სიახლეები

ჩიხურამ ტორპედო შვიდზე შეაჩერა

გაუზიარე
24 აპრილი. ქუთაისი. „ცენტრალური“. 500 მაყურებელი

ტორპედო-ჩიხურა  1:2  

0:1 ოდიკაძე (52), 1:1 ადამაძე (67), 1:2 სარდალიშვილი (90)

ტორპედო: შევჩენკო, ადამაძე, მირცხულავა, კლიმიაშვილი, ვ. კვარაცხელია (მამასახლისი 81), კირკიტაძე, ქიმაძე, კანკია, ფუხაევი (კვერნაძე 54), ზ. ჭელიძე (ბაბუნაშვილი 66), ბ. ტუღუში 

სათადარიგოები: შეყრილაძე, ადამაშვილი, მახვილაძე, გოგუაძე

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

ჩიხურა: ზარქუა, თ. ღონღაძე (ა. ივანიშვილი 85), ბაჯელიძე, ლ. ჭელიძე, კუჭუხიძე, დეკანოიძე, კორიფაძე, ტროიანოვსკი (სარდალიშვილი 70), ლ. ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, ოდიკაძე (კაკაშვილი 61)

სათადარიგოები:  ქვილითაია, მანჯგალაძე, მუმლაძე, იაკობაშვილი 

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

მსაჯი: ლაშა სილაგავა

გაფრთხილება: ჩიკვაიძე (25), ტროიანოვსკი (36), ბაჯელიძე (67), სარდალიშვილი (90), ადამაძე (90)

იმერული კლუბების დაპირისპირებას ბევრი ინტერესით ელოდა. ჩიხურას ტრადიციულად უჭირდა ტორპედოსთან თამაში და ქუთაისელ ქომაგთ დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ამ შეხვედრაში გამარჯვება მათ გუნდს დარჩებოდა, თუმცა მოლოდინმა არ გაამართლა და მოგებული სტუმარი დარჩა, საჩხერელებმა წერტილი დაუსვეს ჩემპიონატში მეტოქის შვიდმატჩიან წაუგებელ სერიას.
დებიუტში მეტოქეები მოსაწყენად ბურთაობდნენ, ხშირად კარგავდნენ ბურთს და  შეტევებზეც არ ფიქრობდნენ. უღიმღამო თამაში გიორგი ქიმაძემ გამოაცოცხლა, როცა მე-15 წუთზე მარცხნიდან შეუტია ყოფილ თანაგუნდელებს და სახიფათო მომენტიც შექმნა, ეგ იყო ბოლო წამს მცველებმა იყოჩაღეს და ტორპედოელები კუთხურსღა გამორჩნენ. ვალში არც საჩხერელები დარჩენილან, ისინიც გადავიდნენ იერიშზე. თემურ ღონღაძის სახიფათოდ დარტყმულს წინ აღუდგა ალექსეი შევჩენკო, უკრაინელი მეკარე, რომელიც თავის პირველ მატჩს ატარებდა ტორპედოს შემადგენლობაში. შევჩენკოს მალევე კვლავ მოუხდა თამაშში ჩაბმა, როდესაც  დეკანოიძეს მიეცა გატანის შანსი, ბესომ საჯარიმოს წინ კარგად  დაამუშავა ბურთი  და ზუსტად გაგზავნა კარისკენ, მაგრამ არცთუ ძლიერად და კიპერი იოლად დაეუფლა ბურთს.
ტორპედოელებმა კი ერთი სახიფათო მომენტიც მეტოქის კართან  შესვენებამდე ხუთი წუთით ადრე შექმნეს. დავით კირკიტაძის ფლანგურ ჩაწოდებას საჯარიმოში  ზაზა ჭელიძე გამოეხმაურა, საკმაოდ ახლო მანძილიდან  მაღალ ნახტომში თავური შეაგება ბურთს, მაგრამ ხარიხას გადააცილა.
მეორე ტაიმი მასპინძლებმა უფრო აქტიურად დაიწყეს. ბექა ტუღუშმა ხელსაყრელი პოზიციიდან   ზედიზედ ორჯერ  მიზანს ვერ უწია. ამას კი საჩხერელთა სწრაფი და შედეგიანი კონტრშეტევა მოჰყვა. ლაშა ჭელიძემ საკუთარი ნახევრიდან გრძელი გადაცემა გაუკეთა მარცხენა ფლანგზე  ლაშა ჩიკვაიძეს, რომელმაც მიღებისთანავე კარის გასწვრივ გაჭრა, ლაშა კუჭუხიძემ შუაგულ საჯარიმოში მახვილგონივრულად გაატარა ბურთი, რომელიც  დავით ოდიკაძეს მიუვიდა - სტუმართა კაპიტანმაც  დინჯად შეარხია ტორპედოს კარის ბადე. 
ქუთაისური გუნდი მდევრის როლში აღმოჩნდა და თამაშმაც ჩიხურაც ნახევარზე გადაინაცვლა. გათანაბრების შანსი მასპინძლებს 63-ე წუთზე ჰქონდათ, ჭელიძე აღმოჩნდა დასარტყმელ პოზიციაზე, თუმცა კარისკენ სუსტად გაგზავნა. ანგარიში მაინც მალე გაყაიმდა. 67-ე  წუთზე რომეო კანკიამ ჩააწოდა საჩხერელთა  საჯარიმოში, თორნიკე ზარქუა დაუდევრად გამოვიდა კარიდან, ბურთს მოსაგერიებლად ვერ მიწვდა, დავარდნილ ბურთს კი დაუცველ კარში ახლოდან ზუსტად გურამ ადამაძემ უთავაზა - 1:1.
მე-80 წუთზე მასპინძლები კახაბერ კაკაშვილის დარტყმულს გადაურჩნენ. მალევე ტორპედოელებმა შოთა ბაბუნაშვილის წაქცევისათვის მეტოქის საჯარიმოს წინა ხაზთან ახლო სტანდარტულის უფლება მოიპოვეს. კირკიტაძემ ძლიერად დაარტყა, მაგრამ ბურთი  ხარიხას გადაავლო. ქუთაისელები დიდი ძალებით უტევდნენ და 86-ე  წუთზე ოთარ კვერნაძეს მართებდა ტორპედოს დაწინაურება, მაგრამ ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა. მასპინძლებზე იღბლიანები სტუმრები აღმოჩნდნენ. არბიტრის მიერ დამატებული დროის ბოლო, მე-3 წუთზე ფორტუნამ ჩიხურას  გაუღიმა. გიორგი კორიფაძემ ზუსტი გადაცემით მარცხენა ფრთაზე მიშიკო სარდალიშვილი მოძებნა, შეცვლაზე გამოსული ჩიხურელიც უნაკლოდ გაისარჯა და დაახლოებით  12 მეტრიდან, საკმაოდ მახვილი კუთხიდან ულამაზესი გოლი გაუტანა შევჩენკოს, მოჭრილი ბურთი ბადეში ძელის გავლით აღმოჩნდა. 
თამაშის შემდეგ სტუმართა დამრიგებელი სოსო ფრუიძე კმაყოფილებას ვერ მალავდა. მწვრთნელმა შეგირდებს გარჯა შეუქო და წარმატების მთავარ ფაქტორად ხანგრძლივი დროის შემდეგ ტრავმებმოშუშებული ოდიკაძისა და ღონღაძის დაბრუნება დაასახელა. ფრუიძის თქმით, ამ ორმა გამოცდილმა ფეხბურთელმა მეტი კრეატულობა შესძინა ჩიხურას თამაშს. 
ამ გამარჯვებით საჩხერელებმა მართლაც რომ კარგი განწყობა შეიქმნეს 28 აპრილს  სამტრედიასთან გასამართი თასის ნახევარფინალის საპასუხო, გასვლითი მატჩის წინ. შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს ჩიხურამ საშინაო შეხვედრა 0:1 დათმო.

იუზა კაციტაძე ქუთაისიდან
ავტორის ფოტო