სიახლეები

სირბილაძე, ვაწაძე, ჰუფნაგელი - გოლების იშტაზე

გაუზიარე

დანიის პირველ ლიგაში გოლების გატანას აგრძელებს მათე ვაწაძე, რომელმაც ამჯერად ვეილეს სტუმრად დუბლი "უსახსოვრა". ორჰუსმა 3:1 იმარჯვა, მათემ კი 37-ე და 77-ე წუთებზე შეაგდო. ქართველ ფორვარდს ლიგაში 16 გოლი მოუგროვდა და საუკეთესო ბომბარდირია - სამი ბურთით უსწრებს მდევარს. დიდი ალბათობით, ორჰუსი უმაღლეს ლიგაში დაბრუნდება, რადგან მეორე ადგილზეა და მესამეზე მყოფს 9 ქულით უსწრებს. უმაღლესში ორი გუნდი გადავა. 

ვაწაძემ შეუცვლელად ითამაშა ვეილესთან, დავით სხირტლაძე არ გამოჩენილა. კიდევ ერთი ორჰუსელი დავით დევდარიანი კი დაშავებულია და ამ სეზონში ვერ ითამაშებს. 

გერმანიის მესამე ლიგაში ლუკა ჰუფნაგელმა მიითვალა ორი გოლი. უნტერჰახინგმა სტუმრად შტუტგარტის დუბლებს 3:1 აჯობა და ლუკამ ჯერ ანგარიში გახსნა, მერე კი 2:0 გახადა. ჰუფნაგელმა 70 წუთი ითამაშა. უნტერხანიგისთვის ეს უმნიშვნელოვანესი მოგება იყო, ახლა ბოლოდან მეოთხე ადგილზე არიან, ლიგიდან კი სამნი ვარდებიან. 

ლუკა 21 წლისაა, "ბაიერნის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, ცენტრალური ნახევარმცველი გახლავთ და საქართველოს 17, ასევე 19-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია. 

ფინეთის თასის მეოთხედფინალში კუპს-მა 4:0 აჯობა კესკის და სამი გოლი ირაკლი სირბილაძემ გაიტანა. ირაკლის მე-20 წუთზე უკვე დუბლი ჰქონდა შესრულებული, მესამე ბურთი კი მეორე ტაიმის დასაწყისში შეაგდო. 32 წლის ფორვარდი ამ სეზონამდე ტურკუს ინტერში საკმაოდ შედეგიანი იყო და ახალ გუნდსაც კარგად მოერგო. 

უნგრეთში დიორმა 1:0 სძლია პუშკაშის აკადემიას და ცხრილის შუაში, მეცხრე საფეხურზეა. დიორელთა შორის გიორგი ქვილითაია ვერ ითამაშებდა, რადგან ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს. 

რუსეთში მოსკოვის სპარტაკმა 1:0 სძლია ყაზანის რუბინს, ქართველთაგან კი მხოლოდ სოლომონ კვირკველია გამოჩნდა - მან ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა. კვირკველიას თანაგუნდელი მამუკა კობახიძე სათადარიგო იყო, ისევე როგორც სპარტაკელი ჯანო ანანიძე. რუბინი მეხუთეზეა, სპარტაკი კი  ერთი საფეხურით ქვემოთ. 

უკრაინაში დნიპრომ ჯაბა კანკავას გარეშე მოუგო ილიჩივეცს - 1:0. დნიპროელთა მწვრთნელმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა, რადგან გუნდს ახლა სხვა ფრონტზე აქვს აქცენტი გადატანილი. ევროპის ლიგის ნახევარფინალშია გასული. უკრაინის ჩემპიონატში კი კანკავას გუნდი მესამე პოზიციაზეა. 

ლვოვის კარპატიმ შინ 4:1 აჯობა დონეცკის ოლიმპიკს და ბუბა დაუშვილმა ბოლო ნახევარი საათი ითამაშა. კარპატი ბოლოსწინა საფეხურზეა.

ქარათული გოლი გავიდა უკრაინის პირველ ლიგაში, კერძოდ, ლევან არველაძემ გაიტანა ნაფტოვიკის მაისურით. ნაფტოვიკმა სტუმრად 4:1 აჯობა ბუკოვინას. საინტერესოა, რომ 22 წლის არველაძე ამპლუით მცველია, მაგრამ წლეუილს ჩატარებულ 5 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.     

და ბოლოს, მშვენიერ გოლზე, რომელიც აშშ-ში გაიტანა ქართველმა ფეხბურთელმა. ნასლ ლიგაში (მლს-ის შემდეგ, ანუ რანგით მეორე) სან-ანტონიო სკორპიონსის მცველმა ზურაბ ცისკარიძემ 60 მეტრიდან დარტყმით შეაგდო მინესოტა იუნაიტედის კარში. ეს მატჩის მე-8 წუთზე მოხდა, შეხვედრა კი 2:2 დასრულდა. 

საჯარიმო დაინიშნა, სახიფათო თითქოს რა იყო, მაგრამ ცისკარიძემ პირდაპირ კარში გაგზავნა ბურთი. მეკარე წინ იყო გამოსული და ნახტომმა ვერ უშველა. 

ცისკარიძე 28 წლისაა და კარიერაში ბევრი კლუბი გამოუცვლია: სეტე (საფრანგეთი), მაიამი (აშშ), ვანკუვერი (კანადა), მონრეალ იმპაქტი (კანადა), ამკარი (რუსეთი), იონკოპინგი (შვედეთი), ბანგკოკ გლასი (ტაილანდი). ამ ზამთარს ცისკარიძე პოლონური ესტრაკლასას ორ გუნდში ისინჯებოდა, თუმცა იქ ვერ დარჩა. ცნობისთვის, ეს ფეხბურთელი აშშ-ის მოქალაქე გახლავთ. 

ილია ნანობაშვილი