სიახლეები

ხეირი ივანიშვილისგან

გაუზიარე

სიონი-ცხინვალი 3:4 

2 მაისი. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 500 მაყურებელი 

1:0 უგულავა (13. პენ.), 1:1 მახარობლიძე (17), 1:2 კაჭარავა (53), 1:3 ივანიშვილი (54), 2:3 უგულავა (62. პენ.), 2:4 შინდაგორიძე (64. პენ.), 3:4 სიჭინავა (90) 

სიონი: მერლანი, დ. ფოფხაძე, ცნობილაძე, ს. გურეშიძე, საჯაია (გაფრინდაშვილი 39), ლობჯანიძე, ცხადაია, ჭანკოტაძე (ჭიკაიძე 75), არაუჟო და სილვა (სიჭინავა 46) უგულავა, ვიეირა მედინა სათადარიგოები: ორთოიძე, ოთარაშვილი, მოსემღვდლიშვილი, სვანიძე 

მწვრთნელი: ლადო ბურდული 

ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, ბაჩიაშვილი, ლექვთაძე (შინდაგორიძე 55), ქარდავა, თარხნიშვილი, მახარობლიძე, ივანიშვილი (ცაცკრიალაშვილი 85), კაჭარავა (არაბული 88) 

სათადარიგოები: ნანიევი, ჯიშკარიანი, ბურძენაძე, იმედაშვილი 

მწვრთნელი: კახა კაჭარავა 

გაფრთხილება: გურეშიძე (39), ქარდავა (57), ცნობილაძე (67), მაისაშვილი (78) 

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია 

ცხინვალმა უკანასკნელ ერთ კვირაში მესამე პრინციპული მატჩი გამართა და სამივეჯერ წარმატება მოიპოვა. მართალია, თასის გათამაშების საპასუხო შეხვედრაში მათი გამარჯვება მომდევნო ეტაპზე გამსვლელი არ აღმოჩნდა, მაგრამ მოსაგებად იქაც უმნიშვნელო ძალები არ დაუხარჯავთ კახა კაჭარავას შეგირდებს.

ცხინვალს, ისევე, როგორც სიონს, გორში გამართული პაექრობისასაც ჰაერივით სჭირდებოდათ წარმატება. ნომინალური მასპინძლები უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად საჭირო ქულებისთვის იბრძოდნენ, სტუმრებს კი ევროპის თასზე ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად უნდოდათ მორიგი სამი ქულის მიმატება. საბოლოოდ, სწორედ ევროპისკენ კურსაღებულმა ცხინვალმა მოიგო და ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი მათმა შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ივანიშვილმა შეიტანა. მან ცხინვალის მიერ გატანილ ოთხივე გოლში ითამაშა გარკვეული როლი, კერძოდ, ერთი თავად შეაგდო, ორჯერ საგოლე პასის ავტორად მოგვევლინა და ერთხელაც პენალტი მოინადირა!

რადგან ცალკეული ფეხბურთელი გამოვყავით, მოწინააღმდეგე გუნდის მობურთალ დათა სიჭინავაზეც შევჩერდეთ. იგი შეცვლაზე შემოვიდა სიონის რიგებში, თავიდანვე გაამწვავა თამაში, აწუხებდა მეტოქე გუნდის მცველებს, ურტყამდა საშუალო და შორის დისტანციდან და რაც მთავარია, მის მცდელობებს შედეგი მოჰყვა. მოედანზე მისი ყოფნისას ბოლნისელებმა ორჯერ გაიტანეს და აქედან ერთი სწორედ სიჭინავამ შეაგდო, ხოლო ერთხელაც მისი წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა. 

შედარებით უფრო მშრალი პირველი ტაიმი ნომინალური სტუმრების კართან შექმნილი ხიფათით დაიწყო - ვიეირა მედინას ახლოდან დარტყმული თავურისგან გიორგი ნადირაძემ გადაარჩინა თავისი გუნდი. მაგრამ სამ წუთში მანვე პენალტისგან უკვე ვეღარ იხსნა ცხინვალი. შესანიშნავი სოლორეიდის შემსრულებელი გიორგი ჭანკოტაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ჯაბა უგულავამ ზუსტად დაარტყა. სხვათა შორის, ჯაბაც ერთ-ერთი საუკეთესო გახლადთ სიონში და არა მხოლოდ იმის გამო, რომ დუბლი მიითვალა. 

პირველი გოლიდან ცოტა ხანში ბიძინა მახარობლიძემ ივანიშვილის პასით ანგარიშში წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმის პირველივე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა სიჭინავამ ნადირაძეს ცხრიანში დაურტყა და ამით აუწყა სტუმრებს, რომ თავსატეხს კიდევ გაუჩენდა. თუმცა იქამდე ისევ ცხინვალელმა ივანიშვილმა ივარგა, ნიკა კაჭარავა შეატოვა ცარიელ კარს და ცხინვალი წინ გავიდა - 1:2. 

ვიდრე ბოლნისელები გამოფხიზლდნენ, მოწინააღმდეგის წამოწყებული შეტევისას ივანიშვილმა მოედნის ცენტრში იბრძოლა ბურთისთვის, მოიგდო იგი და პირისპირ გასულმა კიდეც გაიტანა - 1:3. იქვე თორნიკე თარხნიშვილის მიერ ახლოდან დარტყმულს დაჩი ცნობილაძე რომ არ გადაფარებოდა, ანგარიში კატასტროფული გახდებოდა ბოლნისელებისთვის. შეუჩერებელმა სიჭინავამ პენალტი 62-ე წუთზე მოიპოვა, 11 მეტრიდან ზუსტად კი ისევ უგულავამ დაარტყა. გავიდა ორი წუთი და ამჯერად ივანიშვილი წააქციეს საჯარიმოს შიგნით, გიორგი ვადაჭკორიას არც ამ პენალტის დანიშვნისას უყოყმანია, ბურთი კი მირზა მერლანის კარის ბადეში ლაშა შინდაგორიძემ შეაგდო. სიჭინავამ ვიდრე თავადაც არ აიღო მოწინააღმდეგის კარი - არ მოისვენა 3:4. 

დაჩი ნაპირელი გორიდან