სიახლეები

ვიტ ჯორჯიამ ექვსქულიანი მოიგო

გაუზიარე
24 აპრილი. მცხეთა. "მცხეთა პარკი". 200 მაყურებელი

ვიტ ჯორჯია-სიონი 2:0

1:0 ლობჟანიძე (30), 2:0 კახაბრიშვილი (45)

ვიტ ჯორჯია: შეროზია (ისერგიშვილი 20), თათხაშვილი (კახაბრიშვილი 19), გეთიაშვილი, კალანდია, დანელია, მაისურაძე, გახარია, დემეტრაშვილი (ბუნტური 86), საბაძე, ე. ლობჯანიძე, დავლაშელიძე

სათადარიგოები: მერაბიშვილი, ლებანიძე, ხვისტანი, დადიანი

მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი

სიონი: მერლანი, ფოფხაძე (ჭანკოტაძე 46), მოსემღვდლიშვილი, სვანიძე, გიორბელიძე, საჯაია (გაფრინდაშვილი 46), გოგობერიშვილი,
ცნობილაძე, სიჭინავა, ზ. ლობჟანიძე (უგულავა 46), ლუის ალბერტო

სათადარიგოები: ბათიაშვილი, ჭიკაიძე, ოთარაშვილი, არაუჟო

მწვრთნელი: ლადო ბურდული

გაფრთხილება: სვანიძე (13), გახარია (60)

მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი

ვიტ ჯორჯიაც და სიონიც მიმდინარე სეზონში უძლერესთა შორის დასარჩენად იბრძვიან და აქედან გამომდინარე, ეს თამაში არა სამი, არამედ ექვსი ქულისთვის იყო. მატჩის მიმდინარეობისას ბოლნისელებს გარკვეული პრეტენზიები ჰქონდათ მსაჯობასთან დაკავშირებით და სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ სტუმართა კარში გატანილი პირველი გოლი თამაშგარე მდგომარეობას ჰგავდა და ასევე საკამათოა ლუის ალბერტოს გოლის გაუქმება ოფსაიდის გამო, მაგრამ მთლიანობაში ვიტ ჯორჯიამ აშკარად უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.
მასპინძლებს უკვე მე-13 წუთზე შეეძლოთ დაწინაურება, როდესაც გეთიაშვილის წინააღმდეგ წესები დაარღვია სვანიძემ და შეხვედრის არბიტრმა დავიტ ხარიტონაშვილმა პენალტი დანიშნა. სტუმრები მირზა მერლანმა იხსნა, რომელმაც ჯერ გახარიას აუღო დაბალ კუთხეში დარტყმული, დამატებაზე კი უკვე თათხაშვილს არ გაატანინა. ამ ეპიზოდში ვიტ ჯორჯიას ერთ-ერთმა ლიდერმა, მარჯვენა მცველმა ლუკა თათხაშვილმა ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. ამის გამო თენგიზ კობიაშვილს გარკვეული გადაადგილებების განხორციელებამ მოუწია. მარჯვენა მცველის პოზიციაზე საბაძე დაწია, მოედანზე შესული კახაბრიშვილი კი შეტევაში გამწესდა. ცოტა ხანში სიონს ორჯერ შეეძლო გატანა. ჯერ ლუის ალბერტოს ახლო მანძილიდან თავით დარტყმული შეროზიამ აკრობატულ ნახტომში კუთხურზე მოიგერია, შემდეგ კი მოსემღვდლიშვილის თავურის შემდეგ მასპინძლები ძელმა იხსნა. ამ ეპიზოდში ვიტ ჯორჯიას მეკარე ჯონი შეროზიამ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერც მან შეძლო. კობიაშვილს უკვე მეოცე წუთისთვის ორი იძულებით ცვლილების განხორციეელება მოუწია. თამაშში ჩართულმა ლევან ისერგიშვილმა დაკისრებულ მოვალეობას თავი მშვენივრად გაართვა და კარი მშრალად შეინახა.
მაისურაძის საჯარიმოში ჩაწოდებულის შემდეგ კი ძელმა უკვე სტუმრები იხსნა. თუმცა ვიტ ჯორჯია ცოტა ხანში უკვე ლობჯანიძემ დააწინაურა, როდესაც მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა დაბალ კუთხეში გაიტანა. ისიც სათქმელია, რომ ვიტ ჯორჯიას ფორვარდმა ელგუჯა ლობჯანიძემ ეს თამაში საკმაოდ კარგ დონეზე ჩაატარა და გატანილი გოლის გარდა საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა და ბოლნისელთა მცველები მუდამ დაძაბულობაში ჰყავდა.
ტაიმის მიწურულს კი მართლაც მშვენიერი გოლი ვიხილეთ. საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კახაბრიშვილმა მარჯვენა ფეხით იდეალურად დაიმორჩილა და მარცხენა ფეხით ცხრიანში აუღებელი დაურტყა მირზა მერლანს.
ბოლნისელთა დამრიგებელი ლადო ბურდული, ბუნებრივია, ვერანაირად ვერ იქნებოდა თავის გუნდის თამაშით კმაყოფილი და შესვენებაზე სამივე ცვლილება გამოიყენა. თუმცა თამაშში ჩართულმა ფეხბურთელებმა მატჩის მიმდინარეობა ვერანაირად ვერ შეცვალეს. სიონი ყველანაირად ცდილობდა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობის მოპოვებას და ეს გარკვეულწილად შეძლო, მაგრამ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. მასპინძლებმა კი სავსებით გამართლებულად დაიხიეს უკან და თამაში კონტრშეტევებზე გადააწყვეს. როგორც აღვნიშნეთ, ერთ ეპიზოდში ლუის ალბერტომ თავით ერთი გოლის გატანა შეძლო, მაგრამ საკამათო თამაშგარის გამო გოლი არ ჩაითვალა, მთლიანობაში კი სტუმართა მხრიდან იგი აშკარად გამორჩეული იყო. ახალგაზრდა შემტევს აშკარად ეტყობა ტაქტიკური განსწავლულობა და ყოველთვის ცდილობს სწორი პოზიციის შერჩევას, ამასთანავე, ბურთთანაც `შენობითაა~.
საბოლოოდ, ვიტ ჯორჯიამ დამსახურებულად მოიგი და ახლა ამ გუნდის უძლიერესთა შორის დარჩენა სავსებით რეალურად მოსჩანს. მომდევნო ტურში ვიტ ჯორჯიას ზესტაფონთან უწევდა თამაში და იმერელთა ჩემპიონატიდან მოხსნის გამო მორიგ სამ ქულასაც შეჰმატებს საკუთარ აქტივს. სიონი კი ცხინვალს დაუხვდება და საკმაოდ საინტერესო შეხვედრის მომსწრენი უნდა გავხდეთ.

პაატა ძნელაძე