სიახლეები

დრო და გამოცდილება - ის, რაც დინამოს სჭირდება

გაუზიარე
თბილისის დინამოში ბოლოხანს ბევრი ცვლილება მოხდა, დაიწყო ახალი, ახალგაზრდული გუნდის შენება, რომელმაც ამ სეზონში რამდენიმე საინტერესო მატჩი შემოგვთავაზა, მაგრამ გუნდს ჯერ სტაბილურობა აკლია, რაც ახალგაზრდული შემადგენლობით უნდა აიხსნას. გუშინ დინამოს მთავარ მწვრთნელს კახა გოგიჩაიშვილს დავუკავშირდით.

თბილისის დინამოსა და ტორპედოს შეხვედრამ გაამართლა გულშემატკივრების იმედი. ამ მოგებით ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნეთ.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ მოგება გვჭირდებოდა და დაძაბულ ბრძოლაში შევძელით სამი ქულის მოპოვება. მთლიანობაში გულშემატკივარმა კარგი თამაში და კარგი გოლები იხილა. ეტყობა, ჩვენ უფრო მოტივირებულები ვიყავით და უფრო მოვინდომეთ. ამიტომაც, ჩემი აზრით, დინამოს გამარჯვება დამსახურებული იყო.

ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურიღა რჩება, დილა კი ოთხი ქულით გისწრებთ. თქვენი აზრით, კონკურენტთან ჩამორჩენის მიზეზი რა არის?

სამწუხაროდ, ბევრ ისეთ შეხვედრაში დავკარგეთ ქულები, რომლებშიც მოგება შეგვეძლო. გორის დილასთან თბილისში 2:2 ნათამაშებ მატჩშიც, ჩემი აზრით, გამარჯვებას ვიმსახურებდით, ქულები დავკარგეთ მარტვილის მერანთანაც. მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ახალი გუნდი კეთდება და ამას გარკვეული დრო სჭირდება. გვაკლია გამოცდილება როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ დონეზე. გარკვეული პრობლემებია დაცვის ხაზსა და საგოლე მომენტების რეალიზაციაში.

მომდევნო ტურში ბათუმის დინამოს სტუმრობთ. თუ ამ შეხვედრაში სამი ქულა ვერ მოიპოვეთ, ფაქტობრივად, საჩემპიონო ბრძოლას ჩამოშორდებით.

გეთანხმებით, ეს თამაში თუ ვერ მოვიგეთ, ჩემპიონობის თეორიული შანსიღა დაგვრჩება. თავის მხრივ, ბათუმელებიც ოქროს მედლებისთვის იბრძვიან და მათაც მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ.

თქვენთვის უსიამოვნო გასახსენებელია, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ ცხინვალთან ჩემპიონატში წაგებულ 1:4-ზე.

სამწუხაროდ, ფეხბურთში მსგავსისგან დაზღვეული არავინაა. პირველი ტაიმი საკმაოდ ნორმალურად ჩავატარეთ და ვიგებდით კიდეც, მაგრამ მეორე ნახევარში ბევრი რამ აღარ გამოგვდიოდა, რამდენიმე მომენტიც გვქონდა, მაგრამ გოლის გატანის პრობლემამ აქაც იჩინა თავი. ბოლოს მთელი გუნდი შეტევაზე ფიქრობდა, დაცვას ნაკლები ყურადღება დავუთმეთ და მატჩის მიწურულს კიდევ ორი ბურთი გავუშვით.

ვიცით, რომ კვიპროსული ანორთოსისი დინამოსა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ორი ფეხბურთელით, ოთარ კაკაბაძით და გიორგი პაპუნაშვილით დაინტერესდა. მართებულად მიგაჩნიათ ასეთი პერსპექტიული ფეხბურთელების კვიპროსის ჩემპიონატში გადასვლა?

ჩემი აზრით, უმჯობესია, ამ ფეხბურთელებმა ჯერ თბილისის დინამოში აიმაღლონ კლასი და შესაბამისი გამოცდილებაც მიიღონ, თუნდაც ევროტურნირებზე თამაშით და მერეღა  წავიდნენ უფრო ძლიერ ჩემპიონატში.

თასის ფინალში გახვედით, სადაც მეტოქედ სამტრედია გეყოლებათ, რომელსაც, დინამოსგან განსხვავებით, გამოცდილება ნამდვილად არ აკლია და თანაც, დიდია იმის ალბათობა, რომ სამტრედიელებისთვის მხოლოდ თასის მოგება იყოს ევროარენაზე გასვლის ერთადერთი შანსი.

ვფიქრობ, ესეც დამატებით ინტრიგას შესძენს თასის ფინალს. სამტრედია კარგი გუნდია, რომლის რიგებში არაერთი ძლიერი ფეხბურთელი თამაშობს, მაგრამ ჩვენ მიზანი ტიტულის მოგებაა და ყველაფერს ვიღონებთ თასის შესანარჩუნებლად.

დინამოს ლეგიონერებზე რას იტყვით, რა შესძინეს მათ გუნდს?

მოდი, დასრულდეს სეზონი და ყველაფერზე დაწვრილებით მაშინ ვისაუბროთ. ამ ეტაპზე ისინი გუნდში არიან და შეძლებისდაგვარად ცდილობენ, დინამოს წარმატება მოუტანონ. 

თქვენი აზრით, ამ ფორმაციის დინამოსგან რას უნდა ველოდოთ ევროტურნირებზე?

როგორც უკვე ვთქვი, ძალიან გვაკლია გამოცდილება, რომელსაც სწორედ ევროტურნირზე შეიძენენ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, ვინ შეგვხვდება კენჭისყრისას.

ისიც ხომ გასათვალისწნებელია, რომ თბილისის დინამოს ქომაგი განსაკუთრებულად მომთხოვნია. 

სხვანაირად ვერც იქნება, მაგრამ გარკვეული დროით ყველამ უნდა დავიცადოთ, რადგან ახალი გუნდი ყალიბდება, ამას კი, ვიმეორებ, ყოველთვის დრო სჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში თავს არ დავზოგავთ და ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი ეტაპი გადავლახოთ.

პაატა ძნელაძე