სიახლეები

რა სურთ ზესტაფონში?

გაუზიარე
საქართველოს ჩემპიონატიდან მოხსნილ ზესტაფონთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ სკანდალურ ამბებში ერთი-ორჯერ ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის სახელმაც გაიჟღერა... ზესტაფონის მესვეურებმა თქვეს, როცა გორის დილას წარმომადგენლებმა თამაშამდე ჩვენს ფეხბურთელებთან არასპორტული გზით სცადეს დაკონტაქტება, უფრო კონკრეტულად კი, თითქოს ერთ-ერთ ფეხბურთელს მატჩის წაგებაში გარკვეულ თანხას სთავაზობდნენ, საქმის კურსში მაშინვე ჩავაყენეთ რევაზ არველაძე და დილასთან თამაშის გადადება ვთხოვეთო... 

ფედერაციის გენმდივანს სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მივმართეთ. რევაზ არველაძეს ამ ბოლო დროს ზესტაფონელებთან ტელეფონით რამდენჯერმე მართლაც უსაუბრია, ოღონდ... 

დიახ, ვადასტურებ, რომ ზესტაფონისა და დილას მატჩამდე ერთი კვირა და იქნებ უფრო მეტიც, ზესტაფონის დირექტორთან და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ლამის ყოველდღიური სატელეფონო საუბრები მქონდა. მათ იქით ვურეკავდი და ზესტაფონის დახმარებას ვცდილობდი. კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ვესაუბრებოდი და არა პირიქით, როგორც ამას ამბობენ. როცა მავანი ჩემს სახელს ახსენებს და თან იტყუება, როცა ჩემი სახელის დისკრედიტაციას ცდილობს, კეთილი ინებოს და ბოდიში მოიხადოს. 

ზესტაფონელები ამბობენ, გორელები ჩვენს ფეხბურთელებზე არასპორტული გზებით გასვლას რომ ცდილობდნენ, ეს რევაზ არველაძემ იცოდა, მაგრამ დილასთან თამაში მაინც არ გადაგვიდესო... 

იცით რა?! ზესტაფონის დირექტორ მიხეილ ხუციშვილს გორის დილასთან მატჩამდე რამდენჯერმე ვესაუბრე. მან მითხრა, დილასთან უფულობის გამო შეიძლება ვერ ვითამაშოთო. ამიტომაც, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან რამდენიმე საუბარი მქონდა და ვცდილობდი, გუნდს ამ პრობლემის მოგვარებაში დავხმარებოდი. ხუციშვილს ერთხელაც არ უხსენებია, დილა "ზესტაფონელებზე გასვლას" თუ აპირებდა. ხუციშვილმა მითხრა, იქნებ ილია კოკაიას გადაურეკოო. დავურეკე კოკაიას და მანაც იგივე მითხრა, ოღონდ დაამატა, უფულო გუნდის ფეხბურთელებს ვინმემ ფული რომ შესთავაზოს, რა გასაკვირი იქნებაო. შემდეგ მითხრა, იქნებ ფედერაციის პრეზიდენტს დამაკავშიროო. ვუთხარი ზვიად სიჭინავას, ასეთი ამბავია და კოკაიას შენთან საუბარი სურს-მეთქი. პრეზიდენტმა მიპასუხა, რა პრობლემაა, დამირეკოსო. გადავეცი კოკაიას პრეზიდენტის სიტყვები და ეგ იყო და ეგ... მერე ზესტაფონი დილასთან სათამაშოდ არ გავიდა. შემდეგ სადისციპლინო კომიტეტის სხდომა იყო, სადაც ზესტაფონელებს ჰკითხეს, სათამაშოდ რატომ არ გახვედითო, მათ კი უპასუხეს, ფული არ გვქონდაო. არც დილასთან თამაშამდე, არც სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე ზესტაფონელებს არ უთქვამთ, არ უხსენებიათ, რომ დილა მათ ფეხბურთელებზე არასპორტული გზით გასვლას ცდილობდა. 

მაშ როდის თქვეს, რომ გორელები ზესტაფონის ფეხბურთელებზე გასვლას ცდილობდნენ? 

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ. ზესტაფონელები, ეტყობა, არ ელოდნენ, სადისციპლინო კომიტეტი ასეთ გადაწყვეტილებას თუ მიიღებდა. როცა ზესტაფონი მოიხსნა გათამაშებიდან, რამენაირად თავი ხომ უნდა ემართლებინათ და ასეთი ვერსია თქვეს. 

ზესტაფონი სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. რას ელით? 

გააპროტესტებენ და სააპელაციო კომიტეტი იმსჯელებს ამ საკითხზე. სადისციპლინო და სააპელაციო კომიტეტები ფედერაციიდან აბსოლუტურად დამოუკიდებელნი არიან და სადისციპლინო კოდექსის შესამაბისად მოქმედებენ. არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელეციო კომიტეტი, თუმცა კი ვფიქრობ, რომ ზესტაფონის ხელმძღვანელობას ამ ფორმით გუნდი აღარ სჭირდება. ზესტაფონელებს სურთ, გუნდის დაფინანსება ადგილობრივმა ხელისუფლებამაც იკისროს, თუმცკი გარკვეული იურიდიული პრობლემების გამო, სჩანს, ეს ვერ ხერხდება. 

ზესტაფონელებმა დილასთან დაკავშირებული ამბების თაობაზე საქმეში პროკურატურა ჩართეს... 

ძალიანაც კარგი, მხოლოდ მივესალმებით ამ საქმეში პროკურატურის ჩართვას. ამ უწყებასთან აქტიური თანამშრომლობისთვისაც მზად ვართ. 

თქვენი აზრით, რატომ ახსენეს ზესტაფონელებმა თქვენი სახელი ამ საქმესთან დაკავშირებით? 

არც კი ვიცი, რა ვიფიქრო. ალბათ, ფედერაციის პრეზიდენტის მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით ცდილობენ ჩემთვის ხელის შეშლას, მაგრამ, ვარწმუნებ, არაფერი გამოუვათ. 

კობა ინასარიძე