სიახლეები

ფოთელებმა უმაღლესში დარჩენა გაინაღდეს

გაუზიარე
კოლხეთი-მეტალურგი 3:0

24 აპრილი. ლანჩხუთი. ,,ევგრაფი შევარდნაძე”. 200 მაყურებელი.

1:0 გურეშიძე (28), 2:0 გოგონაია (61), 3:0 გიგაური (63)

კოლხეთი: სეფიაშვილი, გ. კილასონია (ბარამიძე 72), ზ. თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა, ლ. შენგელია (ამბროლაძე 59), გოგონაია, ჟიშკარიანი, გიგაური, შ. ჯიქია (ქორჩილავა 30), გურეშიძე

სათადარიგოები: ძაგანია, ჩადუნელი, სარსანია, კაკულია

მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი

მეტალურგი: ბედიაშვილი, ნარიმანიძე, ნოზაძე, ზვიადაძე, მინდორაშვილი, რ. ბარამიძე (ჯოხაძე 66), მიქაუტაძე, ჩიკვაიძე, ბროლაძე (ციცქიშვილი 46), გუჯაბიძე (სარიშვილი 66), ბარაბაძე

სათადარიგოები: ნადირაძე, კ. ხიზანეიშვილი, პაქსაშვილი, ბიწკინაშვილი

მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

გაფრთხილება: მიქაუტაძე (70)

მსაჯი: ლევან კვარაცხელია

სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, ლანჩხუთში გამართულ შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მართალია, ფოთის კოლხეთი ფაქტობრივად დაშორდა სახიფათო ზონას, მაგრამ მეტი სიმშვიდისთვის უშუალო მეტოქესთან მოგება სჭირდებოდა. კოლხები გამარჯვების შემთხვევაში პრაქტიკულად ინაღდებდნენ უმაღლეს ლიგაში დარჩენას. რაც შეეხება რუსთაველებს, მათი გასაჭირი ყველას კარგად მოეხსენება. ზედიზედ ხუთი წაგების შემდეგ ქვემოქართლელები გავარდნის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.
შეხვედრას ცუდი ამინდი დაემთხვა. გაზაფხულისთვის უჩვეულოდ ციოდა. გადაუღებელი წვიმების შემდეგ მინდორი დამძიმებულიყო და ფეხბურთელებს მოძრაობა უჭირდათ.ამის გამო, თამაში ნელ ტემპში დაიწყო, ბურთი უმეტესწილად მოედნის ცენტრში ტრიალებდა. ტაიმის ნახევარი ისე მიილია, არც ერთ კართან სახიფათო მომენტი არ შექმნილა.
თამაშის მონოტონური რეჟიმი გურეშიძემ დაარღვია. 28-ე წუთზე იგი ბურთს გვერდით ხაზთან დაეუფლა, მოედნის შუაგულისკენ გადაიწია და საჯარიმო ხაზს მიახლოვებულმა ძლიერად გაისროლა. სიმართლე ითქვას, ბედიაშვილს ბურთის მოგერიება მართებდა, მაგრამ რუსთაველთა გამოცდილ გოლკიპერს რეაგირება დაუგვიანდა და გუნდის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.
ნახევარი საათის მიწურულს ფოთელებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ. ტრავმირებული ჯიქიას შეცვლის გამო, თავდასხმაში გამწესებულმა ჟიშკარიანმა ბურთი ხელსაყრელ მდგომარეობაში მიიღო და გამიზნულად დაარტყა. ამჯერად ბედიაშვილი უშეცდომოდ გაისარჯა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
ამის შემდეგ სტუმრებიც გამოცოცხლდნენ და ზედიზედ ორი სახიფათო მომენტი შექმნეს. პირველად ინიციატივა ბარაბაძემ გამოიჩინა, რომელიც თავის მეურვეს დაუსხლტდა და საჯარიმოში შეჭრილმა ძლიერად დაარტყა. ბურთი ხარიხამ აისხლიტა, მაგრამ დამატებაზე რუსთაველებმა ვეღარ ივარგეს. მეორედ ბროლაძემ იაქტიურა, როცა ზვიადაძის შესრულებულ საჯარიმოს მიმართულება შეუცვალა, თუმცა მიზნის მიღწევამდე სულ ცოტა დააკლდა. ბურთმა კარის ძელს სანტიმეტრებში ჩაუქროლა.
ტაიმის ბოლო მონაკვეთი ისევ ზღვისპირელთა დომინირებით წარიმართა და გოგონაიას თავის გამოჩენის შანსი ზედიზედ ორჯერ მიეცა, თუმცა ფოთელთა კაპიტნის მცდელობაც უშედეგო გამოდგა. 
მატჩის მეორე ნახევარში ,,მასპინძელთა” უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. შეხვედრის განახლებისთანავე ანგარიშის გაზრდის კარგი შესაძლებლობა ჟიშკარიანს ჰქონდა, ვინც სისწრაფის ხარჯზე თავისი მეურვე ჩამოიტოვა და მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი კარის ძელს მოხვდა და მოედნის ფარგლები დატოვა. 
ფოთელთა მომდევნო მცდელობა შედეგიანი გამოდგა. გიგაურის მოწოდებულ კუთხურს გოგონაიამ სწორი პოზიცია შეურჩია და თავური დარტყმით ბედიაშვილს საკუთარი კარის გადარჩენის შანსი არ დაუტოვა.მალე კოლხებმა წარმატებას კიდევ ერთხელ მიაღწიეს. არადამაჯერებლად ითამაშა ბედიაშვილმა, რომელმაც გურეშიძის დარტყმის შემდეგ ბურთის ხელებში ვერ შეიმაგრა, ყველას გიგაურმა დაასწრო და რუსთაველთა კარის ბადე მესამედ შეარხია. 
ამის შემდეგ ღია თამაში გაჩაღდა და ორივე გუნდს გასატანი მომენტები შეექმნათ, თუმცა შეხვედრის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

ირაკლი ქავთარაძელანჩხუთიდან