სიახლეები

სოლომონ კვირკველიას ეშმაკური თავური მოსკოველებს! ვაწაძის გამოწერილი გოლი, ყენიას საგოლე პასი...

გაუზიარე

რუსულ პრემიერლიგაში ყაზანის რუბინმა სტუმრად 2:2 ითამაშა მოსკოვის ტორპედოსთან და ერთი გოლი სოლომონ კვირკველიამ გაიტანა. მან 23-ე წუთზე თავურით გახსნა ანგარიში. კარგი გოლი გამოვიდა, მახვილი კუთხიდან საპირისპირო კუთხეში – რთულად შესასრულებელი დარტყმა იყო. ეს კვირკველიას პირველი გოლია მიმდინარე პრემიერლიგაში. 

რუბინში მამუკა კობახიძეს არ უთამაშია. ის სათადარიგო გახლდათ. ყაზანური კლუბი მეხუთე ადგილზეა, ევროპის ლიგაზე გასასვლელ პოზიციაზე. 

კარგახნიანი შესვენების შემდეგ, ჩეხეთში პრაღის სლავიამ მოიგო და მეცამეტე  (ბოლოდან მეოთხე) ადგილზეა. ლევან ყენიას გუნდმა ბუდეოვიცეს 2:0 სძლია. ქართველმა შემტევმა პირველივე წუთზე საგოლე პასი გაუკეთა მილან შკოდას და ანგარიშიც ასე გაიხსნა. ყენია კიდევ რამდენჯერმე მოხვდა ყურადღების ცენტრში. ლევანმა 58-ე წუთამდე ითამაშა.  

კვიპროსზე ანორთოსისმა გასვლაზე 1:1 ითამაშა ერმისთან და მეხუთე საფეხურზეა, თუმცა მესამეზე გასვლა და ევროტურნირების საგზურის მოპოვება შეუძლია. ანორთოსისში ირაკლი მაისურაძე და გიორგი აბურჯანია შეუცვლელად გაისარჯნენ. 

კვიპროსზევე, ოღონდ ქვედა ექვსეულში ოთელოსმა სტუმრად 3:3 ითამაშა დოქსასთან, ბოლო ადგილზეა და უმაღლესში დარჩენა ძალიან გაუჭირდება. ოთელოსში როინ კვასხვაძე იდგა კარში, ელგუჯა გრიგალაშვილმაც 85 წუთი ითამაშა, ხოლო ლევან ხმალაძეს ტრავმა აქვს. 

გავარდნა არ ემუქრება ნეა სალამინას, სადაც გიორგი პაპავა და შოთა გრიგალაშვილი გამოდიან. გრიგალაშვილს იანვრიდან მოყოლებული არ უთამაშია ტრავმის გამო, პაპავა კი შესვენების შემდეგ გამოჩნდა აშნასთან მატჩში. ნეა სალამინამ 1:2 წააგო. 

დანიაში ოდენსემ შინ 0:2 წააგო ბრონდბიუსთან და მერვე (ბოლოდან მეხუთე) პოზიციაზეა. ოდენსელთა შორის ლადო დვალიშვილს არ უთამაშია: სათადარიგოებში იყო. 

სამაგიეროდ დანიის პირველ ლიგაში, ორჰუსის მაისურით მათე ვაწაძემ მორიგი გოლი მიითვალა. ბრონშოისთან 4:0 მოგებულ შეხვედრაში ვაწაძე შეუცვლელად გაისარჯა, გოლი კი მეორე ტაიმის დასაწყისში გაიტანა, რითაც 2:0 გახადა ანგარიში. ორჰუსში, რომელიც მეორე ადგილზეა და ცალი ფეხით უკვე სუპერლიგაშია, დავით სხირტლაძე სათადარიგო იყო. დავით დევდარიანს კი კვლავაც წელის ტრავმა აწუხებს. 

ვაწაძისთვის ეს მე-18 გოლია მიმდონარე პირველ ლიგაში (26 მატჩში) და ბომბარდირთა შორის პირველზეა. 

ფინეთში ირაკლი სირბილაძის კუპს-მა გასვლაზე 1:1 ითამაშა ლაჰტისთან და სამ ტურში შვიდი ქულა აქვს, ანუ აქამდე ორი მატჩში ორი მოგება ჰქონდა. სირბილაძე 90 წუთი გაისარჯა. ფინეთის უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთი ქართველია: კტპ-ში გიორგი ოსიტაშვილი ირიცხება, თუმცა ამჯერად სათადარიგო იყო ვპს-თან 3:2 შეხვედრისას. 

უნგრეთში წლეულს ჩემპიონატის მატჩში პირველად ითამაშა გიორგი ქვილითაიამ, რომელმაც ტრავმა მოიშუშა. დიორის ქართველმა ფორვარდმა უიპეშტთან (0:1) ბოლო 15 წუთი დაჰყო მინდორზე. დიორი მეათე ადგილზეა. 

ნორვეგიაში გიორგი გოროზიას სტაბეკმა შინ 1:0 სძლია მიონდალენს და მეორე ადგილზეა. ქართველმა საყრდენი ნახევარმცველი სასტარტოში იყო და ბოლო წუთზე შეცვალეს. 

თურქულ სუპერლიგაში ქასიმფაშამ ზედიზედ მეორედ იმარჯვა, ქართველთათვის ნაცნობ ბურსასფორს 5:3 აჯობა. საწყენია, რომ ლაშა დვალი კვლავაც უთამაშებელი დარჩა - სათადარიგო იყო. რაც ქასიმფაშას მეჰმეთ აურელიო დაუნიშნეს მწვრთნელად, დვალს აღარ უთამაშია. ეს გუნდი მეათე ადგილზეა. 

უკრაინაში ჯაბა კანკავას დნიპრომ ოდესის ჩერნომორეცს 3:0 მოუგო, მაგრამ ჯაბა კანკავას გარეშე. კანკავა და კიდევ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენეს: ხუთშაბათს ხომ დნიპროელებს ნაპოლისთან ელით ევროპის ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩი. 

ილია ნანობაშვილი