სიახლეები

A კატეგორიის ლიცენზირების კურსი ოფიციალურად დაიწყო

გაუზიარე

13 დეკემბერს, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ოფიციალურად გაიხსნა უეფას მწვრთნელთა განათლების A კატეგორიის ლიცენზირების კურსი. 25 B კატეგორიის მქონე მწვრთნელისგან შემდგარ ჯგუფს, სწავლების დაწყება უშუალოდ მიულოცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ზვიად სიჭინავამ.

როგორც ცოტა ხნის წინ ჩვენს ვებ-გვერდზე ვწერდით, სწავლების კურსი შვიდკვირიანი იქნება და ინტენსიურ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს. კურსს ხელმძღვანელობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების დირექტორი - გაიოზ დარსაძე. ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ჩვენი მწვრთნელების განათლებაზე იზრუნებენ უეფადან მოწვეული სპეციალისტები - ფრანკო ფერარი (იტალია), ხინეს მელენდესი (ესპანეთი) და პიტერ ვან დორტი (ჰოლანდია). უცხოელი სპეციალისტები თბილისში უკვე მომავალ კვირაში ჩამოვლენ და სწავლების პროცესში უშუალოდ ჩაერთვებიან.

როგორც კურსის ხელმძღვანელმა - გაიოზ დარსაძემ განაცხადა, ჩვენთვის ეს კურსები მნიშვნელოვანი ტესტი იქნება, ვინაიდან, უეფა მთელ პროცესებს დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს და უახლოეს მომავალში, თბილისში შემოწმებაზე ჩამოვლენ უეფას "ჯირა" კომისიის წევრები. A კატეგორიის კურსები კი, განიხილება როგორც PRO კატეგორიისთვის მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც, სავარაუდოდ, 2013 წლის გაზაფხულზევე შეიძლება გაიმართოს და ეს ჩვენი ფედერაციისა და ქვეყნისათვის ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. 

სფფ-ის პრეზიდენტმა მწვრთნელებს სწავლების დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ ფეხბურთის ფედერაცია ყველანაირად დაუჭერს მხარს ასეთ მნიშვნელოვან პროექტებს და იმას, რომ ყველაფერმა უმაღლეს დონეზე ჩაიაროს. "უპირველესად, მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ გარკვეული პაუზის შემდეგ, ჩვენ კვლავ ვატარებთ A კატეგორიის ლიცენზირების კურსს. უეფაში ინტენსიურად ვმუშაობდით იმ საკითხზე, რომ PRO კატეგორიის კურსის ჩატარების უფლება მოგვეპოვებინა და კმაყოფილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს თემა მოგვარებულია. როგორც უკვე იცით, ჩვენთან შესამოწმებლად ჩამოვა სპეციალური კომისია და იანვრიდან მთელ ამ პროცესებში უშუალოდ ჩაერთვება - შეისწავლიან ჩვენს ტექნიკურ ბაზას, კონსულტაციებს გამართავენ ადგილობრივ სპეციალისტებთან... ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენი ფეხბურთისთვის ეს კიდევ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. რაც მეტი კვალიფიციური, შესაბამისგანათლებამიღებული მწვრთნელი გვეყოლება, მით უფრო უკეთეს საფეხბურთო განათლებას მიიღებენ ჩვენი ბავშვები და ახალგაზრდები. ჩვენს კლუბებს კი, უფრო ძლიერი მწვრთნელები ეყოლებათ. პირადად მე, ძალიან მიხარია და წარმატებას ვუსურვებ ყველა მწვრთნელს"  - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

სფფ-ის პრესსამსახური