სიახლეები

ზესტაფონს პროტესტი არ ჩაუთვალეს

გაუზიარე

საქართველოს ჩემპიონატიდან მოხსნილმა ზესტაფონმა სადისციპლინო კომიტეტის 20 აპრილის გადაწყვეტილება საფეხბურთო დავების განმხილველ ტრიბუნალში კი გაასაჩივრა, მაგრამ გარკვეული ნორმები დაარღვია, არც ბაჟი გადაუხდია და შესაბამისად, ჯერ არც საჩივრის განხილვა დაწყებულა. ზესტაფონელები ტრიბუნალისგან, რომლის დირექტორიც ზურაბ ბიწაძე გახლავთ, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებათა გაუქმებას ითხოვენ. გადაწყვეტილება კი შეგახსენებთ, ასეთი იყო: გორის დილასთან მატჩზე არგამოცხადებისთვის ზესტაფონი საქართველოს ჩემპიონატის გათამაშებიდან მოიხსნა; ზესტაფონი დაჯარიმდა 5 ათასი ლარით და ასევე, კლუბის დირექტორ მიხეილ ხუციშვილს ერთწლიანი პირობითი დისკვალიფიკაცია მიეცა. ზესტაფონელები სამივე ამ სასჯელის გაუქმებას ითხოვენ, თუმცა ჯერ ტრიბუნალის მოთხოვნები უნდა შესრულონ. საჩივარი ოფიციალურ სახეს სწორედ ამის შემდეგ მიიღებს და ტრიბუნალის სხდომა დაინიშნება. საფეხბურთო დავების განმხილველმა ტრიბუნალმა კი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და შემდეგომი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად ზესტაფონს წერილი გაუგზავნა, ასლი კი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

ლუკა თალაკვაძე 

ჩვენი თამაში ამ წერილს უცვლელად გთავაზობთ: 

საფეხბურთო დავების განმხილველ ტრიბუნალს გადმოეცა ს/კ "ზესტაფონი"-ს საპელაციო საჩივარი. საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, და შემდგომი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად ტრიბუნალი სრულად გთავაზობთ ს/კ ზესტაფონისთვის გაგზავნილი წერილის ასლს

წერილი 
სფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტის 16 აპრილის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე თქვენი სააპელაციო საჩივარი (# 223) და შუამდგომლობა (# 223/1), რომელიც სფფ-ში წარადგინეთ 24.04.2015 გადმოეცა შპს საფეხბურთო დავების განმხილველ სპორტულ ტრიბუნალს. ტრიბუნალი, როგორც დავების განმხილველი ორგანო, მოქმედებს ტრიბუნალის დებულების საფუძველზე და სფფ. სადისციპლინო კოდექსის ნორმების მიხედვით, და განგიმარტავთ, რომ: 
1. თქვენ წარმოდგენილი გქონდათ შუამდგომლობა და სფფ სადისციპლინო კოდექსის 76-ე მუხლის მე- 2 ნაწილის საფუძველზე ითხოვდით დაწესებული სანქციის რეალიზაციის შეჩერებას. თქვენს მიერ მითითებული ნორმა იმპერატიულად მიუთითებს, რომ „ ... ორგანო, რომელიც განიხილავს საჩივარს, ... უფლება აქვს შეაჩეროს ამგვარი სპორტული სანქციის რეალიზაცია ... “ მოცემული დათქმა ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ საჩივრის განმხილველ ორგანოს, რომელიც ოფიციალურად შეუდგება საქმის წარმოებას და დავის განხილვას, აქვს უფლება განიხილოს რეალიზაციის შეჩერების შესახებ განცხადება. თქვენი საჩივრისათვის ოფიციალური სახის მისაცემად საჭიროა დაიცვათ სფფ სადისციპლინო კოდექსის 85-ე მუხლის მოთხოვნები. მითითებული მუხლის იმპერატიული მოთხოვნის თანახმად პირმა, რომელსაც სურს აპელაციის შეტანა, უნდა გადარიცხოს სააპელაციო მოსაკრებელი სანქციით გათვალისწინებული თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა 7 დღიანი ვადის ამოწურვამდე. ამით საჩივარს მიეცემა ოფიციალური სახე. ამასთან, მოცემულ შშემთხვევაში. თანხის ჩარიცხვა უნდა მოხდეს ტრიბუნალის ანგარიშზე, შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე: მიმღები ბანკი : ს/ს საქართველოს ბანკი ბანკის კოდი BAGAGE22 მიმღები : შპს საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალი. მიმღების ანგარიშის ნომერი GE93BG0000000886279600 . რის შემდეგადაც საჩივარს მიეცემა ოფიციალური სახე. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ წარმოდგენილ საჩივარში დაყენებულია 2 დამოუკიდებელი მოთხოვნა და ბაჟიც გადაიხდება თითოეულ მოთხოვნაზე ცალ-ცალკე. აქვე გაცნობებთ, რომ ავთანდილ ნაცვალაძეს მინდობილობა მიღებული აქვს მხოლოდ ს/კ ზესტაფონის მხრიდან. საჩივარს არ ახლავს არც მიხეილ ხუციშვილის ხელმოწერა და არც მის მიერ გაცემული რწმუნებულება 
2. თქვენს განცხადებას თან ჰქონდა დართული გარკვეული სახის დოკუმენტაცია რომელიც შედგენილი იყო უცხო ენაზე. შეგახსენებთ, რომ სფფ სადისციპლინო კოდექსის 66-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად, საქმისწარმოება მიმდინარეობს ქართულ ენაზე, ხოლო უცხო ენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში ვალდებული ხართ წარმოადგინოთ მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი. 
3. ყველა მითითებული ნორმის დაცვა წარმოადგენს იმპერატიულ მოთხოვნას და გთხოვთ, თქვენი დოკუმენტაცია მოიყვანოთ მითითებულ მუხლებთან შესაბამისობაში