სიახლეები

არასწორი გათვლის მსხვერპლი, ანუ რა მიზანი აქვს კოკაიას?

გაუზიარე

ზესტაფონს ამ ბოლო დროს ცუდი ამბები შეემთხვა. ამ ცუდი ამბების კულმინაცია კლუბის ეროვნული ჩემპიონატიდან გამოთიშვა იყო. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დეკემბრის ბოლოს, ევროპაში მყოფმა კლუბის მეპატრონემ ილია კოკაიამ გუნდის შემდგომ დაფინანსებაზე უარი შემოთვალა. ეს ცნობა ფეხბურთელებისათვის, კლუბში დასაქმებული ხალხისთვის და გუნდის ქომაგებისთვის უსიამოვნო საახალწლო სიურპრიზი აღმოჩნდა. თუმცა, რადგან კოკაიას დაფინანსების შეწყვეტის მუქარა ადრეც არაერთხელ ჰქონდა გაჟღერებული, რჩებოდა იმედი, რომ გარკვეული ხმაურის შემდეგ, ყველაფერი ძველებურად დალაგდებოდა და როგორც ეს მეპატრონის მსგავსი განცხადებების შემდეგ ხდებოდა, ზესტაფონი ჩვეული რეჟიმით გააგრძელებდა თამაშს.

ამჯერად, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ზესტაფონი გორის დილასთან საშინაო თამაშზე არ გამოცხადდა. გამოუცხადებლობის მოტივად დასახელდა უსახსრობა. სადისციპლინო კომიტეტმა იხელმძღვანელა კოდექსის შესაბამისი მუხლით და გუნდი მოიხსნა გათამაშებიდან. მხოლოდ ამის შემდეგ ჩნდება ვერსია, თითქოს გუნდმა ვერ ითამაშა არა უსახსრობის, არამედ, ილია კოკაიას გადაწყვეტილების გამო. კლუბის მეპატრონის ეს გადაწყვეტილება კი, როგორც ამას თავად ამტკიცებს, ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ მატჩის წინ, გორის დილას სახელით მათი გუნდის ფეხბურთელებს დაუკავშირდა საფეხბურთო აგენტი მამუკა ჯუღელი და გარკვეული თანხის სანაცვლოდ მატჩის დათმობა შესთავაზა. როგორც ახლა თავად ირწმუნება, კოკაიამ გუნდი რეალურად სათამაშოდ არ გაიყვანა, კორუფციული გარიგების თავიდან ასაცილებლად, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ მიზეზად უსახსრობა დასახელდა. საინტერესოა, რომ "კორუფციული გარიგების თავიდან აცილების" ვერსია კლუბის წარმომადგენელ მიხეილ ხუციშვილს არც სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე გაუჟღერებია. ეს თემა ილია კოკაიამ უკვე სადისციპლინო კომიტეტის ვერდიქტის შემდეგ წამოწია, მას შემდეგ, რაც გუნდი მოხსნილი იქნა გათამაშებიდან. ანუ, ჩემპიონატიდან მოხსნამდე გაჟღერებული იყო ერთი ვერსია, მოხსნის შემდეგ კი - გაჩნდა მეორე.

ამის შემდეგ კოკაია აცხადებს, რომ მან რევაზ არველაძეს მატჩის წინ ტელეფონით აცნობა გორის დილას სახელით შეთავაზებული გარიგების თაობაზე. თავის მხრივ, რევაზ არველაძე ამბობს, რომ კონკრეტულად ამის შესახებ კოკაიასთან საუბარში არაფერი თქმულა, კლუბის მეპატრონის მიერ ეს თემა მხოლოდ ზოგადად, ვარაუდის დონეზე იქნა გაკვრით ნახსენები. ეს კი, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა მატჩის გადადების საბაბი. საფიქრებელია, რომ კოკაიას არველაძესთვის სავსებით კონკრეტულადაც რომ ეთქვა "კორუფციული შეთავაზების ამბავი", არა მგონია, მატჩის გადადების გადაწყვეტილება ლეგიტიმური ყოფილიყო - კლუბის ოფიციალური წერილობითი მომართვის გარეშე. 

ამ გადასახედიდან, ვფიქრობ საკმაოდ ნათლად ჩანს, რომ თუკი მსგავს კორუფციულ შეთავაზებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი (მამუკა ჯუღელი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას და კოკაიას აქეთ სდებს ბრალს ცილისწამებაში), მაშინ ილია კოკაიას ფაქტის გამოსაძიებლად, ოპერატიულად უნდა მიემართა პროკურატურისთვის. რაკი რევაზ არველაძე ფედერაციის გენერალური მდივანია და არა გენერალური პროკურორი, თუკი ბატონ კოკაიას მართლაც ჰქონდა რაიმე სახის ოპერატიული მონაცემები, ბუნებრივია, დაუყოვნებლივ მართებდა მიემართა სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის.

დღეისათვის კი მოვიღეთ დისკვალიფიცირებული ზესტაფონი, რომლის შექმნას კოკაიამ საკმაო ძალა და ფინანსები შეალია. მას აღარ სურს მარტოს კლუბის შენახვა, თანამეწილეობაზე კი ზესტაფონის საკრებულო უარზეა. საკითხავია, რა არის დღეს კოკაიას მიზანი? თუკი ეს თანადაფინანსებაა, მაშინ ცხადია, რომ მიზანი საერთოდ მიუღწევადია, კლუბის უმაღლეს ლიგაში დარჩენის გარეშე. როგორც ჩანს, კოკაიას გათვლამ უმტყუნა – გორის დილასთან გუნდის სათამაშოდ არგაყვანა იყო შეცდომა, რამაც, ყველაზე უფრო, ზესტაფონი და მისი ქომაგები დააზარალა. გვიან გაჟღერებული ვერსიებით კი ამ გადაწყვეტილების გადახედვის მიღწევა არარეალური ჩანს. 

არმაზ მეტრეველი