სიახლეები

გიორგი მერებაშვილი: ოფიში გლადიატორებივით ვიყავით

გაუზიარე

როგორც იცით, გიორგი მერებაშვილი უკლუბოდაა. ბერძნული ირაკლიონის ოფიდან წამოსვლის შემდეგ კარიერას ჯერ ვერსად გააგრძელებდა და ამიტომაც ზაფხულს ელის. ასევე უთამაშებელია მერებაშვილის ყოფილი თანაგუნდელი გიორგი ლორიაც, რომელიც საბერძნეთის საუკეთესო კლუბებს სურთ, მათ შორის, ჩემპიონ ოლიმპიაკოსს. 

მერებაშვილმა ბერძნულ რადიოს განუცხადა, რომ ირაკლიონში თავს მშვენივრად გრძნობდა და მეორე ოჯახი შეიძინა თანაგუნდელების სახით, მაგრამ კლუბის ფინანსურ გაჭირვებას საშველი არ დაადგა. 

"როდესაც ოფიში მოვდიოდი, ბევრი არაფერი ვიცოდი ამ გუნდზე. მართლაც კარგი კოლექტივი დამხვდა, მაგრამ ბოლო პერიოდში იმდენი პრობლემა დაგროვდა, იქ ყოფნა შეუძლებელი გახდა. პრობლემები მხოლოდ მატულობდა. საწყენია, რომ ოფი სუპერლიგაში ვერ დარჩება. ყველა ფეხბურთელი ცდილობდა, უფულობის მიუხედავად, მაქსიმუმი გაეღო. არ გვაინტერესებდა, ვინ იყო მეტოქე, გავდიოდით და ბოლომდე ვიბრძოდით. გლადიატორებივით ვიყავით. 

...მეც უანგაროდ ვცდილობდი გუნდის დახმარებას, მაგრამ ზოგიერთმა ჩემ მიმართ უპატივცემულობა გამოხატა. ოფიში დავბრუნდები თუ არა? რატომაც არა?! ეს კლუბი ჩემს გულში რჩება მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე თვე ვითამაშე. დარწმუნებული ვარ, ოფი სუპერლიგაში დაბრუნდება და იმედია, იმ პოზიციაზე იქნება, რომელსაც იმსახურებს. 

...სად გადავალ, ჯერ არ ვიცი. მაქვს წინადადება საბერძნეთიდან (ერთ-ერთი რეალური ატრომიტოსია – რედ.), მაგრამ სხვა ქვეყნიდან უკეთესი შემოთავაზებაც არის. 

...ლორიამ დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. ძალიან კარგად თამაშობდა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ერთმანეთთან, რადგან მეგობრები ვართ. ლორიამ თავისი თამაშით ცხადყო, რომ ღირსია, ოლიმპიაკოსისა და პაოკის დონის გუნდში მოხვდეს". 

ილია ნანობაშვილი