სიახლეები

ვისაც ჩააცვა, იმან გახადა ...

გაუზიარე

სამტრედია - კოლხეთი  1:1

2 მაისი. სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“.  1200 მაყურებელი

1:0 გრიგალაშვილი (44), 1:1 სიჭინავა (69)

სამტრედია: თევდორაძე, ხიზანიშვილი, კვირკველია, თევდორე გრიგალაშვილი, 
ბეჭვაია, დათუნაიშვილი (ბოლქვაძე 80), გორგიაშვილი, დოლიძე, იაშვილი (გაბედავა 81), გეწაძე, ი. კერძევაძე (კაპანაძე 67) 

სათადარიგოები: მუჯრიშვილი, შალიკაშვილი, ა. გურული, გ. თევზაძე

მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

კოლხეთი: სეფიაშვილი, კილასონია, ზ. თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა, შენგელია, გოგონაია, ჟიშკარიანი (ამბროლაძე 81), გიგაური (კ. ბარამიძე 87), თ. კაკულია (ნ. სიჭინავა 62), გურეშიძე

სათადარიგოები: ძაგანია, ჩადუნელი, ქორჩილავა, ლ. კაკულია

მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი

მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი

გაფრთხილება: ხიზანიშვილი (54), გიგაური(78), კაპანაძე (90)

ის,  რაც „ეროსი მანჯგალაძეზე“  ვიხილეთ, სხვაგან, ალბათ, არც მომხდარა. მეტოქეები მოედანზე ერთი გუნდის - სამტრედიის ფორმაში გამოწყობილები გამოვიდნენ.  გაგიკვირდებათ, მაგრამ მართლა ასე იყო. თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გაირკვა, რომ  ფორმა, რომლითაც კოლხები აპირებდნენ ბურთაობას, მეტნაკლებად წააგავდა მასპინძლებისას. მსაჯებმა სტუმრებს არჩევანი დაუწუნეს, ჩემპიონატის დებულება მოიშველიეს და ფორმის შეცვლა მოსთხოვეს, მაგრამ კოლხებს  სათადარიგო ეკიპირება არ აღმოაჩნდათ. ამის გამო მატჩს ჩაშლაც კი დაემუქრა. კურიოზული სიტუაციიდან გამოსავალი მაინც მოიძებნა - სამტრედიელებმა თავისი ფორმა (პირველ წრეში რომ თამაშობდნენ) შეთავაზეს მეტოქეს და... სხვა რა გზა ჰქონდათ,  კოლხებმა საკუთარი ლურჯის ნაცვლად იმერული კლუბის წითელი ტრუს-მაისური მოირგეს… 
ამ  მეგობრულ ჟესტს ზღვისპირელებმა იმით უპასუხეს, რომ მატჩის დებიუტში მასპინძლები საკუთარ ნახევარს მიაჯაჭვეს. ფოთელები სწრაფად, გააზრებულად მოქმედებდნენ. მარტო საწყის სამ წუთში მათ სამჯერ მოიპოვეს კუთხურის უფლება და სამჯერ დაარტყეს რევაზ თევდორაძის კარისკენ.  მე-14 წუთზე სამტრედია უკვე გოლსაც გადაურჩა. მერაბ გიგაურის მიერ მარჯვენა ფრთიდან საჯარიმოში გაჭრილს ლევან შენგელიამ დაუხვედრა ფეხი და ბურთი მცირედით აცდა კარის ჯვარედინს. მალევე ფეხბურთელებმა როლები გაცვალეს. ამჯერად შენგელიამ უპასა ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ  გიგაურს, რომელმაც ძლიერად მოიქნია ფეხი კარში დასარტყმელად, მაგრამ ბურთი ჰაერში აეჭრა.
მერე, როგორც იქნა, სამტრედიელებმაც გამოიღეს ხელი. მე-18 წუთზე კოლხთა კარისკენ საჯარიმო დაინიშნა. ალექსანდრე იაშვილის მიერ მეკარის ბაქანთან დაკიდებულს ილია კერძევაძემ თავური შეაგება, მაგრამ დარტყმა არცთუ ძლიერი გამოუვიდა და კონსტანტინე სეფიაშვილმა იოლად დაიჭირა ბურთი. თამაში მაინც კოლხთა უპირატესობით გრძელდებოდა. შუა ტაიმში გიორგი ლემონჯავამ 16 მეტრიდან ოდნავ არაზუსტად შეასრულა სტანდარტული. ამ ეპიზოდიდან ორ წუთში კი გურამ გურეშიძეს მართებდა თავისიანების დაწინაურება, მაგრამ საკმაოდ ახლოდან მიზანს ააცილა. შენგელიას მიერ დარტყმულიც სახიფათო გახლდათ, თუმც კოლხს თევდორაძემ არ გაატანინა. 
სამტრედიელებმა, ასე თუ ისე, პირველი ტაიმის ბოლოსკენ გამოაკეთეს თამაში. იაშვილის გადაცემის შემდეგ კერძევაძეს შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. მასპინძლწებმა მაინც მოახერხეს დაწინაურება. დავით კვირკველიას მიერ შორიდან დარტყმული მცველმა ლემონჯავამ მოიგერია კუთხურზე. ჩასაწოდებლად რევაზ გეწაძე გაეშურა. საჯარიმოში ჩაკიდება და თევდორე გრიგალაშვილმა მაღალ ნახტომში თავური დარტყმით დალაშქრა კოლხთა კარი. პირველი ტაიმის ანგარიში შეიძლება ალოგიკურად ჩაითვალოს, რადგანაც, როგორც ვთქვით, სტუმრები მეტოქეზე უკეთესად გამოიყურებოდნენ, ეგ იყო, ბედი არ სწყალობდათ.
სტუმრებს არც მეორე ტაიმში შეუცვლიათ თამაშის ტაქტიკა. ზაზა ინაშვილის შეგირდები ყველა რგოლში ორგანიზებული მოქმედებით დიდ თავსატეხს უჩენდნენ მეტოქეს. 49-ე წუთზე შენგელიას მიერ სახიფათოდ შესრულებული საჯარიმო თევდორაძემ ძლივს მოიგერია. ამის შემდეგ სამტრედიელებმა ზედიზედ ორი შეტევა განახორციელეს და გატანაც შეეძლოთ, მაგრამ გეწაძეს ხელსაყრელი მდგომარეობიდან ფეხი აუცდა ბურთზე, გრიგოლ დოლიძის დარტყმის შემდეგ კი სტუმრები ხარიხამ იხსნა.
ვალში არც კოლხები დარჩენილან. თევდორაძის კარს ზედიზედ შენგელია დაემუქრა. პირველ შემთხვევაში მისი დარტყმული კიპერმა უკუაგდო, მეორედ კი ლევანმა, რომელიც საუკეთესოდ ირჯებოდა ამ შეხვედრაში, მახვილი კუთხიდან მცირე მანძილით ააცილა კარს. ზღვისპირელები მართლაც რომ არ იმსახურებდნენ მარცხს და გარჯაც დაუფასდათ. 69-ე წუთზე  გიგაურის გადაცემის შემდეგ შეცვლაზე გამოსულმა ნიკა სიჭინავამ მოხდენილი თავურით აღადგინა ანგარიშში წონასწორობა.
მხოლოდ ამის შემდეგ იყო, მასპინძლებმა თამაშის გადატანა მეტოქის ნახევარზე რომ მოახერხეს. დარჩენილ დროში  უკვე სამტრედია ფლობდა უპირატესობას, თუმცა მისი რეალიზება შეუძლებელი გახდა. 72-ე წუთზე გიორგი დათუნაიშვილი და მალევე გეწაძეც ახლოს იყვნენ მიზანთან, მაგრამ ვერ გაიტანეს. თამაშის ბოლო წუთებზე ყურადღების ცენტრში თორნიკე კაპანაძე მოექცა. დოლიძის გადაცემის შემდეგ ის ვარდნაში, ეფექტური თავურით შეეცადა გატანას, მაგრამ სეფიაშვილმა იყოჩაღა და კუთხურზე მოიგერია ბურთი. მერე იყო და გიორგი გაბედავას პასს „ელვამ“ საუცხოო მაკრატელა მიაყოლა, თუმცა ჩარჩოს ოდნავ ააცილა და...
სამტრედია, რომელსაც ამ მატჩში ქვეყნის ვიცე პრემიერი კახა კალაძეც ქომაგობდა, დაგეგმილი გამარჯვების ნაცვლად ქულასღა დასჯერდა და საპრიზოს თავი დავანებოთ, მე-4 ადგილზე გასვლაც საეჭვო გაიხადა. მართალია, ჩემპიონატში წინ კიდევ 4 ტურია, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან იმერული კლუბის მიერ  ევროსაგზურის მოპოვება უფრო რეალური მაინც დინამოსთან თასის ფინალის მოგებით ჩანს. 

იუზა კაციტაძე სამტრედიიდან
ავტორის და ქრისტი ხუჭუას ფოტოები