სიახლეები

იტალიით ვიწყებთ

გაუზიარე

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მალტაში წარმატებით დაძლია ევროპის 2017 წლის ჩემპიპონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. მეტოქეებად იტალიის, შვეიცარიის, ჩეხეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებები ეყოლება. გუშინ საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ნინო სორდიას და გენერალურ მდივანს ლალი გელენავას ვესაუბრეთ.

ელოდით მალტურ წარმატებას?

ნინო სორდია: რა თქმა უნდა, გვჯეროდა და გვქონდა იმის იმედი, რომ ჩვენი საერთო შრომა შედეგს მოიტანდა. და მართლაც, საქართველოს ქალთა ნაკრებმა პირველად მიაღწია ასეთ წარმატებას. პირველ შეხვედრაში ფარერების საკმაოდ ძლიერ გუნდს დამაჯერებლად ვძლიეთ, შემდეგ იყო შეხვედრა მალტასთან, რომელმაც პირველ ტურში ანდორას მოუგო, თანაც, ამ შეხვედრაში მეორე შემადგენლობით და განსხვავებული ტაქტიკით ითამაშა, ასე ვთქვათ, თამაში დაგვიმალა. ამის მიუხედავად, მალტელებთან პირველი ტაიმში სრულ უპირატესობას ვფლობდით, მეორე ტაიმში კი მეტოქე ვაბანკზე წავიდა და ბოლო წუთზე გადამწყვეტი გოლი გაგვიტანეს. ანდორას ყველა ასპექტში ვაჯობეთ და დამაჯერებლად მოვუგეთ, ფარერებმა კი, რომლებიც თავის მხრივ ჯგუფიდან გასასვლელად იბრძოდნენ, მალტას სძლიეს. ბურთების უკეთესი სხვაობა ჩვენ გვქონდა და ჯგუფიდანაც გავედით. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გადავუხადოთ დიდ მადლობა ფეხბურთის ფედერაციი ხელმძღვანელობას გაწეული დახმარებისთვის. აქვე გეტყვით, რომ ტურნირის დასრულების შემდეგ უეფას კომისარმა მარინა ტაშჩიანმა მოგვილოცა გამარჯვება და ჩვენი გუნდის საგრძნობი პროგრესი აღნიშნა.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გაცილებით მაღალი დონის მეტოქეებთან მოგიწევთ თამაში.

ლალი გელენავა: მთავარი ისაა, რომ ჩვენი გოგონები უდიდეს გამოცდილებას შეიძენენ, ასეთი დონის მეტოქეებთან რვა თამაშის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ნაკრებისთვის. რა თქმა უნდა, შედეგის თაობაზე ცრუ ილუზიები არ უნდა შევიქმნათ, მაგრამ თითოეულ მატშჩი ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვნახოთ...

კალენდარი თუ არის უკვე ცნობილი?

ლალი გეგენავა: დაზუსტებით შეიძლება იმის თქმა, რომ პირველ შეხვედრას იტალიაში გავმართავთ სექტემბერში, დანარჩენი თამაშების განრიგი კი უახლოეს პერიოდში დადგინდება.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი ცნობილი ფეხბურთელი თამაზ კოსტავაა, მასთან მუშაობა გოგოებისთვის, ალბათ, დამატებითი სტიმულია.

ნინო სორდია: ცხადია, თამაზ კოსტავას დონის ფეხბურთელთან მუშაობა თითოელი მათგანისთვის საამაყოა. მან ნაკრები საუცხოოდ მოამზადა როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ტაქტიკურად. ჩვენი ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი ამჟამად უკლუბოდაა და ისინი მწვრთნელებმა, თამაზ კოსტავამ, არჩილ ჩხაბერიძემ და როლანდ გელენავამ საკუთარი სახსრებით ჩამოიყვანეს თბილისში. აქვე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო 35-ე საფეხბურთო სკოლას, რომელმაც მზადებისას უფასოდ დაგვითმო მოედნები. 

ნაკრების ბირთვს ძირითადად საქართველოს ჩემპიონატში  მოთამაშე ფეხბურთელები შეადგენენ თუ ლეგიონერები?

ლალი გელენავა: ცხრა ლეგიონერი გვყავს, ორი ბელარუსში თამაშობს, ორი _ ლიტვაში, ერთი _ გერმანიაში და ოთხი _ თურქეთში. ყველა მათგანს გუნდებში საკმარისი სათამაშო პრაქტიკა აქვს და ეს ნაკრების წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი კაპიტანი ტატა მატვეევა კი ახლახან თურქეთის ჩემპიონი გახდა. 

ნაკრების ამხანაგური თამაშები თუ იგეგმება?

ლალი გელენავა: ვაწარმოებთ მოლაპარაკებას რუმინელებთან, რომლებსაც სურთ, წელს ჩვენ ვესტუმროთ, გაისად კი თვითონ ჩამოვიდნენ, ჩვენთან თამაში ყაზახებსაც სურთ, ისინი თავისთან გვეპატიჟებიან.

ასაკობრივ ნაკრებების საქმე როგორ არის?

ნინო სორდია: 16-წლამდელთა ნაკრები ახლახან იყო აზერბაიჯანში ტრადიციულ ტურნირზე, 17 და 19-წლამდელებს შესარჩევი ეტაპი ელით შემოდგომაზე. 17-წლამდელები ბელგიაში მიდიან, მათი მეტოქეები იქ ბელგიელები, ჩეხები და აზერბაიჯანელები იქნებიან, შესარჩევი ეტაპი 28 სექტემბრიდა 5 ოქტომბრამდე გაიმართება. 19-წლამდელებს კი ურთულესი შეხვედები ელით საბერძნეთში მასპინძელთა, შვეიცარიელთა და და ისლანდიელთა გუნდებთან, ეს ტურნირი 14-21 სექტემბერს ჩატარდება.

ნაკრების წარმატების კვალად ხომ არ გამოჩენილან ქალთა ფეხბურთის სპონსორობის მსურველი ფირმები?

ლალი გელენავა: სამწუხაროდ, ჯერჯერობით არანაირი სასიკეთო სიახლე არ არის, კვლავინდებურად მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციაზე ვართ დამოკიდებული და მისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. სხვათა შორის, ჩვენი ევროპელი კოლეგებიც ჩივიან, რომ მათ ქვეყნებში ქალთა ფეხბურთს სათანადო ყურადღება არ ექცევა, თუმცა მათი და ჩვენი პრობლემების შედარება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება.

როგორ ფიქრობთ, რა დრო დასჭირდება იმას, რომ საქართველოში უფრო მეტ გოგონას გაუჩნდეს ფეხბურთზე სიარულის სურვილი და ამაში ოჯახმა ხელი არ შეუშალოს?

ლალი გელენავა: იმ გოგონებს, რომლებიც ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობენ, ოჯახებისგან ყველანაირი ხელშეწყობა აქვთ, მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა და ამ მხრივ სიტუაცია როდის შეიცვლება, ვერ გეტყვით.

საქართველოს ჩემპიონატი როდის გაიმართება?

ნინო სორდია: ზაფხულში ვაპირებთ და მოსამზადებელ საქმიანობას მალე დავიწყებთ. სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს ქალთა საფეხბურთო კლუბი, ვაზუსტებ, არ ვგულისხმობ, ასე ვთქვათ, ორი დღით შექმნილ გუნდებს. ამიტომაც ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონების ნაკრებები, ისევე, როგორც წინა ჩემპიონატში იყო. შეგახსენებთ, წინა პირველობა ზუგდიდში, ბაიას ბაზაზე გაიმართა და იქ ყველანაირი პირობა ჰქონდათ გოგონებს საიმისოდ, რომ თავი კომფორტულად ეგრძნოთ. ამისთვის დიდი მადლობა ბაიას ბაზის დირექტორს ფელიქს კუჭუხიძეს.

რომელი რეგიონის ნაკრებები ითამაშებენ ჩემპიონატში?

ნინო სორდია: თბილისის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, კახეთის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის. იმედი გვაქვს, ყველა რეგიონი შეძლებს კარგი გუნდის ჩამოყვანას და ჩემპიონატი დაძაბული იქნება. 

და ბოლოს, რაიმე ხომ არ დაგრჩათ სათქმელი.

ლალი გელენავა: უბრალოდ, გვსურს, შედარებით მეტი ყურადღება დაეთმოს მედიის მხრიდან ქალთა ფეხბურთს, ჩვენი გოგონები ამას იმსახურებენ.

პაატა ძნელაძე