სიახლეები

გიორგი ჭიაბრიშვილი: ციხეს არავის ვუსურვებ, მაგრამ ფეხბურთიდან უნდა მოიკვეთონ

გაუზიარე

გუშინწინდელ თემას გამოვეხმაურებით. მორიგი დაკავებები ფეხბურთში მოსყიდვის გამო, თავისი ვიდეოფირით – ეს პირველი შემთხვევა არაა და კარგია, რომ ფაქტი დაფიქსირდა, თორემ ისედაც ყველა ხვდებოდა, რომ მსგავსი ამბები ხდებოდა. ეს განსაკუთრებით ეხება პირველ ლიგას. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდე თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ ჩემპიონატში მონაწილე სხვადასხვა გუნდის წარმომადგენლებს, რათა სასურველი ანგარიში (ან სხვა `ცოცხალი~ კომბინაცია) დაფიქსირებულიყო. ასეთი ქმედებები სასჯელის სახით 4-6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ახლა გავესაუბრებით საბურთალოს მთავარ მწვრთნელს გიორგი ჭიაბრიშვილს, რომლის გუნდმაც დიდი უპირატესობით მოიგო პირველი ლიგა და აგვისტოდან უმაღლეს ლიგაში პირველად შეაბიჯებს. 

ამჩნევდით, რომ ამგვარი ამბები ხდებოდა პირველი ლიგის მატჩებში?   

ეჭვის საფუძველი ყველას ჰქონდა: მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, ჟურნალისტებს, გულშემატკივრებს... თუმცა მხოლოდ ეჭვის საფუძველზე ადამიანს ხელს ვერ დაადებ. საამისოდ ფაქტები იყო საჭირო და აი, ვნახეთ კიდეც. ადრეც მითქვამს და გავიმორებ, რომ ამგვარი ავადმყოფური გამოვლინებები უნდა აღიკვეთოს. ყველა წეს-კანონით, ეს კრიმინალია და ეს ადამიანები უნდა მოიკვეთონ ქართული ფეხბურთიდან. ციხეს არავის ვუსურვებ, მაგრამ უნდა მოიკვეთონ, რათა მსგავსი შემთხვევები არ განმეორდეს. 

ადრეც იყო მსგავსი ფაქტები, მაგრამ აი, მაინც განმეორდა. თქვენი აზრით, რა უნდა მოხდეს საიმისოდ, რათა ვეღარ გაბედონ?

ამისთვის საჭიროა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა კეთილი ნება. მათ აქვთ ფაქტები. ვერ წარმომიდგენია, რომ შარშან დაკავებული მსაჯებისგან მთელ რიგ ინფორმაციას ვერ მიიღებდნენ. მათ ალაპარაკებას რა უდგას წინ?! მარტო რამდენიმე მსაჯი, რამდენიმე ფეხბურთელი და რამდენიმე ფუნქციონერი არ იქნება ამ საქმის მოთავე. 

გასაგებია. მთავარი მოქმედი პირები, ანუ დამკვეთები უნდა გამოავლინონ.  

სწორედაც, ზემოდან უნდა დაიწყონ და მოჰყვნენ ყველას, ვინც არ უნდა იყოს. ეს ადამიანები ხელს უშლიან ფეხბურთის განვითარებას. საბურთალომ რა დააშავა, რომელიც სუფთად თამაშობს... ისინი ჩვენც გვიშლიან განვითარებას. მარტო რამდენიმე ადამიანის მხილება საქმეს არ უშველის.             

საბურთალოზეც: საბოლოოდ გადაწყდა, რომ მომდევნო სეზონშიც საბურთალოზე, "ბენდელას" სტადიონზე ითამაშებთ?

დიახ. უახლოეს სეზონში ასე იქნება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა სტადიონი დაათვალიერეს, შენიშვნები მოვისმინეთ და დავალებებიც მივიღეთ. მაგალითად, პირითი ხაზიდან კედლამდე მცირე მანძილია და დაშორება ოთხ მეტრამდე უნდა გაიზარდოს. ეს უსაფრთხოების მიზნით. ჩემი სურვილიც იყო, რომ საბურთალოს ისევ "ბენდელაზე" გაეგრძელებინა თამაში და არა – გლდანში. რატომ? ჯერ ერთი, ამ მოედანს შეჩვეულები ვართ და ეს უპირატესობას მოგვცემს საშინაო მატჩებში. "ბენდელა" ჩვენს სახლად იქცა. 

გასაგებია, რომ ფინანსებს უკავშირდება, მაგრამ ტრიბუნების მომატება ხომ არ იგეგმება? 

ამ ეტაპზე არა, მაგრამ ღმერთმა ქნას, იმდენი გულშემატკივარი მოვიდეს ჩვენს თამაშებზე, რომ ახალი ტრიბუნების აშენება დაგვჭირდეს. თუ დაგვჭირდა, არის საამისო რესურსი და ტერიტორიაც ხელს გვიწყობს. ჯერჯერობით ამის აუცილებლობა არ არის.

ზურაბ მენთეშაშვილმა სეზონის საწყის ტურებში ითამაშა და მძიმე ტრავმა მიიღო. როდის დაიწყებს ვარჯიშს? 

მსუბუქად უკვე დაიწყო. საჩქარო ჯერ არაფერია და, წესით, ზაფხულში მოსამზადებელ ეტაპს რომ დავიწყებთ, მენთეშაშვილიც გუნდთან ერთად ივარჯიშებს. ის დიდი ძალაა საბურთალოსთვის და არა მხოლოდ სათამაშო, არამედ პიროვნული კუთხითაც. მენთეშაშვილის გვერდში ყოფნა ახალგაზრდებისთვის დიდი გამოცდილების მომტანია. 

მენთეშაშვილი რომ არ ჩავთვალოთ, საბურთალომ მთლიანად 17, 18 და 19 წლის ფეხბურთელებით მოიგო პირველი ლიგა. უმაღლესი ლიგისთვის გამოცდილი მოთამაშეების დამატებას არ აპირებთ? 

ყველამ იცით, რომ საბურთალოს აქვს მკაფიო კურსი: ფეხბურთელების აღზრდა. და როგორ ვზრდით, ეს არა მხოლოდ პირველ ლიგაში, არამედ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მატჩებშიც ჩანს. ასაკობრივებში ხომ საბურთალოელები მრავლად არიან და კარგადაც თამაშობენ. ასე რომ, ბირთვი არანაირად არ შეიცვლება, მაგრამ შესაძლოა, ორ პოზიციაზე დავიმატოთ გამოცდილი ფეხბურთელი. და კიდევ, თუ ჩვენი რომელიმე ფეხბურთელი ევროპულ კლუბში გადავა, მაშინ ვიზრუნებთ მისი შემცვლელის მოყვანაზე. 

ილია ნანობაშვილი