სიახლეები

უეფას პრესტიჟული საკლუბო ტურნირების თასები მთელი საქართველოს მასშტაბით იმოგზაურებენ

გაუზიარე

ქართული სპორტის ისტორიაში უპრეცედენტო საფეხბურთო მატჩს თბილისი 2015 წლის 11 აგვისტოს უმასპინძლებს. უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებული გუნდები თბილისში უეფას სუპერ თასის მფლობელის ვინაობას გაარკვევენ სეზონის დასკვნით მატჩში.

ამ მნიშვნელოვანი საფეხბურთო მოვლენის ჩატარებამდე, საქართველოს უეფას სამივე პრესტიჟული გათამაშების თასი ეწვევა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოში სუპერ თასთან ერთად ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის თასებიც ჩამოვა.

სფფ-ის გადაწყვეტილებით,  ევროპულ საკლუბო ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული სამი თასი საქართველოს ყველა რეგიონს მოივლის.

მნიშვნელოვანია, რომ თასების მოგზაურობა საქართველოში ქალაქ ფოთიდან დაიწყება - ადგილიდან, საიდანაც დაიწყო ქართული ფეხბურთის ისტორია ას ათი წლის წინ.

ფოთის შემდეგ, უეფას ჩემპიონთა ლიგისა და  ევროპა ლიგის თასები სუპერ თასთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრს მოივლის.

გულშემატკივრებს ფოტოების გადაღებისა და თასების ნახვის საშუალება მიეცემათ შემდეგ ქალაქებში:

სამეგრელო- ზუგდიდი

აჭარა- ბათუმი

გურია- ლანჩხუთი

იმერეთი- ქუთაისი

რაჭა- ამბროლაური

სამცხე-ჯავახეთი- ახალციხე

შიდა ქართლი- გორი

მცხეთა-მთიანეთი- მცხეთა

კახეთი- თელავი

ქვემო ქართლი- რუსთავი

სფფ-ის გადაწყვეტილებით, თასები ჩავა ენგურის ხიდზეც - აფხაზეთთან დამაკავშირებელ ბოლო წერტილში და სოფლებში დიცსა და დვანში - სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებთან ყველაზე ახლო, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.

უეფას თასები მოგზაურობას თბილისში - ამ მატჩის მასპინძელ ქალაქში დაასრულებს, სადაც ჩვენი დედაქალაქის ყველა მაცხოვრებელს მიეცემა თასების ნახვისა და ფოტოს გადაღების საშუალება.

სფფ-ის პრესსამსახური