სიახლეები

დინამომ ტორპედოს თანაბარში მოუგო [ვიდეო მიმოხილვა]

გაუზიარე

თბილისი. “დინამო არენა”. 3 000 ათასი მაყურებელი

დინამო თბ - ტორპედო 3:2

0:1 ადამაძე (10), 1:1 თოთაძე (40), 2:1 პაპუნაშვილი (51) 2:2 ვ. კვარაცხელია (76), 3:2 ჯიღაური (86)

დინამო თბ: დაუშვილი, თოთაძე, რენე ფერეირა, ტაბატაძე, შერგელაშვილი, ცინცაძე, პაპუნაშვილი, ლობჟანიძე (ჯიღაური 68), კიტეიშვილი (ჩირგაძე 80), მანუელი (ბუკორაცი 75), ჭანტურიშვილი 

სათადარიგოები: ჰრდლიჩკა, გველესიანი, ჯანელიძე, პარუნაშვილი

მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი

ტორპედო: შეყრილაძე, ადამაძე, ზ. ჭელიძე, მირცხულავა (პუხაევი 56), ქიმაძე, მამასახლისი, 
კლიმიაშვილი (ვ. კვარაცხელია 61), კირკიტაძე, იოსელიანი, ზივზივაძე, ტუღუში (ბაბუნაშვილი 73)

სათადარიგოები: შევჩენკო, ქებაძე, ადამაშვილი, მახვილაძე

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

გაფრთხილება: ტუღუში (13), მანუელი (29), კლიმიაშვილი (56)

მსაჯი: ლევან კვარაცხელია

ბოლო დროს მომძლავრებული ტორპედო და ფსიქოლოგიურად გატეხილი დინამო _ აი, ასეთი მოცემულობით შეხვდნენ ეს გუნდები მორიგ ქართულ კლასიკოს. ტორპედო ზამთარს აქეთ რომ სულ სხვა გუნდია და ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, ეს სტატისტიკიდანაც კარგად ჩანს. დინამომ კი ტორპედომდე ცხინვალთან ისეთი სამარცხვინო მარცხი იწვნია, დავიწყებას კარგა ხანი დასჭირდება. 
შეხვედრას დაახლოებით სამი ათასამდე ქომაგი ესწრებოდა, ტორპედოს ერთგულებს კი აღმოსავლეთ ტრიბინაზე ერთი სექტორი ლამის ბოლომდე შეევსოთ, რაც საქართველოს ჩემპიონატის მატჩის კვალობაზე ცოტა ნამდვილად არ არის. მატჩიც ისე დაიწყო, იმ ქუთაისელმა ქომაგებმა მალევე გაიხარეს და ლამის მოედანზე გადახტნენ... მატჩის დაწყებიდან ათი წუთი რომ მიილია, კლიმიაშვილმა ბურთი კუთხურიდან ჩააწოდა, სადღაც პენალტის ნიშნულთან კი ადამაძემ რენეს აჯობა და თავისიანები თავურით დააწინაურა. 
გაშვებული გოლის შემდეგ დინამო გახელდა და პრინციპულ მეტოქეს ისე ეკვეთა, საკუთრ კარი აღარც ახსოვდა. დინამო მოედნის სრული ბატონ-პატრონი გახდა, თუმცა რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი ქარს გაატანა. მარჯვნიდან პაპუნაშვილი აქტიურობდა, ტორპედოელებს მისი შეჩერება უჭირდათ და ამას თუ ახერხებდნენ, წესების დარღვევით. ერთი ასეთი ჯარიმა მასპინძლებს პაპუნაშვილმა ზედ საჯარიმოს ხაზზე მოუპოვა. თოთაძემ ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ ბურთი ქუთაისურმა "კედელმა" აისხლიტა. დინამოელები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა მათ ყური არ ათხოვა. ისე, ერთი საეჭვო ეპიზოდი დინამოელთა კართანაც შეიქმნა, მაგრამ მაგრამ კვარაცხელიამ იმ ეპიზოდშიც წაუყრუა. 
საგოლედ ჩინებული მომენტები ჰქონდათ იგივე პაპუნაშვილს, მანუელს, ცინცაძეს, მაგრამ ბოლოს მასპინძელთა ცენტრალურმა მცველმა თოთაძემ გაიტანა, თანაც ერთობ კურიოზულად. მან შეყრილაძეს ჯარიმა დაახლოებით 40 მეტრიდან დაურტყა, ქუთაისელი კი ბურთს ეტყობა არ ელოდა, ნახტომი დაუგვიანდა და ბოლოს ბურთიანად კარში აღმოჩნდა. დინამოს ფანობამ ისე გაიხარა, მათგან ერთი სტრიკერიც აღმოჩნდა. ბოლო დროს როგორც ხდება ხოლმე, ქომაგი პოლიციელებსა თუ სტიუარდებს მარტივად დაუსხლტდა და გოლი თოთაძესთან ერთად აღნიშნა. 
დინამოელებს დაწინაურებაც მალევე შეეძლო, მაგრამ მერე უკვე შეყრილაძემ იყოჩაღა. ეს მომენტები კი არაფერი იყო იმასთან შედარებით, როგორიც კლიმიაშვილის პასის შემდეგ ზივზიბაძეს შეექმნა. ტორპედოს შემტევი დინამოს მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა მას ვეღარ აჯობა. სხვათა შორის, დინამოს სლოვაკი მეკარე ჰრდლიჩკა ტორპედოსთან სათადარიგოთა სკამზე იჯდა და ეჭვი გვაქვს, მომდევნო მატჩებშიც ასე იქნება. 
შესვენების შემდეგ თამაში ახალგანახლებული იყო, როცა მანუელმა ჩინებული პასით შეყრილაძესთან პირისპირ პაპუნაშვილი დატოვა. მან კი მეკარეც უკან მოიტოვა და ცარიელ კარში გაიტანა. დინამომ ანგარიში სათავისოდ შეატრიალა, თუმცა მთავარი ამბები თურმე კიდევ წინ იყო. ტორპედომ მატჩის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრა - კირკიტაძის ჩაწოდებულ შეცვლაზე ასევე 15 წუთის შესულმა კვარაცხელიამ შეაგება თავი და ბურთი დაუშვილისგან შორეულ კუთხეში შეაგდო. ლამაზი გოლი კი იყო. 
თამაში თითქოს ლოგიკური ფრისკენ მიდიოდა და ჩანდა, თანაბარი თამაშის შემდეგ მეტოქეები ქულების გაყოფას შეეგუვნენო, თუმცა ჯიღაური სხვანაირად ფიქრობდა. მარცხენა ფლანგიდან შერგელაშვილის ჩაწოდებულს კარის წინ ჯიღაური დახვდა და გატანაც არ გასჭირვებია. ტორპედომ კი სცადა ერთხელაც გათანაბრება და ზივზივაძე მიზანთან ახლოც იყო, მაგრამ ბოლო მომენტში აღარ გაუმართლა. მეტის დროს კი ქუთაისელებს აღარც ჰქონიათ...
ამ მოგებით დინამომ ჩემპიონობის შანსი კი დაიტოვა, მაგრამ რა გამოუვა, ძნელი სათქმელია. დილა დარჩენილ ტურებში ოთხქულიანი ჰანდიკაპის გამფლანგველი არ ჩანს, თანაც მომდევნო უქმეებზე დინამო ქობულეთში ბათუმის დინამოს უნდა ესტუმროს.

ლუკა თალაკვაძე