სიახლეები

ლიპარტიას სოლო-გოლი ბოლო წუთზე

გაუზიარე

უკრაინულ პრემიერლიგაში ლუგანსკის ზორიამ გასვლაზე 2:1 მოუგო ჰოვერლას და მეოთხე პოზიცია გაიმყარა. გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა ლიპარტიამ გაიტანა, თანაც, რა მშვენივრად შეასრულა... საჯარიმოში ბრძოლაში მიიღო ბურთი, ჯერ ერთ მცველს გასცდა, მერე მეორეს, მესამე მოძრაობაზე დაიჭირა და დაბალი დარტყმით გაიტანა. 

წლეულს ლიპარტია მშვენივრად თამაშობს და გოლებსა თუ საგოლე პასებს მიეჩვია. სხვათა შორის, ჯაბა 68-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე. 

უკრაინაშივე, ვოლინმა სტუმრად 0:2 წააგო ვორსკლასთან და მერვეზეა. ვოლინში სანდრო  კობახიძემ 88 წუთი ითამაშა.  

კვიპროსის ზედა ექვსეულში სამი მატჩიდან სამივე ფრედ დასრულდა, აქედან ორი შეხვედრა კი ჩვენთვის იყო საინტერესო. ომონია-აეკ ლარნაკა 1:1 დასრულდა და მასპინძლები მარცხისგან უჩა ლობჟანიძემ იხსნა. მან 83-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში: კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთი, ომონიას ფეხბურთელმა თავით შორეული ძელისკენ გადაგზავნა ბურთი, სადაც ლობჟანიძემ ასევე თავით იმარჯვა და გაიტანა. ომონია მესამე ადგილზე. 

ირაკლი მაისურაძისა და გიორგი აბურჯანიას ანორთოსისი ლიდერ აპოელ-ს სამჯერ უგებდა და საბოლოოდ, 3:3. მაისურაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო აბურჯანია ბოლო წუთებზე შეცვალეს, როცა ანორთოსისი 3:2-ს იგებდა. აღსანიშნავია რომ, 89-ე წუთზე აპოელ-მა ანორთოსისის ფეხბურთელ დემეტრუს ავტოგოლით გაათანაბრა... ქართველთა გუნდი მეხუთე ადგილზეა, თუმცა მესამეზე მყოფ ომონიას მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.       

კვლავ წააგო პრაღის სლავიამ, სადაც ლევან ყენია თამაშობს. პრაღელები იაბლონეცთან გასვლაზე 1:2 დამარცხდნენ და ბოლოდან მესამე ადგილზე არიან, ლიგიდან კი ორი გუნდი ვარდება. ყენია ამჯერად სათადარიგოთა სკამზე გახლდათ და ბოლო ნახევარი საათი გაისარჯა. 

აზერბაიჯანში კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ბაქოს ინტერმა შინ 2:0 სძლია აზალ-ს და ფაქტობრივად, მეორე ადგილი გაინაღდა. საინტერესოა, რომ ალეკო ამისულაშვილმა და ლაშა სალუქვაძემ ტრავმები მოიშუშეს და შეუცვლელად ითამაშეს. როგორც გახსოვთ, ამისულაშვილი ნაკრებში გერმანიასთან 29 მარტის მატჩისას, პირველივე წუთზე დაშავდა. ასევე სასტარტოში იყო ბაჩანა ცხადაძე და 70-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო აზალ-ში ბოლო 8 წუთი გაისარჯა მცველი ლაშა კასრაძე. პირველ ტაიმში, როცა 0:0 იყო, ამისულაშვილმა ცარიელი კარიდან თავით გამოიტანა ბურთი.

გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა სიმურგმა სუმგაითში 0:1 წააგო, მეხუთე ადგილზეა და ევროტურნირებზე ვეღარ გავა. 
'მას შემდეგ რაც ყარაბაღთან თასზე გავვარდით, გუნდის ფსიქოლოგიურად მომზადება რთული იყო. სამწუხაროდ, ევროტურნირებზე ვერ გავედით. დღეს საგოლე შანსები კი გვქონდა, მაგრამ გოლის გარეშე დავრჩით" - თქვა ჩიხრაძემ. 

უნგრეთში ზურაბ არზიანისა და დავით დარციმელიას ნირედიჰაზამ ბუდაპეშტის მტკ-სთან 1:1 დაასრულა და მეთერთმეტე პოზიციაზეა. არზიანმა სრულად ითამაშა, ხოლო დარციმელია სათადარიგო იყო. 

პორტუგალიაში ავთო ებრალიძის ჟილ ვისენტემ მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო - სტუმრად 2:1 სძლია აკადემიკას და მართალია, კვლავაც ბოლოსწინა ადგილზეა, მაგრამ გადარჩენის შანსი გაეზარდა. ლიგიდან ორი კლუბი ვარდება. ებრალიძემ 90 წუთი ითამაშა და პენალტი გამოიმუშავა, რომლის წყალობითაც ჟილ ვისენტემ შეაგდო. 

თურქეთში ქასიმფაშამ გაიხსენა, რომ სამი ქულაც არსებობს. მათ გასვლაზე 3:1 აჯობეს რიზესფორს და მეთორმეტე ადგილზე გადავიდნენ. საწყენია, რომ ლაშა დვალი ამჯერადაც უთამაშებელი დარჩა - სათადარიგო იყო.   

აქვე, მოკლედ დავწერთ პარასკევის მატჩებზე. ბელგიაში გენკმა შინ 1:0 აჯობა მეხელენს და თორნიკე ოქრიაშვილი გამოჩნდა მინდორზე, ბოლო 10 წუთი ითამაშა. როგორც იცით, ოქრიაშვილს ტრავმა ჰქონდა. გენკის მეორე ქართველი ლუკა ზარანდია კი კვლავაც დაშავებულია და დაახლოებით ერთ კვირაში ინდივიდუალურ ვარჯიშს დაიწყებს. 

ჰოლანდიაში ვიტესის წაუგებელი სერია შეწყდა. ათი მოგებისა და ორი ფრის შემდეგ, მარცხის ჯერიც დადგა: დენ ჰააგთან 0:1. ვიტესს ევროპის ლიგაზე მოხვედრის შანსი აქვს, თუ ოთხგუნდიან ფლეი-ოფში პირველზე გავა. გურამ კაშიამ დენ ჰააგთან 90 წუთი ითამაშა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი 63-ეზე შეცვალეს. 

მოლდოვაში დაჩიამ სტუმრად 4:0 გაანადგურა ტირასპოლი და პირველ ადგილზეა. დაჩიაში ბოლო ნახევარი საათი ითამაშა დავით სირაძემ, ხოლო ჯაბა დვალი არ გამოჩენილა. სხვათა შორის, დაჩიას მწვრთნელად იგორ დობროვოლსკი დაბრუნდა, რომელმაც 2011 წელს ჩემპიონი გახადა გუნდი (მაშინ ლევან კორღალიძე და დავით გამეზარდაშვილი იყვნენ დაჩიაში), ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე კი ზესტაფონთან გავარდა. 

რუმინეთში კლუჟმა გასვლაზე 1:1 ითამაშა ბუქარესტის დინამოსთან. გიორგი ჭანტურია 70-ე წუთზე შევიდა მინდორზე. კლუჟი ბოლოსწინა ადგილზეა, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ფინანსური დარღვევების გამო 24 ქულა დააკლეს. 

ილია ნანობაშვილი