სიახლეები

კანკავა ნეაპოლშიც კანკავა იყო, დნიპრომ სტუმრად სასურველ შედეგს მიაღწია

გაუზიარე

ჯაბა კანკავამ 70 წუთი ითამაშა ნეაპოლის სტადიონ სან პაოლოზე და საკმაოდ კარგადაც. ეს იყო ევროპის ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში, რომელშიც დნიპრო მაგრად დაუდგა ნაპოლის და 1:1 დაასრულა. 

პირველ ტაიმში იტალიელთა კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა დნიპრომ და ამ ერთადერთი დარტყმის ავტორი სწორედ საქართველოს ნაკრების კაპიტანი იყო.   მეკარე ანდუხარმა კანკავას დარტყმული ბურთი ძლივს მოიგერია... ქართველმა საყრდენმა ნახევარმცველმა პირველ ნახევარში გაფრთხილებაც მიიღო. 

თუ აქამდე წყვილის აშკარა ფავორიტად ნაპოლი მიიჩნეოდა, ახლა პროგნოზირებას ძნელადღა გაბედავ. თუ კანკავას გუნდი ფინალში გავა, იქ დიდი ალბათობით სევილიასთან მოუწევს ჭიდილი: ესპანელებმა შინ 3:0 სძლიეს ფიორენტინას. ასეა თუ ისე, ნეაპოლური ფრის შემდეგ კანკავას ევროპა ლიგის ფინალში გასვლა უკვე სავსებით რეალური ჩანს. ყოველ შემთხვევაში, იმაზე გაცილებით უფრო რეალური, ვიდრე ეს გუშინდელ შეხვედრამდე მოჩანდა. 

ილია ნანობაშვილი