სიახლეები

ბათუმელები გორელთა დევნას განაგრძობენ

გაუზიარე

ჩიხურა-დინამო ბთ 0:1

2 მაისი. ივანწმინდა. ცენტრალური. 400 მაყურებელი

ჩიხურა: ქვილითაია, თ. ღონღაძე, ბაჯელიძე, ლუბჩაკი, კორიფაძე, ჩიკვაიძე, განუგრავა, სარდალიშვილი, ივანიშვილი (დეკანოიძე 63), კუჭუხიძე, მუმლაძე 

სათადარიგოები: ზარქუა, ლ. ჭელიძე, კაკაშვილი, ტროიანოვსკი, დობროვოლსკი, ოდიკაძე

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

დინამო ბთ: მამინაშვილი, ნ. ქორიძე, ტეტუნაშვილი, ბ. მახარაძე, სუხიაშვილი, მგელაძე, გოგიტიძე, ქავთარაძე, თევდორაძე (დიასამიძე 78), ტატანაშვილი (აბუსელიძე 87), ბერიაშვილი (ფარტენაძე 90)

სათადარიგო: შოვნაძე, ა. მუჯირი, მაკარიანი, აშბა

მწვრთნელი: ასლან ბალაძე

გაფრთხილება: თევდორაძე (40), ჩიკვაიძე (59), დეკანოიძე (64), მუმლაძე (88), სუხიაშვილი (89)

მსაჯი: ჯენერი ხორავა

საჩხერის ჩიხურას მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ სასტარტო შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა და გუნდის რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი თადარიგში დატოვა, ბათუმელებს კი ტრავმების გამო ოთხი ფეხბურთელი აკლდა. 
საჩხერლებმა სათასო ნახევარფინალში სამტრედიასთან ორივე თამაში წააგეს, ბათუმელებთან განცდილი მარცხით კი ევროსაგზურს საბოლოოდ დაემშვიდობნენ. ზღვისპირელები კი წარმატებულ გამოსვლას აგრძელებენ  და ჩემპიონობისთვის იბრძვიან. 
უკვე მეხუთე წუთზე თევდორაძის გადაცემის შემდეგ ხელსაყრელ პოზიციაზე იყო ბერიაშვილი, თუმცა მის დარტყმულს ბაჯელიძე გადაეღობა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. მე-11-ე წუთზე კი საჩხერლებმა საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს და ჩიკვაიძის შესრულებული ჯარიმა კარს ზემოდან გადაევლო. მალევე სარდალიშვილმა ჩამოიცილა ერთი მეტოქე და მამინაშვილს ახლო კუთხეში დაურტყა, მაგრამ ბათუმელთა მეკარე ბურთს ადგილზე დახვდა. 22-ე წუთზე სარდალიშვილმა ქუსლით ეფექტური პასი მისცა საჯარიმოში კუჭუხიძეს, თუმცა მან კარში ძალზე უხეიროდ დაარტყა. იმავ სარდალიშვილს მეკარესთან პირისპირ გაჰყავდა მუმლაძე, მაგრამ იგი ბურთს ვერ შეწვდა. ამის  შემდეგ განუგრავას შორიდან დარტყმული იყო, რომელიც  კარის ჩარჩოს ასცდა. 35-ე წუთზე თევდორაძემ ქავთარაძე მოძებნა, რომელმაც კარში დარტყმა დააყოვნა და საჩხერლებმა ბურთი აართვეს. 
გუნდებმა მეორე ნახევარი იგივე შემადგენლობებით დაიწყეს და მატჩის სცენარიც იგივე იყო. სტუმრები მეორე ნომრად თამაშობდნენ და თავიანთ შანს ელოდნენ. ეს შანსი 55-ე წუთზე მიიღეს და გამოიყენეს კიდეც. მარჯვენა ფრთიდან ქავთარაძემ საჯარიმოში ჩააწოდა, საჩხრელ ცენტრალურ მცველებს მგელაძემ აჯობა და თავით ქვილითაიას აუღებელი დაურტყა - 0:1. 
გოლის შემდეგ მასპინძლები შეტევაში ოდნავ გააქტიურდნენ. კუჭუხიძის გადაცემის მერე ივანიშვილმა დაარტყა კარში, თუმცა მამინაშვილს აღება არც ამჯერად გაჭირვებია. უნდა ითქვას, რომ მამინაშვილმა მთელი შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა და ტრავმირებული ალავიძე ღირსეულად შეცვალა. 65-ე წუთზე ჩიკვაიძემ გამჭოლი გადაცემა გააკეთა საჯარიმოში და ბათუმელებმა ხიფათი იმით აირიდეს, რომ ბურთი კუთხურზე მოიგერიეს. 69-ე წუთზე კი საჩხერლები კიდევ ერთ გოლს გადარჩნენ. ტატანაშვილმა გონივრული გადაცემა გააკეთა ბერიაშვილის მისამართით და იგი მეკარეს პირისპირ შეატოვა, თუმცა სტუმართა ფორვარდმა ბურთის თავზე გადაგდება მოინდომა და კარსაც გადააცილა. ხუთ წუთში კორიფაძემ ჩააწოდა საჯარიმოში, მუმლაძემ ბურთს მიწაძზ დაუშვებლად ამოსცხო, მაგრამ კვლავ მცველებმა ითამაშეს საიმედოდ და კუთხურზე მოიგერიეს. 
მე-80 წუთზე კი საჩხერლები პენალტს ითხოვდნენ - კორიფაძის ჩაწოდების მერე დიასამიძეს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, თუმცა მატჩის არბიტმა თამაშის გაგრძელება ბრძანა. 86-ე წუთზე ბათუმელებმა კინაღამ დაკარგეს ძვირფასი ქულები - განუგრავას ჩაწოდებულს მუმლაძემ თავი დაჰკრა და ბურთი კარს მცირედით აცდა. მატჩი დასრულდა და ბათუმელთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ დინამოს ასამდე გულშემატკივარი ჩამოჰყვა, ისინი მთელი შეხვედრის განმავლობაში მხურვალედ გულშემატკივრობდნენ საყვარელ გუნდს და გამარჯვებაც დაიმსახურეს.

მატჩის შემდეგ

სოსო ფრუიძე: "წასაგები თამაში ნამდვილად არ იყო. უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ ეს შედეგში ვერ ავსახეთ. მეტოქე მეორე ნომრად თამაშობდა და ის შეტევა, რომელიც ჩვენ გამოგვეპარა, სამწუხაროდ, გოლად აქციეს. რაც შეეხება გადახალისებულ შემადგენლობას, ჩვენ ტორპედოსთან და სამტრედიასთან მძიმე ბრძოლები გადავიტანეთ და ამან ფეხბურთელებს დიდი ძალა წაართვა, ამიტომ ვინც უკეთეს ფიზიკურ კონდეციაში იყო, ის ვათამაშეთ".

ასლან ბალაძე: "ძალიან მძიმე თამაში იყო. ძირითადის ოთხი ფეხბურთელი გვაკლდა, რაც ჩვენი გუნდისათვის მძიმე დანაკლისია. ჩიხურა ძლიერი გუნდია, თუმცა ბიჭების მონდომებით სასურველ გამარჯვებას მივაღწიეთ".

ნუკრი ლოლაძე ივანწმინდიდან