სიახლეები

U 19. უპირატესობა უკრაინასთან, მაგრამ 0:0

გაუზიარე

ამხანაგური მატჩი. კიევი. ვიქტორ ბანიკოვის სტადიონი. 

უკრაინა – საქართველო 0:0

უკრაინა: მოზილი, ოსმანი, მატვიენკო, კირიუხანცევი, შჩებეტუნი (ბელოუსოვი 66), ზოტკო, კვიჩი (შვედი 46), ვაჩიბერაძე, ლუკიანჩუკი, მისიკი, ტრეტიაკოვი (ზუბკოვი 46)

მწვრთნელი: ოლექსანდრ გოლოვკო

საქართველო: გოშაძე, მალანია, მარგველაშვილი, ტაბიძე, შულაია, მოხევიშვილი (მამუჩაშვილი 82), ხარაიშვილი, ჩაბრაძე, კვირკვია, ბერიძე, გოშთელიანი (გოგუაძე 77)

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გაფრთხილება: ვაჩიბერაძე (58)

მსაჯი: ივან ბოდნარი (უკრაინა)

გიორგი დევდარიანის კრებულს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა: ტრავმების გამო კიევში არ წასულან ლუკა ზარანდია და რომან ჭანტურია, ასევე, ნაკრებს ვერ გაჰყვნენ სამტრედიას ფეხბურთელები გიორგი თევზაძე და ილია კერძევაძე, რადგან საქართველოს თასის ნახევარფინალში თამაშობდნენ საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ. 

უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებში ბექა ვაჩიბერაძემ ითამაშა და ერთ-ერთი ყველაზე აქტიურიც იყო. ვაჩიბერაძე საქართველოშია დაბადებული, რამდენიმე წლის წინ კი უკრაინაში წავიდა და შახტარის აკადემიაში თამაშობდა. ახლა შახტარის 19-წლამდელთა გუნდშია, რომელმაც წლეულს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა და იქ ლონდონის ჩელსისთან წააგო. ვაჩიბერაძე ჩემპიონთა ლიგაშიც გამოირჩეოდა დონეცკელთა შორის. 

პირველი სახიფათო მომენტი ქართველებმა შექმნეს, როცა გიორგი ბერიძე ძლიერად ურტყამდა და უკრაინელთა მეკარე მოზილმა ცხრიანიდან ჩამოხსნა ბურთი. საწყის წუთებში ქართველები უკეთ თამაშობდნენ და მათე კვირკვიასაც შეეძლო მეტოქის დასჯა, მაგრამ ოდნავ ააცილა. უკრაინელებს საგოლე მომენტი თითქმის არც ჰქონიათ. 

მეორე ნახევარშიც პირველი შანსი ბერიძეს მიეცა და მოზილმა ახლო კუთხეში არ გაატანინა ქართველთა გარემარბს. ორიოდე წუთში კი ზუბკოვს შეეძლო ანგარიშის გახსნა, რომელმაც ვაჩიბერაძის პასის შემდეგ ახლოდან ააცილა. 62-ე წუთზე ისევ ბერიძე აქტიურობდა და მეკარემ ამჯერადაც არ გაატანინა. 

უკრაინული საიტის, "ონლაინის" ცნობით, ბოლო წუთებში გიორგი დევდარიანის გუნდი უფრო ბევრს უტევდა, თუმცა მატჩი უგოლოდ დასრულდა.

ქართველ 19-წლამდელებს 29 მაისს _ 3 ივნისს ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი ელით. ჯგუფში მეტოქეები კი ისეთები გვყავს, უკვე ლამის ფინალური ეტაპია – ესპანეთი, პორტუგალია, თურქეთი. ჯგუფიდან ერთი გუნდი გადის. 
აქვე ვთქვათ, რომ უკრაინა-საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა 30 აპრილს გაიმართება.  

ილია ნანობაშვილი