სიახლეები

ალავიძის სასწაულები

გაუზიარე
დინამო ბთ-გურია 2:1

25 აპრილი. „ჩელე არენა“. უმაყურებლოდ

დინამო: ალავიძე, ტეტუნაშვილი, სუხიაშვილი, მახარაძე, მგელაძე, შონია, თევდორაძე, დიასამიძე (მაკარიანი 90), ქავთარაძე (ვარშანიძე 46), აბუსელიძე (გოგიტიძე 64), ბერიაშვილი 

სათადარიგოები: მამინაშვილი, ქორიძე, ტატანაშვილი, მუჯირი

მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

გურია: გოგუაძე, ჭეიშვილი, კილაძე, გოგიაშვილი, მჭედლიშვილი, ზაზულია, კოშკაძე (მათიაშვილი 90), მოსიაშვილი (ინგოროყვა 90), შალამბერიძე, ბენაშვილი, წილოსანი (ისიანი 46) 

სათადარიგოები: იმერლიშვილი, კონოვალოვი, შეველი, ღაღანიძე

მწვრთნელი: გიგლა იმნაძე

გოლები: 1:0 ბერიაშვილი (15), 2:0 ბერიაშვილი (36), გოგიაშვილი (80)

გაფრთხილება: კილაძე (27),  შონია (42), ჭეიშვილი (60), თევდორაძე (67), ვარშანიძე (89) 

მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი

ეროვნული ჩემპიონატის ბოლო სამ ტურში არასტაბილურად მოასპარეზე ბათუმის დინამომ ჩელე არენაზე უმოტივაციო ლანჩხუთის გურია მიიღო. სტუმართა გუნდში ერთდერთი სიახლე ის არის რომ, მათ ძველი-ახალი მწვრთნელი გიგლა იმნაძე ჰყავთ, რომელმაც ამ პოსტზე თემურ ლორია ჩაანაცვლა. გამარჯვების შემთხვევაში ბათუმელები სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე აინაცვლებდნენ და სწორედ ამიტომ ეს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ. 
ცნობილი მოვლენების გამო ბათუმელთა ქომაგი სეზონის დარჩენილ საშინაო მატჩებზე დასწრებას ვეღარ შეძლებს, ისინი ამ შეხვედრასაც სტადიონის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული შენობების სახურავებიდან ადევნებდნენ თვალს. ზღვისპირელებმა სახიფათო მომენტი პირველივე წუთზე შექმნეს, დიასამიძის მარცხენა ფლანგიდან  გაკეთებულ გამჭოლ გადაცემას ბერიაშვილმა შეუცვალა მიმართულება, ბურთი გოგუაძის კარს მცირე მანძლით აცდა.  სახიფათო იყო გურულების საპასუხო იერიშიც, სტუმართა რიგებში ყველაზე აქტიური შალამბერიძე მახვილი კუთხიდან ურტყამდა, ალავიძე ბურთის მოსაგერიებლად მზად აღმოჩნდა, დამატებაზე კი მცველებმა იყოჩაღეს. 
ტაიმის პირველ ნახევარში ლანჩხუთელები უფრო მასიურად გადადიოდნენ შეტევაში, მასპინძლები კი სწრაფი და გრძელი გადაცემებით გადიოდნენ ფონს. მე-15 წუთზე ცენტრში ბურთი თევდორაძემ ჩაჭრა, ბერიაშვილმა კი გაგრძელება ქავთარაძეზე მოძებნა და თვითონ მეტოქის საჯარიმოში კარგად გაიხსნა, ქავთარაძის გამოზომილი გადაცემის შემდეგ ბათუმელთა ფორვარდმა ერთი მცველი ჩამაოიშორა და ანგარიში გახსნა. გოლი თითქოს ლოგიკას მოკლებული იყო და სტუმრებმა ჩვეული შეტევები გააგრძელეს, გურულთა კაპიტანს  კოშკაძეს ჰქონდა ხელსაყრელი მომენტი, მაგრამ  დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა. ლევან ხომერიკის შეგირდები კი არჩეულ ტაქტიკას არ ღალატობდნენ, ძირითადად სწრაფი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და ამ ტაქტიკამ გაამართლა კიდეც. 
ტაიმის  ბოლოსკენ სტუმართა გოლიკიპერმა ბურთი თამაშში უხეიროდ შეიყვანა, რეზულტატიანი შეტევა შონიამ წამოიწყო, იქვე ბერიაშვილთან გაითამაშა და ბურთი მარჯვენა ფლანგზე წაიღო, შემდეგ ისევ დინამოს შემტევს დაუბრუნა დინამოელთა მე-11 ნომერმა საჯარიმოს გარედან დაბალი ტრაექტორიით გაისროლა და გურულთა კარის მარცხენა კუთხეში მოათავსა. 36-ე წუთზე გიორგი ბერიაშვილმა დუბლი გაიფორმა და თითქოს შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა. ამ დაპირისპირებაში ინტრიგის დაბრუნება კობა შალამბერიძეს შეეძლო, გურიას გარემარბი ჭეიშვილის ჩამოწოდებულს თავური დარტყმით აგვირგვინებდა, მაგრამ სუსტად დაარტყა და გუნდები შესვენებაზე ორბურთიანი სხვაობით გავიდნენ. 
პირველი ტაიმი გურულთა მხრიდან უხეშობით გამოირჩა, დინამოელთა ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ქავთარაძე კილაძესთან ორთაბრძოლაში დაშავდა, პირველი ტაიმი კოჭლობით ჩაამთავრა, მეორეში კი მოედანზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. როგორც შემდეგ გაირკვა, ქავთარაძეს წვივის დაზიანება აქვს და უცნობია შეძლებს თუ არა მომდევნო მატჩში თამაშს. ქავთარაძე რომ გუნდისთვის დიდი ძალაა და მის გარეშე ბათუმის დინამო რადიკალურად სხვა გუნდია, ეს ამ მატჩის მეორე ტაიმშიც გამოჩნდა. ტაიმი ლანჩხუთის გურიას დომინერებით დაიწყო, იგივე შალამბერიძემ საწყის წუთებში ასპროცენტიანი საგოლე მომენტი გაანივა, თუმცა არ უნდა დავუკარგოთ გარჯა ამ ეპიზოდში ბათუმელთა კიპერს - მიხეილ ალავიძეს, რომელმაც მასთან ერთი ერთზე გასულ შალამბერიძეს მაღალ კუთხეში დარტყმული ბურთი აუღო. საერთოდ, რომ არა მიხეილ ალავიძე, არავინ იცის, როგორ დასრულდებოდა ეს მატჩი. დინამოს კარის დარაჯი უდავოდ შეხვედრის გმირია და დიდწილად მისი დამსახურებაა, რომ ბათუმელებმა საჩემპიონო შანსები შეინარჩუნეს. ლანჩხუთელთა სასახელოდ კი უნდა ითქვას, რომ მათ ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ ალავიძე შეუვალი იყო, ზედიზედ ორჯერ მან ფაქტიურად მკვდარი ბურთი აიღო, ჯერ შეცვლაზე შემოსული ისიანის თავური მოიგერია კუთხურზე, მალევე კი მოსიაშვილის შორეული გასროლის შემდეგ მოახერა დროულად გადაწყობა. 
ლანჩხუთელებმა ერთი გოლის გატანა მაინც შეძლეს - შალამბერიძემ სტანდარტული მოაწოდა, იმავე მოსიაშვილის თავური ალავიძემ გრძელ ნახტომში ისევ აიღო, მაგრამ დამატებაზე ბათუმელ მცელებს ასევე სტუმართა მცველმა გოგიაშვილმა დაასწრო და სხვაობა შეამცირა. ამ ეპიზოდამდე გურულებს მატჩის არბიტრმა ირაკლი კვირიკაშვილმა ერთი გოლი არ ჩაუთვალა, რადგან მეკარეზე თავდსხმა დაფიქსირდა, ალავიძემ დაზიანება როგორც არჩათვლილი, ასევე ჩათვლილი გოლის მომენტშიც მიიღო. თუმცა ნამდვილი სასწაული დინამოს კარის დარაჯმა მატჩის ბოლოს ჩაიდინა, ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ბენაშვილი ბურთს კარში თავით გზავნიდა და ის იყო გოლის აღსანიშნად უნდა გაქცეულიყო, რომ ალავიძე ნახტომში გაიწელა და საკუთარი კარი უკვე მერმადენედ იხსნა. დარჩენილ წუთებში გოლის გატანა ბათუმელთა რიგებში შეცვლაზე შემოსულ ვარშანიძეს შეეძლო, დიასამიძის გადაცემის შემდეგ მან ფაქტიურად ცარიელ კარში ვერ გაიტანა. საბოლოო ჯამში დინამომ გაუძლო, აქტივში სამი ქულა ჩაიწერა და საჩემპიონო რბოლას ნაადრევად არ გამოეთიშა. 

ბესი ჩიბურდანიძე ქობულეთიდან