სიახლეები

გაბრაზებული გურულების რევანში [ვიდეო მიმოხილვა]

გაუზიარე

გურია-ზუგდიდი 5:0

1 მაისი. ლანჩხუთი. ,,ევგრაფი შევარდნაძე.’’  2500 მაყურებელი.

1:0 შალამბერიძე (10),  2:0 ბენაშვილი (18),  3:0 4:0 ისიანი (55, 71),  5:0 ე. კილაძე (74); 

გურია: თებიძე, ჭეიშვილი, გოგიაშვილი (რეხვიაშვილი 46), ე. კილაძე, მჭედლიშვილი, შალამბერიძე, ზოზულია, კოშკაძე (ღაღანიძე 75), მოსიაშვილი, ბენაშვილი (მათიაშვილი 79), ისიანი;

სათადარიგოები: იმერლიშვილი, წილოსანი, შეველი, კონოვალოვი

მწვრთნელი: გიგლა იმნაძე

ზუგდიდი: ბობღიაშვილი, მაჩაიძე, ლ. აკობია, ლ. ღონღაძე, რიგვავა (ფარჯიკია 78), ქირია, კუტალია, წურწუმია, შ. ლომია (ბულია 58), ენდელაძე, გუგუჩია (მეგრელიშვილი 46) 

სათადარიგოები: ივარდავა, პაჭკორია, სამუშია, ახალაია

მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

გაფრთხილება:  ლ. ღონღაძე (24), რიგვავა (32), რეხვიაშვილი (57), ე. კილაძე (81), ფარჯიკია (87), ბობღიაშვილი (89) შალამბერიძე (89), მაჩაიძე (89), ენდელაძე (90)

მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი

განსხვავებული განწყობით შეხვდნენ ლანჩხუთში გამართულ შეხვედრას მეტოქენი. ზუგდიდლებმა ბოლო ოთხ ტურში წარმატებულად იასპარეზეს და სატურნირო მდგომარეობა გამოიკეთეს. გურულები კი უკანასკნელ სამ შეხვედრაში დამარცხდნენ. მართალია ლანჩხუთლებს გავარდნის საშიშროება არ ემუქრებათ, მაგრამ ზედიზედ წაგებულმა თამაშებმა როგორც ჩანს გურულები გააბრაზა. მასპინძლები მეტოქეს სრული მობილიზებით დაუხვდნენ და პირველ წრეში ზუგდიდში განცდილი მარცხისთვის (1:2) სრულფასოვანი რევანში აიღეს.
შეხვედრას კარგი ამინდი დაერთო და ადგილობრივი გულშემატკივრებიც მრავლად მოვიდნენ თამაშის საცქერლად. თავისი ერთგული ქომაგები ჩამოჰყვა ზუგდიდელებსაც. აღსანიშნავია, რომ მატჩს სფფ-ის სამსაჯო განყოფილების უფროსი დანიელი იორნ ლარსენი და მსაჯთა განვითარების განყოფილების მენეჯერი ლევან ფანიაშვილი ესწრებოდნენ. 
შეხვედრის დაწყებას წუთიერი დუმილი უძღვოდა. ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა პატივი მიაგეს გურიას ამაგდარი მწვრთნელის, შალვა კაკაბაძის ხსოვნას. 
საწყის წუთებში ურთიერთდაზვერვის შემდეგ პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს. რიგვავას კარგი გადაცემით კუტალია მეკარის პირისპირ აღმოჩნდა და მახვილი კუთხიდან გამჭოლი გადაცემით სიტუაციის გამწვავება სცადა. თებიძემ მეტოქის ჩანაფიქრი გამოიცნო და ბურთს საჭირო ადგილზე დაუხვდა.
ლანჩხუთელთა საპასუხო იერიში შედეგიანი გამოდგა. ბენაშვილის დიაგონალური გადაცემის შემდეგ შალამბერიძე ბურთს საჯარიმოს კუთხესთან დაეუფლა, ოდნავ მარჯვნივ გადაადგილდა და ბობღიაშვილს შორეულ ძელთან აუღებელი დაურტყა - 1:0.
მომდევნო წარმატებას გურულებმა მალევე მიაღწიეს. ისევ ბენაშვილმა იყოჩაღა. მან მეტოქეს ბურთი აართვა, შეტევაში ჩაერთო და საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად გაისროლა. ბურთი კარის ცხრიანში ისე შეფრინდა, რომ ბობღიაშვილმა მხოლოდ თვალის გაყოლება მოახერხა - 2:0.
მატჩის დებიუტშივე გაშვებული გოლების შემდეგ სტუმრები აირივნენ, რაც გურულებმა სათავისოდ კარგად გამოიყენეს და რამდენიმე სახიფათო მომენტი კიდევ შექმნეს. ჯერ უკანასკნელ ხანს კარგად ათამაშებულ ისიანს ჰქონდა თავის გამოჩენის შესაძლებლობა, როცა საჯარიმოს ხაზიდან ურტყამდა შალამბერიძის განივი გადაცემის შემდეგ, თუმცა კარის ძელს სანტიმეტრებში ააცილა. მომდევნო ეპიზოდში კვლავ ვილიმ იაქტიურა. იგი დრიბლინგით რამდენიმე მეტოქეს დაუსხლტდა, საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი უკეთეს მდგომარეობაში მყოფ მოსიაშვილს დაუგორა, რომლის ძლიერი დარტყმა ბობღიაშვილმა კუთხურზე მოიგერია. ხუთ წუთში მოსიაშვილი ისევ აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ მის მცდელობას ამჯერად სიზუსტე დააკლდა.
ტაიმის ბოლოს სტუმრებს შეეძლოთ მატჩში ინტრიგა დაებრუნებინათ. კუტალიას გადაცემით ენდელაძე ურტყამდა გასატანი პოზიციიდან, მაგრამ კარს ოდნავ ააცილა.
მატჩის მეორე ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის განახლებისთანავე კობა შალამბერიძემ და შოთა ლომიამ გაცვალეს სახიფათო მომენტები, თუმცა ორივე შემთხვევაში შემტევები სიზუსტემ დააღალატა. ხუთ წუთში ისევ შალამბერიძეს და კუტალიას ჰქონდათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა, მაგრამ ამჯერად მეტოქე გუნდების კიპერებმა იმარჯვეს და სიტუაცია განმუხტეს. 
54-ე წუთზე შალამბერიძე-მჭედლიშვილის კომბინაციის შემდეგ ისიანი ბურთს საჯარიმოს ხაზთან დაეუფლა და გამიზნული დარტყმით მეტოქის დამწუხრება სცადა. ბობღიაშვილმა აკრობატულ ნახტომში თავისიანების გადარჩენა მოახერხა.
სამაგიეროდ მომდევნო ეპიზოდში ისიანმა იმარჯვა. ვილიმ მეურვე ჩამოიცილა და საჯარიმოში ფეხშედგმულმა შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმით ზუგდიდელთა კიპერი უსაქმოდ დატოვა - 3:0.
ამის შემდეგ სტუმრებმა ფაქტობრივად წინააღმდეგობა შეწყვიტეს. 71-ე წუთზე დუბლი გაიფორმა ისიანმა. ჭეიშვილის გამჭოლ გადაცემაზე მან მცველებს დაასწრო და მეკარისგან დაუცველ კუთხეში გაიტანა - 4:0.
სამ წუთში ლანჩხუთელთა ფორვარდმა ასისტენტობა გასწია. მისი გადაცემა მოსიაშვილმა მახვილგონივრულად გაატარა და შეტევაში ჩართულმა ერეკლე კილაძემ ზუსტი დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:0.

ირაკლი ქავთარაძე ლანჩხუთიდან