სიახლეები

ანორთოსისს ქართველები აინტერესებს - კაკაბაძე რეალურია, პაპუნაშვილი კი, ვნახოთ

გაუზიარე

კვიპროსულ ანორთოსისს თბილისის დინამოს ორი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის გადაყვანა სურს: საუბარია მცველ ოთარ კაკაბაძეზე და ნახევარმცველ გიორგი პაპუნაშვილზე. კაკაბაძის ვარიანტი უფრო რეალურია და ამის შესახებ კვიპროსული საიტებიც წერენ. მათი ინფორმაციით, ანორთოსისს კონტრაქტი უკვე გაუგზავნია კაკაბაძისთვის. ასე რომ, დიდი შანსია, ანორთოსისში მესამე ქართველიც გამოჩნდეს: გუნდში ხომ ირაკლი მაისურაძე და გიორგი აბურჯანია თამაშობენ, თანაც, წარმატებულად. მოკლედ, კაკაბაძის ტრანსფერი ძალიან ახლოსაა, პაპუნაშვილზე კი მოცდა მოგვიწევს, საკითხი ჯერ ასე არ მომწიფებულა. 

ცნობილია, რომ ანორთოსისის ჰოლანდიელი სპორტული დირექტორი ტედ ვან ლიუვენი ქართველ ფეხბურთელებს აფასებს, მათი შესაძლებლობები იცის. ვან ლიუვენი არნემის ვიტესში მუშაობდა მერაბ ჟორდანიას პრეზიდენტობისას. ჰოლანდიელი ვასილ მაისურაძის გაწვრთნილ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თამაშებსაც რეგულარულად ესწრებოდა - აბურჯანიას გადაყვანაც მაშინ გადაწყვიტა. კაკაბაძე და პაპუნაშვილიც სწორედ 1995 წელს დაბადებულთა ნაკრებში თამაშობდნენ, სადაც წამყვან როლებზე იყვნენ.    

კაკაბაძემ მიმდინარე სეზონში ერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა: გორის დილასთან თასზე (1:0). სწორედ იმ გოლმა გაიყვანა დინამო მეოთხედფინალიდან ნახევარფინალში. 

ილია ნანობაშვილი