სიახლეები

ჯაბა კანკავა: ნაპოლის თამაშით დატკბობას არ ვაპირებთ

გაუზიარე
დღეს დნიპრო ევროპის ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ნაპოლის იტალიაში ეთამაშება. დნიპროელთა ქართველ ლეგიონერ ჯაბა კანკავასაც რთული გამოცდა ელის "სან პაოლოზე", გიჟმაჟი "ტიფოზების" წინ.  

ნაპოლის სახით ნახევარფინალში ძალიან ძლიერი მეტოქე გყავთ.

ნეაპოლელთა რიგებში არაერთი ძლიერი ფეხბურთელი თამაშობს. მარტო გონსალო იგუაინი და მარეკ ჰამშიკი რად ღირს. რაფა ბენიტესის სახით კი უძლიერესი მწვრთნელი ჰყავთ. თუმცა აქ იმისთვის არ ჩამოვსულვართ, რომ ნაპოლის კარგი თამაშით დავტკბეთ. დნიპრომ მიმდინარე ევროტურნირებზე დაამტკიცა, რომ ნებისმიერ გუნდთან შეუძლია თანაბრად თამაში. იმედია, გოლის გატანას შევძლებთ, რაც ასეთ შეხვედრებში ძალიან მნიშვნელოვანია.

იმის გათვალისწინებით, რომ განმეორებითი შეხვედრა უკრაინაშია, პირველ თამაშში ფრე დაგაკმაყოფილებთ?

საერთოდ, "სან პაოლოზე" ფრე ცუდი არ იქნება, მაგრამ გააჩნია თამაში როგორ წავა. მოედანზე ყოველთვის მოსაგებად უნდა გადიოდეს ნებისმიერი ფეხბურთელი. ნებისმიერ შემთხვევაში, არა მგონია, პირველ თამაშში რომელიმე გუნდმა ისეთი უპირატესობა მოიპოვოს, რომ საპასუხო შეხვედრას აზრი დაეკარგოს. ამიტომ, ფინალში გასული გუნდის ვინაობა უკრაინაში გაირკვევა.

როგორც არ უნდა დასრულდეს ნაპოლისთან ორრაუნდიანი დაპირისპირება, დნიპროს გამოსვლა ევროტურნირებზე მაინც წარმატებულად უნდა შეფასდეს...

ნახევარფინალში გასვლა ნამდვილად წარმატებაა, მითუმეტეს ამას ჩვენგან ბევრი არ ელოდა, მაგრამ ახლა ამაზე დაკმაყოფილება არ გვინდა. დნიპროს ნამდვილად ექნება ფინალში გასვლის შანსი. 

ფინალში გასვლის შემთხვევაში მეტოქედ ვის ისურვებ?

ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, რადგან ფინალი კიდევ შორსაა. ისე, ფიორენტინაც და სევილიაც ძლიერი გუნდები არიან. 

პაატა ძნელაძე