სიახლეები

ოთარ ხიზანეიშვილი: ერთმანეთის ჯიბრში დგომით წინსვლა არ იქნება

გაუზიარე

გუშინ 30 აპრილი იყო. 12 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს გაიმართა მატჩი, რომელიც ბევრ გულშემატკივარს საბოლოოდ დააამახსოვრდება. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა “მიხეილ მესხზე” 1:0 მოუგო რუსეთს, ეს ევროშესარჩევის თამაში იყო და გამარჯვებამ ქართველებს ჯგუფიდან გასვლის შანსი დაუბრუნა. 

საქართველოს ხორვატი ივო შუშაკი წვრთნიდა, რუსეთს კი – ვალერი გაზაევი. დასაწყისშივე, გიორგი დემეტრაძემ ციბრუტივით იტრიალა მარჯვენა ფლანგზე. მერე მიხეილ აშვეთიამ მიიღო ბურთი, მანევრის შემდეგ დემეტრაძეს დაუბრუნა, რომელმაც ჩააწოდა და მალხაზ ასათიანმა თავურით უშანსოდ დატოვა მეკარე. იქიდან მოყოლებული, საგოლე შანსი ქართველებსაც ჰქონდათ და რუსებსაც, საბოლოოდ კი მოვიგეთ. 

გადავწყვიტეთ, თარიღის აღსანიშნავად ის შეხვედრა გაგვეხსენებინა. ოთარ ხიზანეიშვილს ვესაუბრეთ, რომელმაც ის თამაში შეუცვლელად ჩაატარა. 

ხიზანეიშვილთან მხოლოდ საქართველო-რუსეთზე არ გვისაუბრია. 33 წლის მცველი ბოლოს ზესტაფონში თამაშობდა, ამ კლუბის ამბები კი ყველამ იცის. ოთარს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ რას იზამს ზაფხულში. ინტერვიუს მეორე ნაწილში ნაღვლიანად გვესაუბრა...  

ოთარ ხიზანეიშვილი: ბედნიერი ვარ, რომ რუსეთთან გამარჯვებაში მეც მიმიძღვის წვლილი. ვიტყოდი, რომ ნაკრებში ჩემი საუკეთესო მოგონებები სწორედ რუსეთთან მოგებას უკავშირდება. წინასწარ ვიცოდით, როგორ გაიხარებდა მთლი საქართველო, თუ ამ თამაშში გავიმარჯვებდით. 

... ვერ გეტყვით, რომ რაიმე განსაკუთრებული სამზადისი გვქონდა. ვარჯიშები ჩვეულებრივი იყო, თუმცა გულის სიღრმეში ყველამ ვიცოდით, რომ რუსეთთან მატჩს სხვა ფასი ჰქონდა. უბრალოდ, ზედმეტი ფსიქოლოგიური ტვირთი არ უნდა გვქონოდა. როცა ასეთი პრინციპული თამაშია, მშვიდად უნდა მოემზადო, სიტუაციის დრამატიზება არაა საჭირო. ივო შუშაკი გველაპარაკა საქართველო-რუსეთის მატჩის მნიშვნელობაზე, პოლიტიკაც ახსენა, მაგრამ მხოლოდ ორიოდე სიტყვით. 

... განსაკუთრებით რა მახსოვს თამაშიდან? ასათიანმა გოლი რომ გაიტანა, მომდევნო ხუთი-ათი წუთი ტრიბუნებიდან გუგუნი მოისმოდა. ვიგრძენი, რომ მალხაზმა ძალიან მაგარი საქმე გააკეთა და მორჩა, უნდა მოგვეგო. ამ გუგუნმა თითქოს ძალა კიდევ უფრო შემმატა. თამაში საკმაოდ დაძაბული იყო და თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. ჩვენც გვქონდა მომენტები და სტუმრებსაც. მახსოვს, გოლი რომ გავიტანეთ, მალევე მათი თავდამსხმელი პირისპირ გავიდა და ააცილა. ამაზე რეალური შანსი მეორე ტაიმში აღარც ჰქონიათ. 

... დიახ, პრემიალურები გადმოგვცეს გამარჯვების შემდეგ. ზუსტად არ მახსოვს თანხა, თუმცა ვერანაირი პრემია ვერ შეედრებოდა იმ სიხარულს, რაც ხალხისგან ვიგრძენით. იმ ღამეს მანქანით წავედი სახლისკენ და გზაზე უცნობი ადამიანები მაჩერებდნენ, გადმოდი, ღვინო დაგვილიეო. ცოტა გაოცებულიც ვიყავი, რამდენ ადამიანს ვყვარებივარ-მეთქი. იმ ღამეს არ დამიძინია, ემოციურად და ფიზიკურადაც დაღლილი ვიყავი. მეორე დღესაც ხან ვინ მირეკავდა, ხან – ვინ. მილოცავდნენ და სუფრაზე მპატიჟებდნენ. 

კარგი ამბები გაიხსენა ოთარმა, მაგრამ შემდეგ ზესტაფონის თემასაც მივადექით: 

“აი, რუსეთთან თამაშის ემოციები და ხალხის სიხარული რომ მახსოვს, ვრწმუნდები: საქართველოში ძალიან უყვართ ფეხბურთი. მეც სიგიჟემდე რომ მიყვარს, იმიტომ შემოვრჩი და ვთამაშობ, მაგრამ ვინ გაცდის? არც დინამოში დამცალდა, არც დილაში, ახლა არც ზესტაფონში. არც ვიცი, რა ვთქვა. 

... ზესტაფონში ფინანსური პრობლემები მაშინაც იყო, როცა გუნდში მივედი, მაგრამ ბიჭები ერთმანეთს მხარში ვედექით. რაც შეგვეძლო, ვაკეთებდით, მაგრამ დილასთან თამაშზე არგასვლა უკვე ბოლო წვეთი იყო. სიმართლე გითხრათ, არც ვიცი სინამდვილეში რა ხდებოდა, ვისი ბრალი იყო. ფაქტია, ცუდი რამ მოხდა.

... ალბათ, სანამ ქვეყანაში არ დალაგდება სიტუაცია, ფეხბურთშიც ვერ იქნება წინსვლა. უნდა გამოიყოს გარკვეული თანხა ფეხბურთისთვის და გეგმაზმიერად მოხმარდეს, ყველა პროგრამა გათვლილი იყოს. დეტალებში პირადად მე ვერაფერს ვილაპარაკებ, რადგან არც სახელმწიფო მოხელე ვარ და არც ბიზნესმენი. ნაცვლად იმისა, რომ ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ, სულ ერთმანეთის ჯიბრს ვხედავ. ზოგს ვინ არ მოსწონს, ზოგს – ვინ. 

... არ ვიცი, ზაფხულში რას ვიზამ. სიმართლე გითხრათ, გული გატეხილი მაქვს. თუნდაც თბილისის დინამო ავიღოთ, სადაც ფულიცაა და ინფრასტრუქტურაც, მაგრამ ვერა და ვერ დალაგდა კლუბი. არადა, ჩემთვის დინამოა პირველი, ბავშვობაში დინამოს სიყვარულით გავიზარდე, ჩემი მშობლიური კლუბია და სადაც არ უნდა წავიდე, მათ გულშემატკივრად დავრჩები. ერთმანეთისთვის ჯიბრში დგომით საქმე არ კეთდება და ბევრმა ეს ვერ გაიგო. კლუბი ერთი ორგანიზმი უნდა იყოს, სადაც ერთმანეთი უნდა უყვარდეთ, ან პატივს მაინც უნდა სცემდნენ. გული მწყდება, რომ დინამო დღემდე ვერ დალაგდა. თუნდაც ლეგიონერების ჩამოყვანის სისტემა ავიღოთ. ერთადერთი, ვინც ბოლო წლებში ნამდვილად კარგი ლეგიონერი იყო – ჩისკო. ესპანელი ნამდვილი სპორტსმენი და თავმდაბალი პიროვნებაც იყო. სხვა რომელიმე უცხოელი, რომელიც თამაშითაც მაგარი იქნებოდა და მის გვერდით ქართველი ახალგაზრდები ისწავლიდნენ, არ მახსენდება. ზოგიერთი იტყვის, დინამოს ამბები რაში გეხებაო. გული მწყდება, რომ უკეთესად შეიძლება საქმის აწყობა და ვერ ეწყობა. 

... როგორც უკვე ვთქვი, გეგმებზე არ ვარ ჩამოყალიბებული. თუ ზაფხულში რომელიმე გუნდის ვარიანტი გამოჩნდება, კიდევ ვითამაშებ. მწვრთნელობა? ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ.  

ილია ნანობაშვილი

…         …              

საქართველო-რუსეთი 1:0

1:0 ასათიანი (11)

საქართველო: ლომაია, ხიზანიშვილი, ხიზანეიშვილი, კალაძე, ბურდული (შაშიაშვილი 80), ნემსაძე, ცქიტიშვილი, კვირკველია, ასათიანი (დიდავა 75), აშვეთია, დემეტრაძე (ალექსიძე 84)

მწვრთნელი: ივო შუშაკი

რუსეთი: მანდრიკინი, ნიჟეგოროდოვი, იგნაშევიჩი (ევსიკოვი 14), ონოპკო, ალდონინი (სიჩოვი 78), სმერტინი, ალენიჩევი, ტიტოვი,
კარიაკა, იზმაილოვი (კერჟაკოვი 46), სემაკი

მწვრთნელი: ვალერი გაზაევი

გაფრთხილება: ნიჟეგოროდოვი (60), ნემსაძე (71), აშვეთია (81)

მსაჯი: ვეკი (გერმანია)