სიახლეები

ქალ ფეხბურთელთა ტურნირები აპრილიდან დაიწყება

გაუზიარე

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები წლევანდელ საფეხბურთო სეზონს აპრილიდან დაიწყებენ.

4-9 აპრილს, ეროვნული ნაკრები გუნდი ლიტვაში გაემგზავრება, სადაც 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის მატჩებს გამართავს. ქალ ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატი კანადაში გაიმართება და სულ 46 ქვეყნის ნაკრები იქნება წარმოდგენილი. საქართველო და კიდევ შვიდი ქვეყნის დაბალკოეფიციენტიანი გუნდები ფიფამ ცალკე დააჯგუფა, რითაც საშუალება და შანსი მოგვცა ვიბრძოლოთ ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად.

როგორც უკვე გითხარით, საქართველოს ნაკრები შესარჩევ მატჩებს ლიტვაში გამართავს და მისი მეტოქეები ლიტვის, ფარერებისა და მონტენეგროს გუნდები იქნებიან. ჩვენი ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე ორი ნაკრები გადის. ასე რომ, კანადაში მოსახვედრად ჩვენს გოგონებს სერიოზული შანსები აქვთ. მეორე ჯგუფში იასპარეზებენ - ალბანეთის, ლუქსემბურგის, მალტისა და ლატვიის ქალთა ნაკრებები.

ეროვნული ნაკრების შემდეგ, ივნისში, 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ესტონეთში გაემგზავრება, სადაც ოთხგუნდიან საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს. სექტემბერში კი, 19-წლამდე ნაკრები 2013/14 წწ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებს გამართავს მაკედონიაში (21 - 26 სექტემბერს). 19-წლამდელები მე-8 ჯგუფში იასპარეზებენ და ჩვენი გოგონების მეტოქეები მაკედონია, შოტლანდია და რუმინეთი იქნებიან. 

სფფ-ის პრესსამსახური