინი ჯერ ძალიან ახალგაზრდები არიან, თუმცა ბევრი შრომის და მონდომების ხარჯზე რამდენიმე მათგანს დიდი ფებხურთის თამაში შეუძლია. ესპანეთის ჩემპიონატი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ლიგაა, ამიტომ იქ მოსახვედრად ბევრი შრომაა საჭირო.

როგორ ფიქრობ, დინამო რომ სეგუნდა დივიზიონში თამაშობდეს, რომელ ადგილზე იქნებოდა?

ასე თქმა ძალიან გამიჭირდება, რადგან დინამოც კარგი გუნდია და სეგუნდაშიც ძლიერი გუნდები თამაშობენ, თუმცა ვიტყვი, რომ გასავარდნ ზონაში ნამდვილად არ იქნებოდა.

ინტერვიუს დასაწყისში თქვი, შესაძლოა, დინამოს მწვრთნელის რანგში დავუბრუნდეო. სამომავლოდ აპირებ პროფესიონალ მწვრთნელად მუშაობას?

ფეხბურთი ჩემი ცხვორებაა და კარიერის დასრულების შემდეგაც ფეხბურთში ვაპირებ ყოფნას. ჩემი ოცნებაა, დინამოსთან ერთად ტიტულები მწვრთნელის რანგშიც მოვიგო. ამის დიდი სურვილი მაქვს, რადგან წლების განმავლობაში ქართველი ხალხისგან, დინამოელებისგან და "გლადიატორებისგან" დიდ სითბოს ვგრძნობდი. თქვენი ქვეყანა და ხალხი ყოველთვის ჩემს გულში იქნება.

საქართველოში გატარებული სამწლიან პერიოდში ჩისკო მუნიოსი ორჯერ გახდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი. ორ-ორჯერ აღმართა საქართველოს ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის თასები, ერთხელ გახდა საქართველოს სუპერთასის მფლობელი და ორჯერ - საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.

დინამოდან წასვლის შემდეგ კი კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ჩისკოს 28-ნომრიანი მაისური სამუდამოდ მის მფლობელობაში გადავიდა, დინამოში ამ ნომრით ვეღარავინ ითამაშებს.

ოთო მუმლაძე