სიახლეები

ჩხერიმელას სასჯელი სადისციპლინომ დაუმატა

გაუზიარე

გუშინწინ იყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა პროფესიული სპორტული შეჯიბრებების მონაწილეთა მოსყიდვის ფაქტზე პირველი ლიგის ხარაგაულის ჩხრერიმელას ორი ფეხბურთელი რომ დააკავეს, გუშინ კი იმერული კლუბის ამ გაჭირვებას ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა დაურთო თავსი გადაწყვეტილება.
ხარაგაულის ჩხერიმელას 4 მაისს ხელვაჩაურში, ადგილობრივ მაჭახელასთან კალენდარული შეხვედრა უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ სტუმრები ხელვაჩაურის სტადიონს მატჩის დაწყებამდე სამი წუთით ადრე მიადგნენ. თანაც, ხარაგაულელებმა ხელვაჩაურში სათამაშო ფორმის მხოლოდ ის კომპლექტი წაიღეს, რომელიც მასპინძელთა ფორმის ფერისა გამოდგა. რეგლამენტის თანახმად კი, ერთნაირი მაისურების შემთხვევაში გამოცვლის ვალდებულება სტუმარ გუნდს აქვს. 

მოკლედ, ჩხერიმელამ ხელვაჩაურში დააგვიანა და თან ფორმის პრობლემა შეექმნა. შესაბამისად, მატჩი არ ჩატარდა. სადისციპლინო კომიტეტის გუშინდელ დადგენილებაში კი წერია, რომ სადისციპლინო კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად, კოდექსისა და ჩემპიონატის რეგლამენტის დარღვევისთვის ჩხერიმელას მაჭახელასთან ჩაეთვალა ტექნიკური წაგება 0:3, ხოლო მაჭახელას _ ტექნიკური მოგება. სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ხარაგაულელთა საქმე შემდგომი განხილვისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული სამართლიანობის კომიტეტს გადაეცა. 

ლუკა თალაკვაძე