სიახლეები

კიდევ ერთხელ ვულოცავთ! ალექსანდრე ჩივაძე – 60!

გაუზიარე

კინოს სახლში გაიმართა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ალექსანდრე ჩივაძის საიუბილეო საღამო. გემახსოვრებათ, ბატონი საშა 60 წლის, 8 აპრილს შესრულდა, საიუბილეო ღონისძიებები კი აღდგომის შემდგომი პერიოდისთვის დაიგეგმა. კინოს სახლში შედგა რეჟისორ გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია. დამსწრეებმა ძველი კინოკადრების მეშვეობით, ,,დროში იმოგზაურეს” და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ნოდარ ახალკაცის თბილისის დინამოს ოქროს ხანა. დრო, როცა თანაგუნდელებთან ერთად, ალექსანდრე ჩივაძე არნახული წარმატებებით ახარებდა ქომაგს. 

სწორედ ამ საიუბილეო დღეებში გამოვიდა პუბლიცისტ დემიკო ლოლაძის მორიგი წიგნი, რომელიც ამჯერად მთლიანად ალექსანდრე ჩივაძეს ეძღვნება. წიგნში დეტალურადაა აღწერილი ლეგენდარული ფეხბურთელის ცხოვრება და კარიერა. რამდენიმე საინტერესო ფრაგმენტი დემიკო ლოლაძის წიგნიდან ,,ჩვენმა თამაშმა” 8 აპრილს, ბატონი საშას დაბადების დღეს შემოგთავაზათ. მკითხველი მისთვის ბევრ უცნობ, საინტერესო დეტალს შეიტყობს თავის უსაყვარლეს ფეხბურთელზე. საგულისხმოა რომ, ავტორმა წიგნზე მუშაობა სამ თვეზე ნაკლები პერიოდში მოახერხა. მცირე დროის მიუხედავად, ძალიან საინტერესო, მეტიც, ვიტყოდით, მდიდარი მასალა მოგროვდა. წიგნში მრავლადაა მოგონებები თბილისის დინამოს მნიშვნელოვანი თამაშების შესახებ, ცნობილი ავტორების ნააზრევი ალექსანდრე ჩივაძეზე და საინტერესო, მეტყველი ფოტოები. საგულისხმოა რომ, ეს ბატონი დემიკოს 53-ე წიგნია: 

"წლების განმავლობაში დიდ პრობლემებთან იყო დაკავშირებული წიგნის დაფინანსება, სპონსორის მოძიებას საკმაო დრო მიჰქონდა. ამის გამო, წელიწადში მხოლოდ ერთი-ორი წიგნის გამოცემას ვასწრებდი. მას შემდეგ კი, რაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა გახდა, ეს პრობლემა სრულად მოგვარდა. მისი მხარდაჭერით, ორ წელიწადში უკვე მერვე წიგნი გამოვუშვი. მე არ ვარ ის კაცი, რომ ადამიანი მხოლოდ იმისთვის ვაქო, წიგნის დაბეჭდვაში რომ მეხმარება. უბრალოდ, ბატონმა ზვიადმა საკმაოდ მცირე ხანში ბევრი სასიკეთო რამ გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის და ეს არ უნდა დაიკარგოს უკვალოდ. მისი მსგავსი პრეზიდენტი ფეხბურთის ფედერაციას ჯერ არ ჰყოლია. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო შპს გლობუსს და მის ხელმძღვანელებს ბადრი ძიძიგურს და ზურაბ სულაკაურს, ვინც უზრუნველყვეს წიგნის პროფესიონალურად და მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდვა. დიდი შრომა გასწია დიზაინერმა კახა ბახტაძემაც, ვინც წიგნი საკმაოდ გემოვნებით გააფორმა." 

ღონისძიებაზე მრავლად იყვნენ ალექსანდრე ჩივაძის თანამედროვე ოსტატები ჩვენი სამეზობლოდან. სომხეთიდან ხორენ ოგანესიანი, აზებაიჯანიდან ისქანდერ ჯავადოვი... კინოს სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ, ზვიად სიჭინავამ სტუმრები ოფიციალურ ვახშამზე მიიპატიჟა, რომელზეც დემიკო ლოლაძემ წიგნები მიწვეულ სტუმრებს საჩუქრად გადასცა. ჩვენ გულწრფელად ვუერთდებით მრავალრიცხოვან მილოცვებს, რომლებიც ლეგენდარული ფეხბურთელის მისამართით უშურველად გაისმის ამ დღეებში. ,,ჩვენი თამაში” კიდევ ერთხელ ულოცავს ბატონ საშას იუბილეს და ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს!

პაატა ძნელაძე